საკვირაო ქადაგება (9 მაისი, 2004 წელი; სიონის საპატრიარქო ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II საკვირაო ქადაგება
სიონის საპატრიარქო ტაძარი, 9 მაისი, 2004 წელი
ქრისტე აღსდგა!
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებული დღეა, 9 მაისი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების,
გამარჯვების დღე. მრავალი თქვენგანი არ მოსწრებია ამ ომს, მე კი მახსოვს მისი
დასაწყისიც და დასასრულიც. რაღაც წარმოუდგენელი სიხარული იყო, რომ დამთავრდა ომი და
ის წამება, რომელიც გამოიარა მთელმა მსოფლიომ, დიდი და პატარა ზეიმობდა, თუმცა
მრავალი ქართველი ჯარისკაცი, ისევე როგორც მილიონობით სხვა ადამიანი ცოცხალი ვეღარ
დაბრუნდა. ჩვენ დღეს აღვავლინეთ ლოცვა მათი სულებისათვის.
ჩემი სტუდენტობის დროს აკადემიის ტაძარში დამლაგებლად მუშაობდა ორი მოხუცი
მონოზონი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ქირურგები იყვნენ. ისინი გვიამბობდნენ
სტუდენტებს: როცა ვხედავდით ისე მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცს, რომლის შველა აღარ
შეგვეძლო, ყურში ჩავჩურჩულებდით – ილოცეო. ექიმი რომ გეტყვის, ილოცეო, მითუმეტეს
კომუნისტების დროს, ეს ადამიანზე დიდად მოქმედებდა და ისინი ლოცვით განუტევებდნენ
სულს. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საჩუქარი მათთვისო. ეს მონოზვნები საოცარ ცოდნას
ფლობდნენ და აკადემიაში რუსეთის პატრიარქის ალექსი I კურთხევით იყვნენ
გამოგზავნილნი, რომ მათგან რაღაც გვესწავლა. მათ ბევრი მაგალითები მოჰყავდათ
ფილოსოფიიდან, ისტორიიდან, შესანიშნავად იცოდნენ ღვთისმეტყველება. ლიტერატურა და
იმდენად განათლებული იყო ორივე, რომ ერთ მათგანს სტუდენტებმა „დედა ენციკლოპედია“
შევარქვით. სინამდვილეში მათ ერქვათ ეფროსინე და სერაფიმა. მინდა გთხოვოთ, რომ
მოიხსენოთ თქვენს წმიდა ლოცვებში ეს ორი ადამიანი. ძალიან ბევრი გააკეთეს მათ
ჩვენთვის. თან თავიანთ მორჩილებას აღასრულებდნენ და თან სტუდენტებს ცოდნის
გაღრმავებაში გვეწეოდნენ.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იმ დროს მრავალ ჯარისკაცს ჯიბეში 90-ე ფსალმუნი ედო,
რომელიც მათ სიკვდილისაგან იცავდა. მაგონდება ერთი ჯარისკაცი, რომელიც ომიდან
ცოცხალი დაბრუნდა და მიამბო: „წინახაზზე ვიყავით და რამდენიმე ღამის უძინარებს უკვე
სიკვდილისაც არ გვეშინოდა, იმდენად ძალაგამოცლილები ვიყავით. ვხედავთ, როგორ
მოგვიახლოვდნენ გერმანელები, მე კი ჩამეძინა და ძილში ჩამესმა ჩემი ქალიშვილის ხმა:
მამა, ადექი! წამოვხტი და ვხედავ, ტანკი პირდაპირ ჩემზე მოდის, ძლივს მოვასწარი
განზე გაცოცვა და ასე გადავრჩიო.“ მე მას ვუთხარი, ეს ხმა ღვთის ხმა იყო, ან
შესაძლოა, თქვენი მფარველი ანგელოზის და ახლა, როცა დაბრუნდი და ცოცხალი ხარ, ახლა
მაინც თუ გწამს ღმერთი და ლოცულობ მეთქი? არაო, მიპასუხა.
წირვის შემდეგ ჩვენ გავდივართ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე და სანთლებს
დავანთებთ. თუ მოახერხებთ, თქვენც წამობრძანდით და ილოცეთ მის საფლავთან.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა იხსნას საქართველო და მთელი მსოფლიო ომისაგან. ომი
– ეს არის დიდი უბედურება, დიდი განსაცდელი. მინდა ისიც გავიხსენო, რომ მართალია
მაშინ ყველას ძალიან უჭირდა, მაგრამ საქართველოში, ჩვენს დედაქალაქში ქართველ
მათხოვარს ვერ დაინახავდი. რუსეთიდან იყვნენ ჩამოსულები მათხოვრები, ქართველები კი
ვერ მათხოვრობდნენ. ახლა, სამწუხაროდ, მრავლად ნახავთ ქუჩებში ქართველ მათხოვრებს.
ეს ცუდის ნიშანია, სიღარიბემ და მათხოვრობამ შეჩვევა იცის. ჯობს, ადამიანმა იშრომოს
და საკუთარი შრომით მოიპოვოს ლუკმა-პური. ბიბლიაში წერია, რომ გაცემა ჯობს
მიღებასო.
ქრისტე აღსდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17(276),
2004 წ.