უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება სულთმოფენობის დღეს

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 30 მაისი, 2004 წელი
„გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ყველამ ილოცოთ, რომ 23 ნოემბერს,
გიორგობის დღესასწაულზე, როგორც დაგეგმილია,
შედგეს წმიდა სამების დიდი ტაძრის კურთხევა“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“. დღეს, როცა ვდღესასწაულობთ სულიწმიდის გარდამოსვლას მაცხოვრის მოწაფეთა ზედა, შევთხოვთ უფალს, რომ სულიწმიდა ჩვენც გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა. ქვეყანა წრფელი არის სასუფეველი; ნეტარებისა და სასუფევლისთვისაა დაბადებული ადამიანი. შევთხოვთ უფალს, რომ გული წმიდა დაჰბადოს ჩვენ თანა და სული წრფელი განგვიახლოს გვამსა ჩვენსა, რადგან ყოველ ადამიანზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა, უფრო სწორად, მათზე, ვინც მზად არის ამ მადლის მისაღებად, ოღონდ ამათუ იმ პიროვნებამ თავად ადამიანმა უნდა გაუღოს უფალს გულის კარი, მას უნდა ჰქონდეს სურვილი განწმენდისა, რადგან შეუძლებელია, რომ სიწმიდე და სიბილწე ერთად იყოს ადამიანის გულში. ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვმადლოს გული წმიდა და სული წრფელი.
დრო იცვლებოდა და ადამიანებიც მასთან ერთად. შუა საუკუნეებში საზოგადოების წიაღში წარმოიშვა ლიბერალიზმი, რომელმაც მიიყვანა კაცობრიობა სოციალისტურ და კომუნისტურ იდეებთან და ფაქტიურად, – ათეიზმთან. ამავე დროს ძალიან საშიშია უკიდურესი კონსერვატიზმიც, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. ყველას სიფრთხილე მართებს, რომ გაიკვლიოს გზა ჭეშმარიტი და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა. XIX-XX საუკუნეებში საქართველოს, რუსეთის თუ ევროპის დიდი ფილოსოფოსები კომუნისტური და სოციალისტური იდეების გავლით მივიდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე. თავდაპირველად მათ გაიზიარეს სოციალისტური და კომუნისტური იდეები, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ, რადგან დაინახეს მათში სიყალბე და შემდეგ მოიძიეს ჭეშმარიტება.
უკანასკნელ პერიოდში მრავალი ადამიანი დაეწაფა აღმოსავლურ რელიგიებს, ბუდიზმს, ინდუიზმს და სხვა, მაგრამ სული ვერ დაასვენეს და ბოლოს მართლმადიდებელ სარწმუნოებამდე მივიდნენ. დიახ, რთულია ადამიანის გზა, მთავარია, იგი მივიდეს ჭეშმარიტებასთან, უფალ იესო ქრისტესთან, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“
შეგახსენებთ, რომ ხვალ არის სამებობა. სადღესასწაულო წირვა შესრულდება წმიდა სამების სახელობის ვაკის ტაძარში. სამწუხაროდ, წმიდა სამების დიდი ტაძარი ჯერ კიდევ მშენებარეა და გთხოვთ, ყველამ ილოცოთ, რომ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შედგეს მისი კურთხევა (როგორც დაგეგმილია).
1 ივნისს ნინოობაა, ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდება სიონის საპატრიარქო ტაძარში; გამობრძანებული იქნება წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი და თქვენ გექნებათ საშუალება, ემთხვიოთ მას. საზეიმო წირვა კი შესრულდება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში, წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში.
ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი