საკვირაო ქადაგება (15 იანვარი, 2006 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 იანვარი, 2006 წ.
„დაე, კეთილი ბედი ჰქონდეს საქართველოს და ყოველ თქვენგანს“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს; ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი
ყოფილიყოს მშვიდობის, სიხარულის, სიყვარულის, ერთსულოვნებისა და საქართველოს
გამთლიანების წელი. დღევანდელ დღესაც ხალხი ბედობის დღეს უწოდებს, უფლის შეწევნით,
დაე, კეთილი ბედი ჰქონდეს საქართველოს და ყოველ თქვენგანს.
რა არის ბედი; ვისზეა ეს დამოკიდებული?
რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთისაგანაა; ღმერთი არის სიყვარული; თითოეული ჩვენგანი
კი ღვთის სიყვარულის, ღვთის წყალობის შედეგია, მაგრამ, ამავე დროს, ბევრი რამ
დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე. იციან თქმა, რომ ამა თუ იმ პიროვნებას ბედი აქვს
ან ცუდი ბედი აქვსო, ეს არ არის სწორი; ვიმეორებ, ბედს ბევრად განსაზღვრავს თვითონ
ადამიანი. უფალი ხედავს არა მარტო იმას, თუ როგორ იქცევა იგი, არამედ ხედავს
იმასაც, როგორ მოიქცევა იგი მომავალში და როგორ დაამთავრებს თავის ცხოვრებას.
უფლისათვის წარსული და მომავალი – ყველაფერი აწმყოა. გახსოვთ, ბიბლიაში უფალი
წინასწარმეტყველს ეუბნება, – შენ ჯერ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როცა მე
გიცნობდიო. ე.ი. უფალი ისევე ხედავს მომავალს, როგორც აწმყოს. როცა ადამიანი
სიკეთეს აკეთებს, უნდა გვახსოვდეს, რომ სიკეთის მადლი ღვთისგან არის მონიჭებული, და
იგი ეფინება არა მარტო იმ ადამიანს, არამედ მის ოჯახს, მის შვილებს, შვილთაშვილებს;
ასევეა ბოროტებაც – როცა ადამიანი ბოროტებას აკეთებს, ეს ბოროტებაც ამქვეყნად არა
მარტო მასზე გადადის, არამედ მის შვილებზეც. და ასე იქმნება ადამიანის ბედი.
ხშირად ადამიანი წინაპრების გამო იტანჯება, წინაპრების ცოდვების გამო
შვილთაშვილი იტანჯება. ასე რომ, ბედი ამქვეყნად ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ
როგორი წინაპრები ჰყავდა ადამიანს. რა თქმა უნდა, უცოდველი არავინაა, მაგრამ უნდა
ვიცოდეთ, რომ დაცემის შემდეგ აუცილებლად უნდა ავდგეთ და თუ არ ავდგებით,
დავისჯებით.
შეიძლება ადამიანი იმიტომ არ დგება, რომ ძალა არ ჰყოფნის, მაგრამ ხშირ
შემთხვევაში იგი იმიტომ არ დგება, რომ ცოდვით ტკბება, ცოდვამ მოიცვა მთელი მისი
სულიერი და ფიზიკური სამყარო და მას ურჩევნია, დაცემული იყოს. ეს მძიმე და მეტად
საშიში მდგომარეობაა.
ღვთის განგებას ვერავინ გაექცევა; მახსოვს ერთი მოძღვარი, რომელიც საბჭოთა
კავშირის დროს დააპატიმრეს და ციმბირში გაგზავნეს. მას ჰყავდა ძალიან კარგი მეუღლე.
ისინი ხშირად მოდიოდნენ ჩვენს სახლში, ჩემს დედ-მამასთან, მაშინ პატარა ვიყავი,
თუმცა მათი თავგადასავალი კარგად დამამახსოვრდა. ამ მოძღვრის მეუღლე იმდენად
ერთგული აღმოჩნდა, რომ როცა ქმარი ციმბირში გაგზავნეს, თან გაჰყვა. მატარებელი ნელა
მოძრაობდა და სხვადასხვა ქალაქში ჩერდებოდა. ეს ქალბატონი მიდიოდა გზად შემხვედრ
სოფლებში, იქაურებს ზოგს ურეცხავდა, ზოგს ულაგებდა და მცირე სახარჯო ფულს შოულობდა;
შემდეგ კი თავისი მეუღლისათვის პურსა და ხანდახან არაყსაც ყიდულობდა, რადგან
ციმბირში ყინვა და სასტიკი სიცივე იცის.
მოძღვარმა 10 წელი გაატარა ციმბირში და ამ ხნის განმავლობაში მეუღლე მუდამ
გვერდში ედგა ქმარს. მათ არ ჰყავდათ შვილი, რასაც ძალიან განიცდიდნენ. როცა
დაბრუნდნენ სამშობლოში, პატიმრობიდან 19 წლის შემდეგ ღმერთმა მათ ვაჟი მისცა. ღვთის
განგებით, შემდეგში იგი დიაკვნად იქნა ნაკურთხი. ასე რომ, მართალია, მათ ბევრი
იტანჯეს, მაგრამ ტკბილი ბოლო ჰქონდათ, ისინი ხარობდნენ ერთად ყოფნით და იმით, რომ
ღმერთმა შვილი აჩუქა. ასეთი იყო მათი ბედი.
მინდა შევთხოვო უფალს, რომ საქართველოს მშვიდობიანი ბედი მისცეს. თქვენ იცით,
ეკლესიასტეს წიგნში წერია: „ჟამი არს მშვიდობისა და ჟამი არს ომისა, ჟამი არს
შენებისა და ჟამი არს ნგრევისა“; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობის, შენებისა და
ურთიერთგატანის ჟამი დადგეს საქართველოში, არ იყოს დაპირისპირება, არამედ სუფევდეს
ერთსულოვნება; ერთსულოვნება განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა ამდენი შინაგანი თუ
გარეშე მტერი ჰყავს ქვეყანას.
მინდა განსაკუთრებით მოვუწოდო ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათაც გამონახონ
ერთმანეთთან საერთო ენა. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზროვნება იყო და იქნება,
მაგრამ მიმაჩნია, რომ, ეს შეიძლება იმ დროს დავუშვათ, როცა არაფერი ემუქრება
სამშობლოს, მაგრამ როცა ქვეყანა ასე დაყოფილი და ხალხი ასე დაქსაქსულია, ჩვენ უნდა
ვთხოვოთ უფალს ერთსულოვნება და ურთიერთთანადგომა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მშვიდობის ბედი მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს,
ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №3(356),
2006 წ.