საკვირაო ქადაგება (22 მაისი, 2005 წ.)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
საკვირაო ქადაგება
22 მაისი, 2005 წელი

სახელითა
მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
დღეს არის ისეთი დიდი წმიდანების ხსენება, როგორებიც არიან წმიდა ისაია
წინასწარმეტყველი, წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი და ღირსი მამა შიო მღვიმელი.
მართლაც აღმატებულნი, რჩეულნი და ამაღლებულნი იყვნენ ისინი ერისაგან თვისისა.
უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანი ამქვეყნად მოდის, იგი უკვე არის ღვთისაგან
რჩეული და ამაღლებული. და მან უნდა გააცნობიეროს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რაშია
მისი დანიშნულება, სად არის მისი ადგილი, როგორ უნდა წარმართოს და დაასრულოს თავისი
ცხოვრება.
როგორც ამბობს წმიდა დავით წინასწარმეტყველი, ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება
გრძელდება 70 ან 80 წელი, შეიძლება მეტიც. რა უნდა აკეთოს მან ამ ხნის მანძილზე?

უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა ამქვეყნად თავისი ადგილი უნდა იპოვოს და
გააცნობიეროს, რომ იგი არის ღვთის წყალობის, ღვთის სიყვარულის შედეგი. ადამიანს
უნდა ჰქონდეს მტკიცე და ჭეშმარიტი რწმენა, უნდა ჰქონდეს სიყვარული ღვთისა და დიდი
სურვილი სასუფევლის დამკვიდრებისა და ნეტარებისა. ჩვენმა წინაპრებმა ასეთი დალოცვა
იცოდნენ: „იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!“ ე.ი. ამქვეყნადაც და იქაც.
აფხაზეთში ჩემი მიტროპოლიტობის დროიდან მახსოვს ერთი მეუდაბნოე მონოზონი;
საოცარი პიროვნება იყო! როგორც კი ლოცვას დაიწყებდა, მაშინვე იწყებდა ტირილს და
ცრემლს ვერ აჩერებდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა
უდაბნოში. ის მეუბნებოდა: „მე დედოფალი ვარ; მეფესავით ვცხოვრობ უდაბნოში!“ ასეთი
საოცარი შინაგანი განცდა ჰქონდა, მისთვის სასუფეველი უკვე დაწყებული იყო აქ. და ეს
ყოველი ადამიანისთვის ასეა: სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, ამქვეყნად იწყება. ჩვენ
რომ ვამბობთ, მეორედ მოსვლის ჟამს უფალი ადამიანებს უფლის ტახტის მარჯვენით და
მარცხენით დააყენებსო, – ეს პროცესი აქ უკვე დაწყებულია.
მაინც, რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ. ადამიანი
სიყვარულს უნდა ასხივებდეს. მადლი არ ჩერდება ერთ ადამიანში. თუ იგი მადლს ჰპოვებს,
მის გარშემო ათასობით და ათიათასობით ცხონდებიან. მადლი მრავლდება. ამასთან, რასაც
მეტს გავცემთ მადლს და სიხარულს, მით უფრო მეტი გვემატება, უფრო მეტს გვანიჭებს
უფალი.
ასეთი მადლმოსილი ადამიანები იყვნენ სამივე წმიდანი: ისაია წინასწარმეტყველი,
წმიდა ნიკოლოზი და შიო მღვიმელი.
ჩვენ ვიცით, რომ ისაია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 700 წლით ადრე
ცხოვრობდა. ის იყო მეფის შთამომავალი, დიდი პიროვნება. ერთხელ მას ასეთი ხილვა
ჰქონდა: ნახა დიდებული ტაძარი, სადაც მამა ღმერთი ბრძანდებოდა! შეძრწუნდა ისაია
წინასწარმეტყველი: „რა მეშველება მე, რომ ვიხილე უფალი საბაოთ!“ ამ დროს
ექვსფრთიანი სერაფიმები ადიდებდნენ უფალს; ერთმა სერაფიმმა მოიტანა ნაკვერჩხალი და
შეეხო ბაგეთა მისთა და განწმიდა იგი და მას მოესმა ხმა უფლისა: „ვინ გავაგზავნო
ჩემს ერთან ჩვენგან“, ამას წმიდა სამება ბრძანებს. კი არ ამბობს უფალი „ვინ
გავაგზავნო ჩემგან“, არამედ „ჩვენგან“. და ისაია წინასწარმეტყველი პასუხობს: „აი,
მე ვარ, მე გამაგზავნე!“ ასე იწყება წმიდა ისაია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა.
ასეთივე მადლმოსილი იყო წმიდა ნიკოლოზი, რჩეული ერისაგან ღვთისა. საოცარია მისი
ოჯახი, იმისი ცხოვრება. მთელი ოჯახი რჩეულია. მისი ბიძა იყო ეპისკოპოსი, მასაც
ნიკოლოზი ერქვა. საგალობელში ვკითხულობთ: როგორც სახელია შენი, ისეთია ცხოვრება
შენი. სახელი ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულს და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც
იმარჯვებს თავის თავზე, თავის ვნებებზე, თავის ცოდვებზე, ადამიანი, რომელიც
მართალია ეცემა, მაგრამ ისევ დგება და ისევ აგრძელებს ცხოვრების გზას! ასეთი
დიდებული და რჩეული იყო წმიდა ნიკოლოზი. მისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ იგი
კეთილ საქმეს საიდუმლოდ აკეთებდა.
მისი ცხოვრება და მისი მოღვაწეობა, – ყველაფერი არის სასწაულებრივი! საოცრად
მოწყალეა წმიდა ნიკოლოზი. იგი ეხმარება ყველას, ყოველ ადამიანს, ვინც შეწევნას
სთხოვს და ეხმარება სწრაფად. აი, ამიტომ მას დახმარებისთვის მიმართავენ არა მარტო
ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც. მე მინახავს, როცა მუსულმანები მიდიოდნენ წმიდა
ნიკოლოზის ხატთან და ლოცულობდნენ მის წინაშე!
ასეთივე დიდი მადლით იყო მოსილი შიო მღვიმელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მოვა
ეკლესიაში, დაანთებს სანთელს და ეს საკმარისია. ადამიანმა რომ მიიღოს მადლი,
საჭიროა დიდი სულიერი მოღვაწეობა.
ცნობილია, რომ შიო მღვიმელი სირიიდან იყო. იგი საკმაოდ ძლიერი ოჯახის ერთადერთი
ვაჟი გახლდათ. როცა შიომ იოანე ზედაზნელი გაიცნო, დაარიგა თავისი ქონება, მივიდა
მასთან და მორჩილებაში იმყოფებოდა 20 წლის განმავლობაში. დღეს ეკლესიაში რომ მოდიან
ადამიანები, უცებ უნდათ ავიდნენ სულიერ სიმაღლეებზე, ასე არ ხდება. შიო მღვიმელი 20
წლის განმავლობაში მორჩილი იყო! იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებთან ერთად
ასურეთიდან საქართველოში რომ მოვიდა, შიო ისევ თავისი მოძღვრის მორჩილებაში
იმყოფებოდა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო მან დამოუკიდებელი მოღვაწეობა.
ღირსმა მამა შიომ დააარსა შიომღვიმის მონასტერი. იგი მღვიმეში ჩავიდა და იქ
ლოცულობდა თავისი ქვეყნისათვის, მთელი კაცობრიობისათვის. მისმა მოღვაწეობამ დიდი
ნაყოფი გამოიღო და დღესაც და მარად იქნება დიდება მისი სახელისა!
კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, – ღრმად ჩაუფიქრდეთ თქვენს ცხოვრებას.
ვიფიქროთ ყველამ – რას ვაკეთებთ, ვინ ვართ ჩვენ და სად მივდივართ. უფალი ბრძანებს:
„სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. აი, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ
უნდა დავაგროვოთ სულიერი საუნჯე და იქ იქნება გული ჩვენი.
შეგეწიოთ სამივე წმიდა მამა თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთის მადლით და ჩვენი
წმიდანების, ჩვენი წინაპრების ლოცვით დაწყებულია სულიერი აღმავლობა საქართველოსი!
ეს არის ღვთის წყალობა და არა ჩვენი დამსახურება!
ჩვენთან არს ღმერთი!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20(327),
2005 წ.