უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს

ლაგოდეხი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, 4 ნოემბერი, 2004 წ.
„ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი დიდი მოვალეობა და ჩვენი ერი შეიყვანოს სასუფეველში!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანის გონება ვერასდროს ჩაწვდება ღვთის სიდიადეს. ვიცით მხოლოდ, რომ ღმერთი არის შემოქმედი ცათა და ქვეყანისა და მფარველი ხილული და უხილავი სამყაროსი.
დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული – ხსენება ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. ხშირად გვეკითხებიან: რატომ ვამბობთ „ყაზანის“, „ვლადიმერის“, „ივერიის“ ღვთისმშობელი, დედა ღვთისა ხომ ერთია? ეს იმიტომ, რომ ღვთისმშობელი დედის სასწაულები სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა და ყველამ მის ხატს შესაბამისი ადგილის სახელი უწოდა. ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არაერთხელ იხსნა რუსეთის ქვეყანა დიდი განსაცდელისაგან. ეს წმიდა ტაძარიც მის სახელზეა აშენებული.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ, იმისათვის რომ სათნო ვეყოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. უფალი ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე!“ აი, ამ გზით უვლია ჩვენს წინაპრებს და ასევე უნდა იაროს მომავალშიც ჩვენმა ხალხმა. ეს არის ერთადერთი გადამრჩენელი გზა, მხოლოდ ამ გზით გავხდებით მკვიდრნი სასუფევლისა. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.“ ყველაზე რთული სწორედ ისაა, თუ შეძლებ, რომ შენს ჯვართან ერთად იტვირთო სხვისი ჯვარიც, სხვისი სიმძიმეც; მითუმეტეს, რთულია ეს ჩვენს დროში.
მოგეხსენებათ, ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც გლობალიზაციის ხანას უწოდებენ. ეს არის ჟამი, როცა ქვეყნები ერთმანეთს უახლოვდებიან, როცა ძალიან აქტიურად შემოდის ჩვენში დასავლეთის კულტურა და მასთან ერთად შემოდის ფსევდოკულტურა. სწორედ მისი გავლენითაა, რომ დღეს ადამიანებს უკვე ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნიათ და უარყოფენ 10 მცნებას. დაიკარგა ზღვარი უფროსებსა და უმცროსებს შორის, დაიკარგა სიწმინდე. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, ნიშნავს, რომ ჩვენ დაღუპვის გზაზე ვდგავართ. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ, რა ვაკეთოთ.
რადიოში ახლახანს მოვისმინე ასეთი საუბარი: 24 წლის ახალგაზრდა ამბობდა: ჩვენ სამი ძმანი ვართო. ერთი მათგანი იეღოველი ყოფილა, მეორე მართლმადიდებელი და მესამე, ანუ თვითონ – საერთოდ ურწმუნო. რაზე მეტყველებს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის ოჯახში აღზრდა სათანადო დონეზე არ იყო, რომ მათ მშობლებს არ შეუსრულებიათ თავისი მოვალეობა. ამ ახალგაზრდამ, რომელსაც 24 წლის ასაკში უკვე მოვლილი აქვს ციხე, თურქეთში, აზერბაიჯანში და დღესაც „თავისუფალი ცხოვრებით“ ცხოვრობს. რა უნდა მოუტანოს ან თავის თავს, ან სამშობლოს? რადგან, ვიმეორებ, ეს ყალბი „თავისუფლება“ ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როცა არავითარი ზნეობრივი ფარგლები და კანონები მისთვის აღარ არსებობს; მე მინდა, ჩვენს ხალხში გამომუშავდეს იმუნიტეტი ასეთი გარემოსაგან თავის დასაცავად. ჭეშმარიტი თავისუფლება ჩვენ უფალმა მოგვანიჭა; მაგრამ მოგვანიჭა იმისათვის, რომ თვითონ ადამიანმა გააკეთოს არჩევანი და დაინახოს, სად არის თეთრი და სად არის შავი.
ხშირად მახსენდება ერთი იაპონელი პოეტის ლექსი: „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ყვავილი.“ ეს ადამიანებზეა ნათქვამი. ჩვენ უკვე ვეღარ ვარჩევთ, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ მზე გამოვა და ეს თოვლი დადნება და ადამიანი კვლავ დაინახავს იმ ალუბლის ყვავილს, დაინახავს სიკეთეს.
ყველამ უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ გაგვიხსნას სულიერი ხედვა სიკეთისა და ბოროტების გასამიჯნად, გაგვიხსნას იმისათვის, რომ გავხდეთ მკვიდრნი სასუფეველისანი.
დღეს არის დიდებული დღესასწაული. უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ მას მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლის სერგის; ვულოცავ ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივ სამღვდელოებასა და მრევლს.
ძალიან მახარებს, რომ მორწმუნეთა ასეთი სიმრავლეა ამ წმიდა ტაძარში. ეს იმას ნიშნავს, რომ რწმენამ გაიღვიძა ჩვენში და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი დიდი მისია და ჩვენი ერი შეიყვანოს ღვთის სასუფეველში.
თქვენ კარგად იცით, მრავალი ქართველი ცხოვრობს ირანში, ფერეიდანში; თითქმის 5 მილიონი კი თურქეთშია და მათშიც, ღვთის წყალობით და ღვთის მადლით იღვიძებს ქართული სული, იღვიძებს მართლმადიდებელი სარწმუნოება. უკვე მრავალი ქართველი ჩამოდის უცხოეთიდან და ინათლება ჩვენთან. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო გადარჩება.
ფერეიდნელი ქართველები ირანში ჩვენი ყოფნისას ასე გვლოცავდნენ: „ღმერთს ებარებოდეთო!“
და მეც შევთხოვ უფალს, ღმერთს ებარებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველო და ყოველი ქართველი! დალოცვილი და გახარებული იყავით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II