უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II საკვირაო ქადაგება

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 2 მაისი, 2004 წელი
„დღეს, როცა მიმდინარეობს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის
შეუქცევადი პროცესი, საქართველოს ეკლესიას ეკისრება
უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ეს წარსულში იყო“
ქრისტე აღსდგა!
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
თქვენო უნეტარესობავ, საბა, მიტროპოლიტო ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, ძმანო და დანო!
კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!
თქვენო უნეტარესობავ, თქვენი ვიზიტი ნამდვილად ღვთის ლოცვა-კურთხევითა და მისი საიდუმლო განგებით შედგა. დღეს ჩვენ შევასრულეთ ისტორიული წირვა დიდებულ სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც განისვენებს ხალენი წმიდა ელია წინასწარმეტყველისა და დაფლულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის ჩვენი უპირველესი საკათედრო ტაძარი, ეს ის წმიდა ადგილია, სადაც ისტორიულად ხდებოდა კურთხევა საქართველოს მეფეთა და დედოფალთა და სადაც ტრადიციულად სრულდება ინტრონიზაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მიწა, ისევე როგორც მთელი საქართველო, მორწყულია მოწამეთა სისხლით, რადგან მუდამ გვიხდებოდა დაცვა მამულის, სარწმუნოების, და ჩვენი კულტურისა. სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში მოუყრია მუხლი მრავალ ქართველ მეფესა და დედოფალს. აქვე არიან ისინი დაკრძალულნი, ასევე განისვენებენ აქ კათოლიკოს-პატრიარქნი და ბაგრატიონთა გვარის სხვა დიდებულნი. შევნიშნავთ, რომ ბაგრატიონთა გვარი მსოფლიოში უძველესი მონარქიული დინასტიაა. ისინი არიან შთამომავალნი წმიდისა მეფისა და წინასწარმეტყველისა დავითისა და სოლომონისა. ამიტომაც როცა საქართველოს მეფენი ხელს აწერდნენ რაიმე ოფიციალურ საბუთს, მიუთითებდნენ თავის წარმომავლობაზე, – დავითიანნი, სოლომონიანნი და შემდეგ წერდნენ თავის სახელს.
დღეს ჩვენ, უნეტარეს საბას თანამწირველობით, აღვასრულეთ საღმრთო ლიტურგია საქართველოსა და პოლონეთის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის და ამით აღვადგინეთ ის ტრადიციული ურთიერთობა, რომელიც ისტორიულად არსებობდა პოლონეთსა და საქართველოს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია პასუხისგებლობა და როლი ჩვენი ეკლესიებისა ერისა და ქვეყნის წინაშე. ყველა აღიარებს, რომ საქართველოს ეკლესიას, ძალიან დიდი დამსახურება ჰქონდა წარსულში. მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაკლები და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მას დღეს, როცა მიმდინარეობს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი.
როგორც პოლონეთი, ასევე საქართველო უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ერების უძველესი კულტურა.
დღეს, როდესაც მკვეთრად იჭრება უცხო ქვეყნების კულტურა და ფსევდოკულტურა, ეს ტალღა განურჩევლად არ უნდა მივიღოთ, რადგან იგი წალეკვას უქადის ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს. რა თქმა უნდა, რაც კარგი და მისაღებია, უნდა მივიღოთ აღმოსავლეთიდანაც და დასავლეთიდანაც, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც, მაგრამ ბევრი რამ, რაც მიუღებელია და ფსევდოკულტურას წარმოადგენს, უნდა დავგმოთ და განვეშოროთ. ამისი გარჩევა ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს.
აღვავლენთ ლოცვებს, რომ ღმერთმა გააძლიეროს პოლონეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, ღმერთმა მოგცეთ, თქვენო უნეტარესობავ, მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
საქართველო კარგად იცნობს პოლონეთს, ჩვენ მსგავსი ისტორია გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც დაახლოებულნი ვიქნებით და წინსვლა გვექნება.
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს მისი უნეტარესობა საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა და მისი წმიდა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, ამინ. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა გადმოგცემთ წმიდა გიორგის ხატს, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა და მფარველი საქართველოსი. ასევე მინდა გადმოგცეთ მინანქრის პანაღია წმიდა გიორგის გამოსახულებით, რომელიც საქართველოშია დამზადებული.
დალოცვილი და გახარებული ამყოფოს ღმერთმა საქართველო და პოლონეთი!
ქრისტე აღსდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი