საკვირაო ქადაგება

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 9 ნოემბერი 2005 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად.“
მართლაც, რა სწრაფად იცვლება დრო და რა სწრაფად იცვლება თვითონ ადამიანიც.
გავიხსენოთ, თუნდაც ადამიანის შეხედულება ცოდვა-მადლზე. ცოდვა და მადლი მუდამ
არსებობდა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა. ცოდვა მუდამ ცოდვად მიაჩნდათ.
ახლა კი იმდენად შეიცვალა ადამიანი, რომ დღეს, XXI საუკუნეში ცოდვას ჩვეულებრივ
მოვლენად, ადამიანის თვისებად აღიქვამენ.
ადამიანი – ურთულესი ქმნილებაა უფლისა. და რაც არ უნდა ვეცადოთ, ბოლომდე
ვერასდროს მივწვდებით მის არსს, მის შესაძლებლობას, ან სადამდე დაეცემა იგი ან რა
სულიერ მწვერვალებამდე ამაღლდება, ყველას თავისი გზა აქვს და თავისი ბედი.
კაცობრიობის წინაშე დგას ურთულესი საკითხი, – როგორ განვითარდება ადამიანი XXI
საუკუნეში, როგორი ცვლილება მოხდება მასში, საით მიედრიკება – სიკეთისკენ თუ
ბოროტებისკენ. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება მთიდან
დაგორებულ ქვას შევადაროთ. მხოლოდ უფლის ძალას და მადლს შეუძლია შეაჩეროს მისი
დაცემა!
ევროპაში წარმოიშვა ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა, ადამიანის დანიშნულების
ახლებური ხედვა. ამ ხედვის ავტორი არის ცნობილი ფილოსოფოსი ერიკ ფრომი. იგი აყენებს
ძალიან საინტერესო კითხვას: „ვიქონიოთ თუ ვიყოთ?“ ეს რას ნიშნავს? როგორც ვხედავთ,
ადამიანი მომხმარებელი გახდა. მას მუდამ რაღაც აკლია და ყველაფერი ჭირდება; უნდა
მანქანა, სახლი, ფული, ტანსაცმელი; თუ 1 მილიონი აქვს, – 10 უნდა. და ასე,
დაუსრულებელია მისი მოთხოვნილება. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის,
რომ ის, რაც უნდა, იქონიოს კიდეც. და ასე, ადამიანი ხდება მომხმარებელი და
სახელმწიფოში იგი ხდება ფუნქციონერი. მექანიკურად ასრულებს თავის მოვალეობებს და
მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ფიქრობს.
ახლა იმაზე, თუ რას ნიშნავს „ვიყოთ“ ერიკ ფრომის ფილოსოფიაში. შეიძლება თუ არა,
რომ პიროვნება იყოს დამოუკიდებელი, მოაზროვნე; იყოს ადამიანი, რომელიც იგონებს ახალ
იდეებს, აკეთებს ახალ საქმეს, ფიქრობს, მსჯელობს? ეს ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ „ვიქონიოთ“
– არის უპირველესი და უფრო მნიშვნელოვანი. მისი აზრით, ყველაფერი უნდა
ვიქონიოთ იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი სურვილები.
ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე: ვიქონიოთ თუ ვიყოთ, – რა თქმა უნდა, ორივე
საჭიროა. ადამიანს ცხოვრებაში სულიერთან ერთად, ცხადია, მატერიალურიც ესაჭიროება.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, – არ უნდა გქონდეს მხოლოდ
ჩვენთვის, არამედ ხალხისთვისაც, გაჭირვებული ადამიანისთვისაც. თუ ადამიანს გააჩნია
ასეთი აზროვნება, მაშინ „ვიქონიოთ“ შეიძლება დადებითიც იყოს. უპირველეს ყოვლისა,
ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილშობილი პიროვნება.
დღეს არის ხსენება წმიდისა იოანე ღვთისმეტყველისა. მოციქულთა შორის მხოლოდ მას
ეწოდა „ღვთისმეტყველი“. იმდენად ღრმა იყო ეს პიროვნება, რომ ყველაზე უკეთესად
გამოთქვა არსი უფლისა – „ღმერთი სიყვარული არს“. სწორედ ეს არის მთავარი და
მამოძრავებელი ძალა, რომელიც გადმოდის ღვთისაგან ადამიანზე. მე არაერთხელ მითქვამს
თქვენთვის, რომ უზენაესის ამ ნიჭით – დიდი სიყვარულით არის დაჯილდოებული ქართველი
ადამიანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ
ქართველი ადამიანი არ იქნება მხოლოდ მომხმარებელი, არ იქნება ის, ვინც ფიქრობს
მხოლოდ იმაზე, რომ „ვიქონიოთ“, არამედ იქნება პიროვნება, რომელიც ზრუნავს იმაზე,
რომ „ვიყოთ“! ადამიანი უნდა „იყოს“, ადამიანი უნდა ქმნიდეს, ადამიანი უნდა
ფიქრობდეს და სიკეთეს უნდა სთესავდეს.
ღმერთმა დაგლოცოთ!
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვა-კურთხევა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად
საქართველოს! ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40(347),
2005 წ.