უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება კვირაცხოვლობას

სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარი, 18 აპრილი, 2004 წელი
სახელითა მამისათა და ძისათადა სულისა წმიდისათა!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა!
თქვენო უნეტარესობავ, უნეტარესო ჰერმანე, მთავარეპისკოპოსო ვაშინგტონისა, მიტროპოლიტო სრულიად ამერიკისა და კანადისა!
დღეს ჩვენი უძველესი სამოციქულო ეკლესია, მისი სინოდის წევრები, ჩვენი სამღვდელოება და მრევლი დიდი სიხარულითა და სიყვარულით გხვდებათ თქვენ ამ დიდებულ სვეტიცხოველში; გხვდებათ იმ წმიდა ტაძარში, სადაც დაკრძალულია ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა; დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. აქვე განისვენებს მრავალი წმიდა კათოლიკოსპატრიარქი და მეფე საქართველოსი. თქვენ ბრძანდებით მცხეთაში, რომელიც, ამავე დროს, არის ჩვენი სულიერი ცენტრი; ახლა, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ეკლესიებს ჩვენი ქვეყნებისათვის.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი წმიდა ეკლესია დაარსებულია 2000 წლის წინ, იმ დროს, როცა ჩამოტანილი იქნა საქართველოში კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იმ დროს, როცა საქართველოში იქადაგეს წმიდა მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და სხვებმა. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა IV საუკუნის დასაწყისში. ეს იყო შედეგი წმიდა ნინოს ქადაგებისა და მოღვაწეობა წმიდისა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი. თქვენ იცით, რომ V საუკუნეში წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასალის დროს, რომელიც არის ქალაქ თბილისის დამაარსებელი, საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია ანტიოქიის საპატრიარქოსაგან. ამ წმიდა ქალაქს, ამ წმიდა ტაძარს უნახავს მრავალი ზეიმი, მეფეთა კურთხევა, კათოლიკოს-პატრიარქთა ინტრონიზაცია, აღმავლობა, გაბრწყინვება ქვეყნისა და, ამავე დროს, უნახავს ღალატი, ნგრევა და მრავალი მოწამე. არა მარტო ეს ქალაქი, არამედ მთელი საქართველო მორწყულია მოწამეების სისხლით. აი, ასეთია ჩვენი წარსული. მე ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული როლი უკავია საქართველოს ეკლესიას დღესაც, როცა ხდება პროცესი გლობალიზაციისა, როცა მიმდინარეობს ცვლილებები და მრავალი პრობლემა დგას არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე. ამ დროს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ჩვენი სულიერი საუნჯე, არ დავკარგოთ ჩვენი ზნეობრივი, ინტელექტუალური და ეროვნული ფასეულობანი. რა თქმა უნდა, გლობალიზაციის პროცესი აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უნდა დავინახოთ სულიერი თვალითა და გონიერი გულით, თუ რა არის მისაღები და რა – არა. ასეთივე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენც, თქვენო უნეტარესობავ, და თქვენს ეკლესიას.
ჩვენ კარგად ვიცით თქვენი ისტორია, რომ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებული იყო ჯერ კიდევ 200 წლის წინ, როცა 8 ვალაამელი ბერი ჩავიდა ალასკაზე. თქვენ იმყოფებით პროტესტანტულ სამყაროში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს ქადაგებას, მინდა დიდი სიხარულითა და კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ამერიკის ავტოკეფალური მართლმამიდებელი ეკლესია თანდათან იზრდება; ეს გვახარებს ჩვენ, ახარებს ჩვენს ეკლესიას და ერს.
კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით ამ წმიდა ტაძარში და შევთხოვთ უფალს, რომ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება სუფევდეს თქვენთან და ჩვენთან. თქვენი ვიზიტი არის მტკიცე ხიდი ჩვენს შორის, ეს არის ისტორიული ვიზიტი, რადგან ეს არის თქვენი პირველი სტუმრობა საქართველოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა მომავალში უფრო განმტკიცდება და მას ექნება მრავალსახოვანი გამოვლინება: ურთიერთობა ეკლესიათა შორის, მეცნიერებს შორის, კულტურული ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობა. ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ხელისუფლების, რომ ამ ურთულეს პერიოდში თქვენი ქვეყანა ძალიან ეხმარება საქართველოს.
ნიშნად ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემისა, მინდა, გადმოგცეთ ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, რომელიც არის პატრონი და დიასახლისი საქართველოსი. შევთხოვთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას, რომ იყოს აგრეთვე პირადად თქვენი და თქვენი ეკლესიის მფარველი.
მინდა, აგრეთვე, მოგართვათ ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ძალაუფლებისა; ღმერთმა სულიერი და ფიზიკური ძალი მოგცეთ, რომ დიდხანს წარმატებით მართოთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი