აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში (12.06.2024)

 

ა.წ 12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის ახლადდანიშნული თავმჯდომარე, ბ-ნი რამინ მამედოვი,  საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ბ-ნი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ.

სტუმრებს უმასპინძლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საააგენტოს წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ისტორიულ ჰერეთში მოღვაწე დეკანოზი პეტრე (ხუმარაშვილი) და სხვა სასულიერო პირები.

მიტროპოლიტმა თეოდორემ, რომელიც განაგებს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასაც, ბ-ნ რამინ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა. მანვე მადლიერებით აღნიშნა მისი წინამორბედის, ბ-ნ მუბარიზ გურბანლის დამსახურება ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და აზერბაიჯანულ მხარეს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში და იმედი გამოთქვა, რომ კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ხელს შეუწყობს კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას და რიგი საკითხების, მათ შორის დავით გარეჯის თემის სასიკეთოდ გადაწყვეტას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მეუფე თეოდორეს და ქართულ მხარეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა, თავის მხრივაც ხელი შეუწყოს ჩვენი ხალხების მეგობრობას და ურთიერთდაახლოებას.

მხარეები ასევე შეეხნენ ისტორიულ ჰერეთში არსებულ მდგომარეობასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.  ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და ხალხთა შორის მეგობრობის მნიშვნელობას.