გიორგობის დღესასწაული ისტორიულ ჰერეთში განსაკუთრებულად აღინიშნა (23.11.2022)

ა.წ. 23 ნოემბერს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვართან, - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრები კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, მუსა შექილიევს და კახში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ.

ამავე დღეს მიტროპოლიტმა თეოდორემ დელეგაციის წევრებთან ერთად ისტორიული ჰერეთის გამორჩეული სიწმინდე - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცა და სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავია. აქ აღსრულებულ დიდ სასწაულთა გამო დღესასწაულზე სალოცავად ამოდიან როგორც ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები, ისე მუსლიმები. ასე იყო წელსაც.

ორ დღიანი ვიზიტისას მეუფე თეოდორემ ასევე მოილოცა ქოთოქლოს ყოვლადწმინდა სამების და ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრები, პარაკლისები გადაიხადა და დალოცა ადგილობრივი  ქართველები.

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ვიზიტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს   (თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე), საქართველოს საელჩოს  აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც მოეწყობა მსგავსი ღონისძიებები.