ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (13 ივლისი, 2004 წელი; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II
ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 13 ივლისი, 2004 წელი
„საქართველო აგრძელებს წმიდა მოციქულთა ღვაწლს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – სვეტიცხოვლობას, ხსენებას ქრისტეს
ათორმეტთა მოციქულთა.
გვებადება კითხვა: რატომ იყო, რომ პირველი ქრისტიანული ტაძარი, რომელიც
საქართველოში აშენდა, სწორედ წმიდა მოციქულთა სახელზე აიგო? ეს იმიტომ მოხდა, რომ
დიდია ამ მიწაზე ღვაწლი წმიდა მოციქულთა და ამ ღვაწლით მოპოვებული მადლიც. წმიდა
ნინო და მეფე მირიანი გრძნობდნენ ამ მადლს, თავადაც იყვნენ მოციქულთა საქმის
გამგრძელებლები და ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს არაჩვეულებრივი ტაძარი
მოციქულთა სახელზე უნდა აშენებულიყო. შევნიშნავთ, რომ იმავე პერიოდში კონსტანტინე
დიდმაც კონსტანტინეპოლში ტაძარი 12 მოციქულის სახელზე ააგო. ეს კიდევ ერთხელ
მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მჭიდროდ იყო კავშირი საქარ- თველოსა და ბიზანტიას
შორის. რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ერთობას, თუმცა ასევე ახლო ურთიერთობები
იყო პოლიტიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და სხვა სფეროებშიც.
დღეს, როდესაც საქართველომ ამდენი საუკუნე განვლო, საკუთარ თავს ვუსვამთ
კითხვას: რა არის ქართული იდეა, როგორია საქართველოს გზა და ქართველი ერის
დანიშნულება?
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე, მცხეთაში, ამ მიწაზე, სადაც დღეს დგას
სვეტიცხოველი, პირველად გაისმა ქადაგება ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მას
ქადაგებდნენ ებრაელები, რომლებიც ისრაელიდან საქართველოში ნაბუქოდონოსორის დარბევის
შემდეგ ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ. ბევრს უკვირს: ებრაელები მაინც და მაინც
საქართველოში რატომ ჩამოვიდნენო? ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოსა და ისრაელს
შორის იმ პერიოდში უკვე მჭიდრო კავშირი იყო და ებრაელებმა იცოდნენ, რომ ისინი მოძმე
ხალთან მოდიოდნენ, ვინც მათ რწმენას, კულტურასა და ადათ-წესებს შეუნარჩუნებდა. მათ
კი, როგორც ჯილდო ღვთისაგან, ქართველ ხალხს უდიდესი საჩუქარი ჩამოუტანეს – ხალენი
წმიდა ელია წინასწარმეტყველისა. ეს ის ხალენია, რომელიც ეტლით ზეცად ატაცებულმა
ელია წინასწარმეტყველმა თავის მოწაფეს, ელისე წინასწარმეტყველს დაუტოვა. ეს ის
ხალენია, რომელმაც გააპო მდინარე იორდანე და სხვა მრავალ უდიდეს სასწაულს
აღასრულებდა. სწორედ ეს ხალენი იქნა ჩამოტანილი მცხეთაში. საკურთხევლის მარჯვნივ
არის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტრაპეზი. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ,
რომ სწორედ აქაა დაფლული ეს დიდი სიწმინდე.
ვფიქრობთ, არცერთ წარმართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით
ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ
გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა
ღვაწლი. მან უნდა გააგრძელოს ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, რასაც ამქვეყნად
ჯერ ებრაელები, შემდეგ კი ქრისტეს წმიდა მოციქულები აკეთებდნენ. ეს არის
საქართველოს მთავარი იდეა, მისი ძირითადი დანიშნულება. საქართველომ ყველგან უნდა
იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ თვითონ უნდა
ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად – ბოროტება.
წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი ჩვენს ქვეყანას მოევლინა წინამორბედად
უფლის კვართისა, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მცხეთელმა ებრაელებმა
საქართველოში ჩამოიტანეს. საქართველო ასევე გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა
ღვთისმშობელისა. ხაზგასმით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არსად მსოფლიოში არ
უქადაგია იმდენ მოციქულს, რამდენმაც საქართველოში! ესენი არიან: წმიდა ანდრია
პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, ბართლომე, თადეოზი, მატათა.
ყოველივე ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა, მაგრამ, ამავე დროს, უდიდესი
პასუხისმგებლობაც, რადგან როცა უფალი ადამიანს ან ერს დიდ მადლს ანიჭებს, მას
ბევრსაც მოჰკითხავს. უფალი არ მოითმენს, რომ ქართველმა ადამიანმა უღალატოს
ჭეშმარიტებას! უფალი არ მოითმენს, რომ ქართველი კაცი განუდგეს 2000 წლის ჭეშმარიტ
სარწმუნოებას. მაგრამ თუკი ქართველი კაცი იქნება იესო ქრისტეს ერთგული, ღმერთი
მუდამ იქნება ჩვენთან და ჩვენი ერის მიერ დაშვებულ შეცდომებს მონანულთ შეგვინდობს.

ჩვენ ვიმყოფებით ტაძარში, სადაც დაღვრილა ბევრი ცრემლი, მრავალჯერ აღვლენილა
მხურვალე ლოცვა და დანთხეულია წინაპართა სისხლიც ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და
საქართველოს დასაცავად.
დღესაც ქართველი ერი აგრძელებს იმ გზას, რომელიც გვიქადაგა ათორმეტმა მოციქულმა.
მართალია, სამწუხაროდ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველის ვედრება: „უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე.“
თითოეულმა ჩვენგანმა ხშირად უნდა იმეოროს ეს სიტყვები და დასძინოს: მართალია,
უფალო, ცოდვილი ვარ და ხშირად სულიერად ვეცემი, მაგრამ კვლავ ვცდილობ ადგომას და
გთხოვთ: „შენი ვარ, მაცხოვნე მე.“ მაშ, ვილოცოთ, რომ გავხდეთ უფლისანი!
თქვენ იცით, რომ არსერბობს მრავალი ხატი, მრავალი სიწმინდე, რომელიც მიჩნეულია
ამა თუ იმ ქალაქის მფარველად. მაგალითად, არსებობს იერუსალიმის ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის ხატი, რომელიც არის მფარველი იერუსალიმისა, არსებობს ყაზანის
ღვთისმშობელი, ვლადიმერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მრავალი სხვა. ჩვენ მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყოველ ქალაქს, ყოველ სოფელსა და დაბას უნდა
ჰყავდეს ხატი მფარველი. ეს ხატი იმოგზაურებს იმ ქალაქის, დაბის ან სოფლის ყოველ
ოჯახში და ამით დაილოცება ხალხი. ამიტომ დღეიდან გეძლევათ ლოცვა- კურთხევა, ყველამ
ერთად ვიფიქროთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებზე, უპირველეს ყოვლისა, მცხეთასა და
თბილისზე, თუ რომელი ხატი იქნება მათი მფარველი. შეიძლება ორი ან სამი მფარველი
ხატიც არსებობდეს, შესაძლოა, ერთი იყოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელ მხარეში,
რომელი წმიდანის განსაკუთრებული თაყვანისცემის ტრადიცია არსებობს. მაგალითად, არის
სოფლები, სადაც განსაკუთრებულად თაყვანს სცემენ წმიდა გიორგის, შეიძლება ასეთ
სოფლებში წმიდა გიორგის ძვირფასი ხატი შეიქმნას და ეკურთხოს. ხატს გაუკეთდება
წარწერა, რომ იგია ამ სოფლის მფარველი ხატი. იქვე იქნება წარწერილი ლოცვები ამ
ხატისადმი.
საქართველო აგრძელებს წმიდა მოციქულთა ღვაწლს! შეგვეწიოს უფალი! მართალია, ჩვენ
უძლურები ვართ, მაგრამ უფალი მოგვანიჭებს ძალას და დადგება დრო, როცა მთელი
საქართველო გახდება მკვიდრი სასუფევლისა!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა 12 მოციქულის ლოცვით,
დალოცოს, გააძლიეროს და გაამ- თლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26(284),
2004 წ.