სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ,,პავლენის“ 28-ე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთ (26.06.2022)

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე პანტელეიმონ, ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გულითადად მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით და მახარებს თქვენი ერთად ყოფნა.

მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი შეხვედრის მიზანი და განსახილველი თემა, - ,,მოციქული პავლე და კრიზისების მართვა,“ - ფრიად აქტუალურია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

სამწუხაროდ, მართლმადიდებელ სამყაროში არსებული პრობლემები კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ მიმართულებით ჭეშმარიტი ქრისტიანული აზროვნების წინ წამოწევის აუცილებლობას, რათა საზოგადოებას სწორი ორიენტირები მიეწოდოს.

ვიმედოვნებთ, ეს შეხვედრაც, ისევე როგორც წლების მანძილზე ,,პავლენის“ მიერ ჩატარებული ფრიად საინტერესო კონფერენციები, იქნება წარმატებული და ,,სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ“, ძალისამებრ თქვენისა, შეგეძლებათ ,,სიგრძისა და სიგანის, სიღრმისა და სიმაღლის წვდომა და რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა“.(ეფ. 3:18-19)

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, გლოცავთ და მოგილოცავთ 28-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას. წმ. პავლე მოციქული გეწეოდეთ ღვთისსათნო თქვენს საქმიანობაში.

 

ქრისტესმიერი სიყვარულით

ილია II

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი