საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება (02.11.2023)

 

ა.წ. 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოში და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ, ამ ფონზე, საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

შემდეგ, მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ განსახილველი საკითხების წარსადგენად  სიტყვა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პირველ საკითხად განავრცო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული თემა და ისაუბრა უკრაინასა და წმინდა მიწაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.

წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა:

1.უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.

დღეს კი,  როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს  დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები;

ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა...ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა, - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.

ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს.

2. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ  მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში  გარკვეული სირთულეებს ქმნის.

წმინდა სინოდმა დაადგინა:

 

მხედველობაში იქნას მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას.

 

3. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე, - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:    ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით,  მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას, ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში, გამონაკლისის სახით, ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა, ნებადართულია,  მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.

 

4. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მღვდელმთავრებს, გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ.

წმინდა სინოდმა მოისმინა ნიქოზისა და ცხინვალის  მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიმოხილვა ცხინვალისა და ახალგორის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მონოზვნებისა და მღვდელმსახურების მდგომარეობისა და ეკლესია-მონასტრების თაობაზე.

უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე).

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებისადმი ზრუნვის საჭიროებაზე.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა უბისის მონასტერში არსებულ სიტუაციაზე.

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ისაუბრა მომლოცველთა ჯგუფების ეპარქიებში ხატებით მსვლელობის პრაქტიკაზე, რასაც საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეისთვის უკვე გაცილებით ორგანიზებული და მასშტაბური სახე აქვს მიღებული. ითქვა ისიც, რომ ხატებით მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის უცხოეთის სამრევლოებშიც იგეგმება.

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ხაზი გაუსვა იმ დადებით შედეგებს, რაც გამოიღო თრუსოს ხეობაში მონასტრების ამოქმედებამ; კერძოდ, ხელი შეეწყო მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მსვლელობებს და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ეპარქიებშიც გვაქვს და ეს პროცესი უნდა წახალისდეს, რითაც გამოცოცხლდება მიტოვებული ხეობები და სოფლები.

5. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს.

    მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც.