ფონდი ,,გაამწვანე საქართველო" 10 წლისაა (24.10.2023)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ 1 ნოემბერს დაფუძნებული ფონდი ,,გაამწვანე საქართველო“ 10 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ა.წ. 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს,  ფონდის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაირგო 150 კიპარისი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე,  თბილისის N72, N182 და N215 საჯარო სკოლების დირექტორები და მოსწავლე-მასწავლებლები, ასევე მისი უწმინდესობის კურთხევით ჩამოყალიბებული ყრუთა და სმენადაქვეითებულთა სამრევლო (წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კალანდია).

სტუმრებმა მიულოცეს ფონდს საიუბილეო თარიღი, მადლიერება გამოხატეს წლების განმავლობაში  ერთობლივად განხორციელებული აქტივობებისთვის, ხაზი გაუსვეს მომავალი თაობებისთვის ადრეული ასაკიდანვე ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობას და მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ ღონისძიების მონაწილეებთან ერთად შეაჯამა 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა, მადლობა გადაუხადა პარტნიორ კომპანიებსა და მხარდამჭერებს და იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის კურთხევით ფონდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას.

ფონდის ძირითადი დანიშნულებაა ზოგადად ქვეყნისა და განსაკუთრებით ურბანული სივრცის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანებისა და ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებისთვის ხელშეწყობა და ამ საქმეში მოსახლეობის ფართო მასების ჩართვა. ფონდი უსასყიდლოდ ამწვანებს ეკლესია-მონასტრების ტერიტორიებს და ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის სკოლებს, საავადმყოფოებს, საპატიმროებს, საჯარისო ნაწილებს და სხვ.

მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა:  თბილისში - მახათასა და ელიას მთაზე, ქოშიგორაზე, კრწანისში, დენდროპარკში, ვაზიანში, აეროპორტში, დიღომში, თემქაზე, საბურთალოზე, ვაზისუბანში და სხვ. რუსთავის პარკში, საპატიმროებში,  ტყიბულში, მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, ყაზბეგში, ყვარელში. ასევე ბოდბის, მარტყოფის, შიომღვიმის, ზესტაფონის, სენაკის, ოზურგეთის მონასტრებში და სხვ.

დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ფართო ფენები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, პატრიარქის ნათლულები, ხელოვანები, სპორტსმენები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.   მხარდამჭერებს შორის არიან საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია, სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, ფონდები და კერძო კომპანიები.

ფონდ ,,გაამწვანე საქართველო“-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით უკვე ათიათასზე მეტი ფოთლოვანი და მარადმწვანე ნერგი დაირგო და ასევე განხორციელდა დასუფთავების მასშტაბური აქციები.