ა.წ. 21 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებს - დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი პირველად სწორედ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გაიმართა 2011 წელს და მას შემდეგ ყოველი წლის ოქტომბერში დიდი სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
წლევანდელ ფესტივალს გიმნაზია მნიშვნელოვანი სიახლეებით შეეგება: ეზოში მოეწყო ვრცელი ღია სცენა. ახალ სცენაზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები: საერთაშორისო ფესტივალ ,,მომავლის ვარსკვლავების" ლაურეატი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი".
ასევე მოეწყო სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა და პროფესიული კოლეჯის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
დიდი მოწონება დაიმსახურა ყველა კლასმა, რომელთაც დამრიგებელთა ხელმძღვანელობით და მშობელთა თანადგომით, წარმოადგინეს შემოდგომის მრავალფეროვნება და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი.
ფესტივალის მონაწილეთა და სტუმრებისათვის თონეში გამოცხვა პური, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.
ფესტივალს ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ მგალობლიშვილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვსტორიის პროფესორი რუსუდან ხორავა, სტუმრები ხულოდან და სხვანი.
ღონისძიებაზე მყოფთათვის მეტად ემოციური იყო ფერეიდნიდან ჩამოსული ქართველების ხილვა და გიმნაზიის ფერეიდნელი მოსწავლის პაპის, რეზო დავითაშვილის სიტყვით გამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის გიმნაზია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს დაარსდა ლოტკინის დასახლებაში.
სკოლა-პანსიონი გამორჩეულია იმით, რომ აქ ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები; განათლებას იღებენ მოსწავლეები როგორც თბილისიდან, ისე აჭარიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან.
ისინი პროფესიულ და სახელოვნებო მიმართულებებით სურვილისამებრ ეუფლებიან ხატწერას, ფერწერას, ქართულ ხალხურ სიმღერასა და ინსტრუმენტებს, ცეკვას, ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ფლეიტას; ასევე ისწავლება ტიხრული მინანქრის დამუშავება, თექა, გობელენი, ხის მხატვრული დამუშავება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქმის ყველა კურსდამთავრებული პირველივე წელს წარმატებით აბარებს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.