უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს (13 დეკემბერი 2004 წელი; წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქადაგება წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების
დღეს
წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 დეკემბერი 2004 წ.
„თითქოს დიდმა სულიერმა მნათობებმა მოიყარეს თავი ერთად და აღავლენენ ლოცვას

საქართველოსათვის, ჩვენი ეკლესიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს საქართველოს ეკლესია დღესასწაულობს ოთხი წმიდანის ხსენებას. ისინი არიან:
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკლესიის დამაარსებელი, წმიდა მოციქული ანდრია
პირველწოდებული, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი და საქართველოს ეკლესიის პირველი და
მეორე კათოლიკოსები – პეტრე და სამუელი. ამ დიდმა სულიერმა მნათობებმა მოიყარეს
დღეს თავი ერთად და აღავლენენ ლოცვას საქართველოსათვის და საქართველოს
ეკლესიისათვის, ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!
თქვენ იცით, შემთხვევით არ მომხდარა, რომ საქართველოში იყო მოვლენილი წმიდა
მოციქული ანდრია პირველწოდებული. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას თავისი ხატი
გადასცა, რომელიც წმიდა მოციქულმა სვიმონ კანანელთან ერთად საქართველოში
ჩამოასვენა.
მოციქულთა ქადაგება – ეს იყო დიდი მოვლენა, ღვთის დიდი წყალობა ჩვენთვის. სწორედ
ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველო არის სამოციქულო ეკლესია, ანუ მოციქულთა მიერ
დაარსებული.
წმიდა მეფე ვახტანგ დიდი გორგასალი საოცარი ადამიანი იყო; საოცარია მისი
ცხოვრებაც. ვახტანგ მეფის მარტო ანდერძიც კმარა მის უკვდავსაყოფად. იმდენად დიდი
იყო მისი სულიერება და სარწმუნოება, რომ ანდერძად დაგვიბარა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის
სიკვდილს!“-ო, ე.ი. კი არ უნდა შეუშინდეთ იმ განსაცდელს, რომელიც ამქვეყნიურ
ცხოვრებაში შეგხვდება, არამედ პირიქით, ჩვენ თავად უნდა ვეძიებდეთ ქრისტესთვის
სიკვდილს. მსგავსი სიტყვები არ უთქვამს არცერთ ადამიანს და მითუმეტეს, მეფეს.
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი 15 წლისა იყო, როცა უფლის განგებით სამეფო
გვირგვინი დაადგეს. პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ მოიწვია დიდებულები და
ესაუბრა ქვეყნის გასაჭირზე. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ ჭაბუკი მეფე ისე
იქცეოდა, როგორც გამოცდილი მოხუცი, როგორც ბრძენი ბრძენთა შორის. ქვეყანას
თავდატეხილი განსაცდელი ახსნა ერის ცოდვებით, და მოუწოდებდა ხალხს და,
განსაკუთრებით, დიდებულთ, დაეწყოთ სულიერი ცხოვრება.
მაინც რა მდგომარეობაში იყო იმ დროს საქართველო?
ქართლს სპარსელებიც შემოესეოდნენ ხოლმე; დიდ საშიშროებას გვიქმნიდა ოსეთიც,
დასავლეთ საქართველოს დაპყრობას კი ბიზანტია ცდილობდა. ამ დროს მოხდა ისე, რომ
ოსეთში საქართველოდან წაიყვანეს მრავალი ტყვე და, მათ შორის, ვახტანგ გორგასალის
მცირეწლოვანი დაც. თავად მეფე იმ დროს ომში იყო, როდესაც წმიდა მეფე ვახტანგ
გორგასალმა ეს ამბავი შეიტყო, უმალ ტყვეების დასახსნელად გაემართა და გამარჯვებული
და სახელიანი დაბრუნდა უკან. ხევის მოსახლეობაში და განსაკუთრებით ჩვენს გვარში,
ღუდუშაურებში, არის გადმოცემა რომ როცა მეფემ გამოიხსნა ტყვეები, მცხეთას მომავალი
ყაზბეგში შეჩერდა იმ სოფელში, რომელსაც ახლა სნო ეწოდება. სნო – ეს პიროვნება იყო,
ადამიანს ერქვა. სნოს ჰყავდა ვაჟი ღუდუშა და ვახტანგ გორგასალი გახდა ნათლია ამ
ღუდუშასი. ღუდუშასაგან წარმოიშვა შემდეგ ღუდუშაურთა გვარი. ისინი დღეს წმიდა
ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გორგასლის დიდი ძალისხმევით საქართველოს ეკლესიას
მიენიჭა ავტოკეფალია – დამოუკიდებლობა და დადგენილ იქნა პირველი კათოლიკოსი –
პეტრე, შემდეგ კი – სამუელი. პეტრე და სამუელი ეროვნებით ბერძნები იყვნენ. ეს ორი
წმიდა ადამიანი ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიაში გაიცნო. „ქართლის ცხოვრებაში“ წერია,
რომ ისინი იყვნენ დიდი სულიერი მამები და გამოჩენილი მოღვაწენი, რომელნიც ანტიოქიის
კრების გადაწყვეტილებით გამოიგზავნენ საქართველოში.
როცა ვამბობთ, რომ საჭიროა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, შევინარჩუნოთ ჩვენი
ეროვნული სახე, – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ერი ვართ და
განსაკუთრებული უფლებები მოგვცა უფალმა. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უფალმა
მრავალი წყალობით დააჯილდოვა საქართველო. თუნდაც ის, რომ საქართველოში იყო
ჩამოტანილი ხალენი წმიდა ილია წინასწარმეტყველისა, კვართი უფლისა; საქართველო გახდა
წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა; საქართველოში ჩამოვიდნენ მოციქულები –
ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, ბართლომე, თადეოზი, მატათა, – ნუთუ ეს არ
გვეუბნება ჩვენ იმის შესახებ, რომ განსაკუთრებული მადლი მიანიჭა უფალმა
საქართველოს? ნუთუ ეს არ მოგვიწოდებს ჩვენ არა სიამაყისაკენ, არამედ
პასუხისმგებლობისაკენ?! ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ვისაც უფალი
დიდ მადლს ანიჭებს, მას ბევრიც მოეკითხება.
შევთხოვთ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს, შევთხოვთ ჩვენს დიდ მეფეს, წმიდა
ვახტანგ გორგასალს, პირველ კათოლიკოსთ – პეტრესა და სამუელს, რომ ილოცონ
საქართველოს სულიერი ამაღლებისათვის, საქართველოს გაბრწყინებისათვის, ილოცონ ჩვენი
მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მითუმეტეს, რომ მეტად რთულ პერიოდში გვიწევს
ცხოვრება, არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს უცხოეთიდან აქტიურად იჭრება კულტურაც და
ფსევდოკულტურაც. ამასთან, ყველაზე სამახსოვრო ისაა, რომ ამპარტავნებითაა მოცული
კაცობრიობა. ამპარტავნება კი წარმოშვა დიდმა მიღწევებმა მეცნიერებასა და ტექნიკაში.
სამწუხაროდ, ისინი იმას კი აღარ ამჩნევენ, რომ უფრო მეტი ნაბიჯები მსოფლიომ უკან
გადადგა, ზნეობაში, სულიერ ცხოვრებაში. ამის შედეგია ის, რომ ქმედებანი, რომელიც
ადამიანს ადრე ცოდვად მიაჩნდა, დღეს ლამის დადებით მოვლენად უნდათ წარმოაჩინონ.
სწორედ ეს არის ყველაზე საშიში! მოციქული ამბობს: როცა ადამიანი ვეღარ ხედავს თავის
ცოდვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სინდისი აქვს დამწვარი. დამწვარი სინდისი კი
ვეღარ ამხელს ამ ადამიანს და ისიც კარგავს სულიერ ორიენტირს, ვეღარ არჩევს რა არის
კეთილი და რა ბოროტი.
შევთხოვთ უფალს, მოგვანიჭოს სულიერი ხედვა.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელია ჩვენს წინაშე, უფალი ძლიერია და
მჯერა, ყველაფერი იქნება დაძლეული და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება,
გაძლიერდება და გაბრწყინდება ჩვენი სულიერი შრომითა და ღვაწლით.
შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი დღესასწაული წმიდა ანდრია პირველწოდებულის,
წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალის და პირველ კათალიკოსთა პეტრესა და სამუელისა ამ
ტაძარში.
წმიდა სამების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47(305), 2004 წ.