უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება ინტრონიზაციის დღეს

წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 25 დეკემბერი 2004 წ.
„ქართველების, აფხაზების, ოსების და საქართველოში მცხოვრებ სხვა ერის წარმომადგენლების
ერთად ყოფნა არის ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენისა!“
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,
ქრისტეს მიერ ძმანო და დანო
ფსალმუნში ვკითხულობთ: „მაუწყე მე უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე.“ ყველაზე ძნელი ის ყოფილა, რომ ადამიანმა იპოვოს თავისი გზა, რომელიც მას სასუფეველში მიიყვანს.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ მადლობა ღმერთს, უკვე 20 საუკუნეა, რაც ქართველი ერი დგას ამ ჭეშმარიტ გზაზე და თაყვანსა სცემს მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა. სწორედ ეს დიდებული ტაძარი აშენდა სადიდებელად წმიდა სამებისა, მოსაქცევად ერისა და გასამთლიანებლად ჩვენი ქვეყნისა. არა მხოლოდ ქართველთა, არამედ სრულიად საქართველოსა, ყოველი ადამიანისა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს _ ქართველი იქნება იგი, ოსი, აფხაზი, რუსი, ბერძენი თუ ებრაელი.
რას ნიშნავს ეს ტაძარი ჩვენი ერისათვის?
უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იგი არის დადასტურება ღვთის დიდი წყალობისა ჩვენდამი! ამასთან წმიდა სამების ტაძრის აგებით ჩვენმა ხალხმა შექმნა თავისი ავტოპორტრეტი და ერთგვარი განაცხადი გააკეთა იმისა, რომ ჩვენ ყველას ბევრი დიდი საქმის გაკეთება შეგვიძლია. იმედი მაქვს, რომ ეს ტაძარი მოგვცემს სტიმულს მოქმედებისთვის.
ამ ბოლო დროს მსოფლიო ფილოსოფიაში გაჩნდა ახალი ტერმინი: „სწრაფი რეაგირების კულტურა“. იმდენად ააჩქარა ადამიანის ცხოვრების ტემპი მეცნიერებამ და ტექნიკამ, რომ წარმოიშვა ასეთი საოცარი ტერმინი. მართლაც, დროს რომ არ ჩამოვრჩეთ, ჩვენ სწრაფად უნდა გავცეთ პასუხი იმ მოთხოვნილებებზე, რასაც ჩვენს წინაშე თანამედროვე ცხოვრება აყენებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ეკლესიისა და საზოგადოების, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას.
მინდა ვთქვა, რომ საქართველო იყო ძლიერი მაშინ, როცა ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერთმანეთთან იყვნენ დაახლოებულნი.
იმედი მაქვს, რომ ეს კავშირი კვლავაც იქნება მჭიდრო, რაც უპირველეს ყოვლისა საჭიროა ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
ახლახანს წმიდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც დაიწერა საგანგებო მოწოდება სრულიად საქართველოსთვის: ქართველების, აფხაზების, ოსების და სხვა ხალხების წარმომადგენლების შერიგებისთვის. ჩვენ ყველამ უმძიმესი ცოდვა ჩავიდინეთ: _ ერთმანეთზე აღვმართეთ ხელი და ამიტომაც დღეს ვითხოვთ უფლისგან შენდობას ჩვენი ცოდვებისა და შეცდომებისათვის. მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა უბრალო ხალხში არასდროს გამქრალა ძმური ურთიერთდამოკიდებულება ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ძმები! ერთი რამ კი ყველამ უნდა გავაცნობიეროთ: თუ გვინდა გადარჩეს აფხაზური კულტურა, აფხაზები, როგორც ერი, აფხაზური ეთნოსი; აგრეთვე ოსური კულტურა და ეთნოსი. წარსულის გამოცდილებას უნდა დავეყრდნოთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი სწორად განვსჯით, რა არის ჩვენთვის სასიკეთო და რა _ დამღუპველი და მივხვდებით, რომ სწორედ ერთად ყოფნა არის ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენისა!
დღეს ჩვენ მოვამზადეთ პერგამენტზე დაწერილი სპეციალური ლოცვა უფლისადმი, რომელიც იქნება ისტორიული დოკუმენტი – დასაწყისი ჩვენი შერიგებისა და ერთად ყოფნისა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დააბრკოლა, სამოქალაქო ომის დროს ჩემს მიერ გამოცემულმა დადგენილებამ, სადაც მე ვამბობ, რომ ქართველის მკვლელი მტერია საქართველოსი. ზოგიერთებმა ეს ისე განმარტეს, თითქოს მხოლოდ ქართველის მკვლელობა არის აკრძალული, სხვა ერის წარმომადგენლის მკვლელობა კი ნებადართულია. მინდა გითხრათ, რომ ეს ბრძანება დაიწერა იმ დროს, როცა საშიშროება იყო იმისა, რომ ქართველს ხელი აღემართა თავის ძმაზე, ქართველზე და დაეღვარა მისი სისხლი. თუმცა, ჩვენი ხალხი არ აღმოჩნდა იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ შეესმინა ეს სიტყვები და სისხლისღვრა შეჩერებულიყო. ამიტომ მალევე ეს ბრძანება გაუქმებულ იქნა. ასე რომ, ეს იყო შექმნილი სიტუაციიდან სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მცდელობა, რომელმაც არ გაამართლა.
თქვენ იცით, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. და დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება ყველა: ქართველიც, ოსიც, აფხაზიც, რუსიც და სხვა ერების წარმომადგენლებიც და ბუნებრივია, საქართველოს ეკლესია ლოცულობს მათთვის.
გარწმუნებთ, არავითარი სიძულვილი ქართველებში არც იყო და არც არის: არც ოსებისადმი, არც აფხაზებისადმი და რომ ქართველები მათ ყოველთვის საკუთარ ძმებად მიიჩნევენ.
მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო შენდობის ლოცვა, რომელიც საგანგებოდ შერიგებასთან დაკავშირებით დაიწერა:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!
ყოვლადწმინდაო სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმინდაო, – დიდება შენდა!
ღმერთო ძლიერო, მოიღე მოწყალება შენი; დალოცე, გაამთლიანე, გააძლიერე და დაამშვიდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივდაცული ქვეყანა ჩვენი და ყოველნი მკვიდრნი მას შინა; შეგვინდე ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა და მადლი ურთიერთმიტევებისა და შერიგებისა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა ერის შვილთა. აღადგინე ძმური სიყვარული ჩვენს შორის, რათა ერთითა გულითა გაქებდეთ და გადიდებდეთ შენ, – შემოქმედსა და მწყალობელსა ღმერთსა ჩვენსა, ამინ!
წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენ ზედა. ამინ.
იმედი გვაქვს, უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვებს და ღმერთი დალოცავს, გააძლიერებს და გაამთლიანებს სრულიად საქართველოს, ამინ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II