სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბ-ნ ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო (27.01.2023)

ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის.

დღეს ბევრი დაიწერება და ბევრი ითქმის ამ ღვაწლის შესახებ; მე კი ეკლესიასთან დაკავშირებული მისი ურთიერთობის მრავალთაგან მხოლოდ ორ მოვლენას შეგახსენებთ:

ბატონი ზაზა, რამდენიმე სხვა ცნობილ მეცნიერთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეკლესიისათვის ისტორიული ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში და ამ საქმის წარმატებით დასრულებაში.

ფრიად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენგან მას მიეცა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე მუშაობისა, რომელთა გამოცემაც ახლახანს მოხდა.

იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოს სივრცეში მოწყობილ არაერთ შეხვედრისა და ღონიძიებისა.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზაზას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი