სანთლების კურთხევის წესი ”მირქმა-მიგებების” დღესასწაულთან დაკავშირებით(02.14.2023)

წინათქმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ძველ საღვთისმსახურო წიგნთა მონაცემების გათვალისწინებით და ჩვენს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სვანეთში, დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ მიხედვით.

სვანეთში შემორჩენილ ტრადიციაში განსაკუთრებულია ბავშვების როლი, რაც შემდეგში მდგომარეობს: კერძოდ, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ბავშვთა გუნდი, ანთებული სანთლებით, მაცხოვრის განდიდებითა და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით შემოივლიან სოფელის უბნებს. თითოეული ოჯახიდან მათთან შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები(რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვრის ტაძრად მისვლის მახარობლებს) ლოცავენ ოჯახის თავს. შემდეგ ოჯახის უფროსიც, (რომელიც, ასევე, სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს ბავშვებს. ერთ-ერთი ბავშვი ტაძარში ნაკურთხ ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს, რომელიც თავის სანთელს გადასცემს მას.

სანთელების გაცვლა სიმბოლოა ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის შეხვედრისა.

როგორც ცნობილია, ტაძარში მიყვანილ ახლადშობილ იესოს 40-ე დღეს მიეგება ძველი აღთქმის ერთ-ერთი რჩეული მსახური, - წმინდა სვიმეონ წინასწარმეტყველი. ღრმად მოხუცებულ მართალ სვიმეონს ნაუწყები ჰქონდა სულიწმიდისაგან, რომ არ აღესრულებოდა, ვიდრე მესიას არ იხილავდა; და, აი, მათი შეხვედრით დასრულდა უფლის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი.

„მირქმა-მიგებების“ დღესასწაული ეს არის დიდი ზეიმი, - კაცობრიობის მხსნელის დაბადების შესახებ ტაძარში გაცხადებული პირველი მოწმობა და, ამდენად, დადასტურება იმისა, რომ „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა,“ რომ დასრულდა ტანჯვისა და სიკვდილის მეფობა და გაიხსნა გზა ცათა სასუფევლისა. ამიტომაც არის „მირქმა“ სინათლისა და სიხარულის დღესასწაული.

ამ დღეს, ასევე, გადიან საფლავებზე, რათა მიცვალებულებსაც ახარონ უფლის განკაცება, მისი ტაძარში მოსვლა და სიხარული იმისა, რომ სიკვდილის შიში დაძლეულია, რომ ძველი აღთქმის მართალნიც და მაცხოვარის რწმენით შესვენებულნიც ამიერიდან მშვიდობასა და ნეტარებაში განისვენებენ.

თადაპირველად ეს დღე უფრო განსაკუთრებულად, დიდი ზეიმთ აღინიშნებოდა იერუსალიმის ეკლესიაში და სხვა ეკლესიებშიც. სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობით მსვლელობას აწყობდნენ.

ეს წესი საქართველოშიც მოქმედებდა. შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო იგი დავიწყებას მიეცა და, ძირიადად, ხალხურმა მეხსიერებამ შემოგვინახა „ლამპრობის“ სახელწოდებით.

როგორც ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თავის სტატიაში („ლამპრობა-მიგებების დღესასწაული“) წერს, „ლამპრობის“ ხალხური წესი შემორჩენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: სვანეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, გურიაში, იმერეთში... ამასთან ,,მირქმა,“ „მიგებება,“ ,,ლამპრობა“ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი, რომელიც პირველწყაროების მიხედვით მოიხსენება როგორც მომლოცველი ეგერიაც (IV ს) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით.

რომის ეკლესიაში „მიგებებამ“ საერთოდაც სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებებშიც.

„ლამპრობისა“ და „მიგებების“ იგივეობას ადასტურებენ ქართული საისტორიო და ლიტურგიკული მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობებიც. უძველეს საღვთისმსახურო კრებულებში „მიგებების“ დღესასწაული არცთუ იშვიათად „ლამპრობის“ სახელით გვხვდება. „ლამპრობა“ რომ სწორედ „მიგებების“ გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“ - ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესუს მიქრმის შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში, - „იადგარში“.

უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში(კურთხევანი) ვხვდებით „ლამპრობის“ კვერექსებსა და „ლამპართა მიგებების“ კურთხევის წესს, რაც, კალენდარული ადგილისა და შინაარსის მიხედვით, „მიგებების“ დღესასწაულს შეეფერება. „პარხალის მრავალთავში“ ლამპრობის საკითხავად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი,“ რომელიც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ „მიგებების“ დღესასწაულს შეეფარდება. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული „მიგებების“ შესატყვისად.

საინტერესოა, რომ ,,უფლის მიგებების“ ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად, XII-XIII სს. ტიხრული მინანქარის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღმრთისმშობლის წინ, X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი) იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.

იმის გასათვალისწინებლად, თუ რა სულიერი შინაარსი ჰქონდა „მიგებების“ დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობას, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული ლამპართა კურთხევის წესი („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა. შ.). ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია; ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIIIსს რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი შეჯერებულია და ძირითადად მესამე, ყველაზე სრულ, ხელნაწერს ეყრდნობა.

მისი გამოყენება მირქმის დღესასწაულზე აუცილებელ და საშურ საქმედ მიგვაჩნია.

სასულიერო პირთა საყურადღებოდ

 

1) როგორც სხვა დიდ დღესასწაულებზე, მირქმა-მიგებების სადღესასწაულო წირვაზეც, მრჩობლ კვერექსში, ძველი ტრადიციისამებრ, საჭიროა შესაბამისი მუხლების დამატება:

 

1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

ანუ:

დიაკონი:

− ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვთქვათ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

− უფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ

− შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)

− მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა და მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის (საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოსათვის, ან/და მოიხსენოს ადგილობრივი მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსის სახელი) და ყოველთა მიტროპოლიტთა მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა,, პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− მერმეცა გევედრებით: წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ძმათა წმინდისა ამის ტაძრისათა(მონასტრისათა).

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) აქა მოხსენებულთა და შემოვედრებულთა და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთა ერთათვის.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− რომელი რჯულისმდებელ ხარ და რჯულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

− რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ

გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ, 3-გზის.

−მერმეცა გევედრებით: ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

ასამაღელბელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

2) ქართულ სამღვდელო კონდაკებში(ვახტანგ ბატონიშვილი, ტფილისი 1710წ. 196-206 გვ.) მოიპოვება ლოცვანი „ერის განტევებისა − ყოველთა დღესასწაულთანი“. ქართული ტრადიციის მიხედვით, მირქმის დღესასწაულსაც აქვს სადღესასწაულო განტევების ლოცვა(იგულისხმება ამბიონის ქვემოთ, – “წინაით კერძო ამბონისა” ლოცვა), სათაურით: „ერის განტევება მიგებებისა“ (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2023წ. 201გვ. ). მღვდელს შეუძლია, ჟამისწირვის ბოლო ლოცვის სანაცვლოდ(„რომელი აკურთხევ მაკურთხეველთა შენთა უფალო, და წმიდა ჰყოფ შენდა მომართ მსასოებელთა შენთა...“) ამბიონის წინ წაიკითხოს მირქმა-მიგებების დღესასწაულის განსატევებელი ლოცვა.

ერის განტევება „მიგებებისა“

მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მხოლოდშობილი ძე შენი მოავლინე სოფლად, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე, რაითა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიხსნეს, და რაითა ჩვენ შვილებაჲ იგი მოვიღოთ სულისა შენისა მიერ ყოვლად წმიდისა. რომლისა მოსლვა მისი მოხუცებულსა სვიმეონს წინათვე ახარე, და ესე მო-რაჲ-ვიდა ტაძრად, აუწყე მას. შენ, მეუფეო სახიერო, ჩვენცა უღირსნი მონანი შენნი განგვანათლენ ბრწყინვალებითა შენითა, და შეიწირე კნინი ესე ვედრებაჲ, ვითარცა წინაწარმეტყუელისა შენისა ანნას აღსარება. და ღირს მყვენ ჩვენ საცნაურითა წიაღითა სამარადისოდ შეტკბობად სიტყუასა შენსა განხორციელებულსა უქცეველად, და ტაძრად განწმედილად წოდებად ყოვლად წმიდისა სულისა შენისა. და მორწმუნესა ერსა ჩვენსა მეუფებასა მისსა ახარე ძალითა შენითა და მტერთა მიმართ ძლევა მიანიჭე მას, რაითა ჩვენ მიერცა იდიდოს დიდად შუენიერი და უფროსად დიდებული სახელი შენი, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ყოვლად წმიდისა და სახიერისა და ცხოველს მყოფელისა სულისა შენისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სანთლის კურთხევის წეს-განგება

სანთლების კურთხევა შეიძლება შესრულდეს როგორც მწუხრის, ისე ჟამისწირვის დამთავრების შემდეგ.

ხალხი აუნთებელი კელაპტრებით ელოდება სანთლების კურთხევას. შუა ტაძარში დადგმულ მაგიდაზე კი მსახურები აწყობენ საკურთხებლად გამზადებულ კელაპტრებსა და სანთლებს. − მათ წინ დგამენ შანდალს, რომეზეც მღვდელი ამგრებს სამ სანთელს და ანთებს მათ.

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაფიმნი და ქერუბიმნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის-წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა, და მსგავს კაცთა იქმენ. დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად - ცეცხლსა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთა ამათ ზედა - მადლი სულისა წმიდისაი, განაბრწყინვნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა სანთლითა სუფევისა შენისაითა და ღირს-ვიქმნნეთ მადლობით დაუცხრომელად დიდებად შენდა თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.“

მღვდელი:

მშვიდობა ყოველთა

დიაკონნი:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:

მღვდელი ხელაპყრობით:

„უფალო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰხედ ქუეყანად ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქმელად გაბრწყინდი წმიდისა უბიწოჲსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისაჲთა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოჲს დგას ბევრეული დასი ანგელოზთაჲ, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა აღსრულებად სჯულისა ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვითარცა ყრმაი, რომელსა შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი, ხოლო გიხილა რაჲ, ძლიერად ღაღად-ყო და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა, გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი ჩვენ უღირსთა მონათა შენთა;

ღირს გვყუენ ჩუენ წარდგომად წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი, ნათლითა ღმრთეებისა შენისაჲთა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი და აკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვით შენ სიხარულით, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობად ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“

„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ და თაყუანის-გცემთ − მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“

შემგომ მღვდელი ნაკურთხ წყალს ასხურებს მაგიდაზე დაწყობილ სანთლებს და იმ აუნთებელ სანთლებს რომელიც ხალხს უჭირავთ.

შემდეგ იგი იღებს ერთ სანთელს შანდალზე დამაგრებული სამი სანთლიდან ანთებს მას და გადაუკიდებს დიაკონსა და ტაძარში მდგომ ერს. მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება.

დიაკონი იტყვის :

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი მარჯვენა ხელში ანთებული სანთლით ამბობს:

„აღანთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

(შევნიშნავთ, რომ სანთლის კურთხევისათვის ეს ლოცვა იკითხება სხვა ნებისმიერ დღესაც)

გუნდი(ან ერი) გალობს:

აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა.

შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით, მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და ლიტანიობითა და გალობით უვლიან ტაძარს.

ტაძარში შესვლისას

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა. ღირს-მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,

რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

როცა სანთლის კურთხევა ჟამისწირვაზე აღესრულება ამ ლოცვას მოებმის:

“იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე”...

და აღესრულება ჩამოლოცვა.

მორწმუნეებს ამ დღეს ნაკურთხი სანთელი მიაქვთ სახლში და მას მთელი წლის განმავლობაში ანთებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სურვილისამებრ ნებისმიერ დროს.

ეს არის მსახურება, რომელიც ტაძარში აღესრულება, მაგრამ, როგორც წინათქმაში აღვნიშნეთ, მას აქვს გაგრძელება სახალხო მსვლელობიოს სახითაც. კერძოდ:

სადღესასწაულო ლოცვის (ან წირვის) შემდეგ, სასულიერო პირები ბავშვებთან და მრევლთან ერთად ანთებული სანთლებით ოჯახებშიც მივლენ, ბავშვებს დაალოცინებენ ოჯახის უფროსს და მასთან სანთელს გაცვლიან, როგორც ეს სვანეთში ბოლო დრომდე ხდებოდა. ასევე, სასურველია, „მირქმის“ დღეს ყოველ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც − შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, დალოცონ ოჯახის წევრები, ახლობლები, სამშობლო და მოიგონონ გარდაცვლილი წინაპრებიც.