საკვირაო ქადაგება (16 იანვარი 2005 წ.; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
საკვირაო ქადაგება
სიონის საპატრიარქო ტაძარი, 16 იანვარი 2005 წ.
„სამშობლოს გარეშე ქართველი ადამიანი ძნელად ხარობს,
უფრო სწორად კი – ვერ
ხარობს. სამშობლო ჩვენშია, ჩვენს გენებშია!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
საქართველო ღვთივკურთხეული ქვეყანაა! იგი უფლის განსაკუთრებული მადლითაა
დაჯილდოებული და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ ეს.
საქართველოს აქვს დიდი საუნჯენი, დიდი ფასეულობანი: როგორც სულიერი, ისე
ეროვნული. მაგალითად, ქართული ენა ჩვენი საუნჯეა. თქვენ გახსოვთ, გთხოვეთ,
დაგეწერათ თემა: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.“ თითქმის 250 ადამიანმა
ჩამოაყალიბა და მოგვაწოდა ამის შესახებ თავისი შეხედულება. ამ წერილებში
გამჟღავნებულია საოცარი სიყვარული და გაკეთებულია ღრმა ანალიზი იმისა, თუ რა არის
ჩვენთვის ქართული ენა, რა თქმა უნდა, მათ შორის არის უფრო მარტივი ნააზრევიც,
უბრალო ენით გამოთქმული გრძნობები, მაგრამ ყველას ახასიათებს ერთი რამ – დიდი
სიყვარული ქართული ენისა.
დღეს მინდა, ახალი თემა მოგცეთ დასაწერად: სამშობლო. რა არის ჩვენთვის სამშობლო?
რა არის ჩვენთვის საქართველო? ეს მხოლოდ ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენი მიწაა, თუ უფრო
მეტია? თქვენ იცით, შესანიშნავი ლექსი აქვს დაწერილი რაფიელ ერისთავს. „სამშობლო
ხევსურისა“ თქვენ თითქმის ყველამ ზეპირად იცით. მაინც მინდა, ერთი პატარა მუხლი
შეგახსენოთ: „სამშობლო – დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა, ორივ ტკბილია,
ძმობილო, მირჩევნის ორსავ თვალზედა; როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა.“

ბოლომდე ალბათ ადამიანი ვერც იტყვის, თუ რა არის მისთვის სამშობლო და რამდენად
ძვირფასია იგი მისთვის.
ჩვენ ყველას უსაზღვროდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვიცით, რომ სამშობლოს გარეშე
ქართველი ადამიანი ძნელად ხარობს, უფრო სწორად კი – ვერ ხარობს. სამშობლო ჩვენშია,
ჩვენს გენებშია. მინდა გითხრათ, რომ სამშობლო არ არის მარტო მიწა-წყალი. იგი ჩვენს
გონებაში, ჩვენს გულში, ჩვენს მუსიკაში, ჩვენს ხელოვნებაში, ჩვენს ენაში, ჩვენს
აზროვნებაშია ჩადებული. აი, ეს თემა გეძლევათ თქვენ მოსაფიქრებლად და დასაწერად.

ავიღოთ ქართული ოქრომ- ჭედლობა, ქართული ტიხრული მინანქარი.
ჩემთან ბრძანდებოდა ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, რომელიც მთელი სიცოცხლის
განმავლობაში ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. იგი ამბობდა, რომ დღემდე არ არის
დადგენილი, პირველად სად წარმოიშვა ტიხრული მინანქარი, საქართველოში თუ ბიზანტიაში.
კითხვა დღესაც პასუხგაუცემელია. მე ვფიქრობ, რომ ალბათ საქართველოში წარმოიშვა,
იმდენად დახვეწილია, იმდენად ამაღლებულია ეს ხელოვნება ჩვენთან. მართალია,
საბერძნეთშიც ასევე იყო, მაგრამ ეს ხელოვნება იქ დღეს თითქმის დაკარგულია.
საქართველოში კი იგი კვლავ აღდგა და განვითარდა.
დღეს არის დიდი ადამიანის, ექვთიმე თაყაიშვილის ხსენება. იგი საქართველოს
ეკლესიის მიერ აღიარებულია წმიდანად და ეწოდება წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი.
რა იყო მისთვის სამშობლო?
– ყველაფერი. ამიტომაც იყო, რომ როცა მისი თაოსნობით მუზეუმებში შეკრებილ ქართულ
საუნჯეს დაკარგვის საშიშროება დაემუქრა (მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეეძლო
სამშობლოს გარეშე არსებობა), იგი მცველად გაჰყვა მას უცხოეთში, რათა ეს განძი კვლავ
სამშობლოსთვის დაებრუნებინა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მისი სიცოცხლის ფასად
გვაქვს ის საუნჯე, რომლითაც ამაყობს არა მარტო ქართველი ადამიანი, არამედ მთელი
მსოფლიო.
ექვთიმე თაყაიშვილი არის მაგალითი იმისა, თუ, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და
როგორ უნდა ვეპყრობოდეთ მას. როცა ექვთიმე 1945 წელს სამშობლოში დაბრუნდა,
თვითმფრინავიდან ჩამოვიდა თუ არა, დაიხარა, აიღო ქართული მიწა და ემთხვია მას.
მაგრამ როგორც გვჩვევია, ჩვენ ვერ ვხედავთ და სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ დიდ
ადამიანებს.
დღეს ასევე ვიხსენებთ ჩვენ დიდ მეცნიერს, დიდ ფიზიოლოგს ივანე ბერიტაშვილს. მისი
მამა მოძღვარი იყო. ივანე ბერიტაშვილი მშობლების მეთერთმეტე შვილი იყო. მან
განსაცდელით სავსე ცხოვრება განვლო.
სულ ახლახან საქართველომ, უფრო სწორედ მეცნიერთა ვიწრო წრემ, აღნიშნა
ბერიტაშვილის დაბადების 120 წლისთავი. იგი გახლდათ მსოფლიოში ცნობილი უდიდესი
ფიზიოლოგი, რომელიც შეიძლება აღემატებოდა კიდეც პავლოვს და სხვა ცნობილ
ფიზიოლოგებს. მაგრამ ჩვენ რატომღაც ნაკლებად ვაფასებთ ჩვენსას.
საერთოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს ყურადღება უნდა მიექცეს მეცნიერებს და
მეცნიერებას. დღეს განსაკუთრებით უჭირთ მათ. საქართველოს ეკლესია ქედს იხრის ჩვენი
მეცნიერების წინაშე. და დიდად აფასებს მათ შრომას. მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური
რეჟიმის დროს, ჩვენი მეცნიერები და ინტელიგენცია ძალიან ბევრს აკეთებდნენ
საქართველოსათვის, ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობების გადასარჩენად.
თქვენ ალბათ გსმენიათ, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატე ცინცაძესთან
ხუთშაბათობით მიდიოდნენ მეცნიერები და მსჯელობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან,
ქვეყნისთვის საჭირო თემებზე. ესეც სამშობლოა.
მინდა გითხრათ, რომ ქართული ხასიათი განსაკუთრებით ვლინდება ქართულ საგალობელში,
ქართულ ხალხურ სიმღერაში, ქართულ ცეკვაში.
მე მქონდა საუბარი სომეხთა კათალიკოსთან და ის მეუბნებოდა, რომ მას ძალიან
მოსწონს ქართული ცეცხლოვანი ცეკვები. კათოლიკოსს ურჩევია სომხური გუნდებისათვის,
გადაეღოთ ჩვენგან გარკვეული ელემენტები და სომხურ ცეკვაში შეეტანათ. ამის რამდენიმე
მცდელობა ჰქონიათ, მაგრამ ვერ გაითავისეს იმიტომ, რომ მათ სულ სხვა გენეტიკური კოდი
აქვთ, მათ თავისი კულტურა აქვთ. რა თქმა უნდა, მათი კულტურაც ძალიან მაღალია,
მაგრამ განსხვავებულია ქართულისაგან.
ამით მინდა ვთქვა, რომ ყოველი ერი დაჯილდოებულია რაღაც განსაკუთრებული მადლით;
და აი, ეს მადლი უნდა შევინარჩუნოთ. ამ მადლს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენც.
მინდა, გთხოვოთ ყველას და გადაეცით სხვებსაც, თქვენს მეგობრებს, რომ დაწეროთ
თემა: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა.“
გულისტკივილით მინდა ისიც ვთქვა, რომ გვაქვს შემთხვევები იმისა, როცა ქართველი
ადამიანი ღალატობს თავის სარწმუნოებას, თავის ეროვნებას და ფულის გულისთვის იცვლის
მას. ეს სამარცხვინოა! რა პირით, რა გულით უნდა წარსდგეს ასეთი ადამიანი წინაშე
ღვთისა და წინაპრებისა?! მთელი საქართველო ხომ მორწყულია ჩვენი მამაპაპათა სისხლით!

აი, ასეთია საქართველო, მაგრამ მადლიანია, იგი ხომ წილხვედრია ყოვლადწმიდისა
ღვთისმშობელისა. მადლს კი ჩვენს ფესვებთან კავშირით ვიღებთ. ამიტომაც არ უნდა
მოვწყდეთ მშობლიურ წიაღს. სამშობლოდან გადახვეწილნი მაცოცხლებელ წყაროს
განეშორებიან და კეთილ ნაყოფსაც ძნელად გამოიღებენ. ეს ჩვენი ხვედრია.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №4(311),
2005 წ.