"უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს"

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების ხსენება და ასევე დღეს გახლავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს ჩვენ ვადიდებთ, ვნატრით და ვიხსენიებთ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომელმაც პირველმა იქადაგა ქრისტეს სახარება საქართველოში, გამოგვიყვანა ჩვენ წარმართობის წყვდიადისგან, დააფუძნა ჩვენთან პირველი ეკლესიები და ქრისტეს ნათლით განგვანათლა ჩვენ ყველა, ჩვენი ერი.

ეს ორი მოვლენა, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა და ანდრია პირველწოდებულის ხსენება, ერთმანეთისგან განუყოფელია. თქვენ გახსოვთ, „ქართლის ცხოვრებაში“ როგორ არის აღწერილი ეს უდიდესი მოვლენა. როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ქალწულმაც მოისურვა წილის ყრაში მონაწილეობა და მას საქადაგებლად ხვდა ჩვენი სამშობლო, მაგრამ უფალი იესო ქრისტე შეაჩერებს მას და ეტყვის ასეთ სიტყვებს, რომ „მე არ უგულებელვყოფ შენდამი წილხვდომილ ერს, რომელიც არის ერი საზეპურო, ხოლო შენ შენს ნაცვლად წარავლინე წმინდა ანდრია მოციქული და თან წარატანე ხატი შენი“. ასეთი სიტყვებია.

შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული აი, ამ ლოცვა-კურთხევას გადასცემს წმინდა ანდრია მოციქულს და აუწყებს, რომ „გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასვენო სახე ჩემი სახიერისა ძისა ჩემისა ქვეყანასა ჩემსა წილხვდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელი ცხოვრებისა მათისა და ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ; და არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს მათ“. ასეთი საოცარი სიტყვებია, რომ „არავინ მტერთაგან მძლე ექმნეს ქართველთა ერსა და მე ვიქნები განმგებელი მათი ცხოვრების, და ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ“.

აი, ეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ორი დიდი ნიშანი იმ ზეპურობისა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ესაუბრება. ეს ჩვენი ზეპურობის ნიშნები, რა თქმა უნდა, კიდევ სხვაც არის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის მობრძანება და დავანება საქართველოში, მცხეთაში და კიდევ სხვა ნიშნები, რომლებიც ავლენენ უდიდეს სიყვარულს უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა ჩვენდამი, ჩვენი ერისადმი, ავლენენ განსაკუთრებულ მფარველობასა და სიყვარულს; და ჩვენ დღეს ვმადლობთ ამისთვის ღვთისმშობელს, უფალს და ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ესოდენ დიდი მადლი და წყალობა, მაგრამ ალბათ - არაფრით. საერთოდ, ეს ღვთის წყალობაა მხოლოდ და მისი სიყვარულია. როგორ ნამდვილი სიყვარული ვერასდროს უპასუხებს ამ შეკითხვაზე, თუ „რისთვის მიყვარს, რატომ მიყვარს“, ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს „რისთვის და რატომ“. ამ ყველაფერზე აღმატებულია. დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის.

დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულთან დაკავშირებით იყო წაკითხული სახარება, სადაც მოთხრობილია მოციქულების გამორჩევის შესახებ - ანდრია პირველწოდებულის, პეტრესი, იოანე ღვთისმეტყველის, ფილიპესი და ნათანაელისა. ეს მონაკვეთი დღეს არის ამორჩეული განსაკუთრებით იმიტომ, რომ საუბარია ანდრია მოციქულზე, ასევე ეს მონაკვეთი გამოირჩევა თავისი მესიანური შინაარსით.

აი, ამ სახარებაში წმინდა იოანე ნათლისმცემელი ეტყვის თავის ორ მოციქულს (ორთაგან ერთი იყო ანდრია, ხოლო მეორე, როგორც გადმოცემით ვიცით, იყო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი), წმინდა იოანე ნათლისმცემელი მიუთითებს მათ იესო ქრისტეზე და ეტყვის: „აჰა, ტარიგი ღვთისა“, ანუ კრავი ღვთისა. თქვენ იცით, რომ მესიანური სახელწოდებაა „კრავი ღვთისა“. ჯერ კიდევ ისაია წინასწარმეტყველი იყენებდა ამას, როგორც მესიანურ წოდებას, შემდგომ იოანე ღვთისმეტყველიც თავის „აპოკალიფსში“ არაერთხელ ამბობს ამას.

შემდეგ ანდრია მიდის თავის ძმასთან - სვიმეონთან, შემდგომში - პეტრე მოციქულთან და ეტყვის, რომ „ჩვენ ვპოვეთ მესია“, რომელიც თარგმანებით არის ქრისტე. შემდეგ ამავე სახარებაში ფილიპე მიდის ნათანეალთან და ეუბნება, რომ „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერდნენ მოსე და წინასწარმეტყველები რჯულში - იესო ნაზარეველი“. აქაც მესიაზეა საუბარი. და შემდეგ ნათანაელი როდესაც მოდის იესო ქრისტესთან, იგი ეტყვის უფალს: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისა!“ აი, რამდენიმე გამონათქვამია, რომლებიც მიუთითებენ იესო ქრისტეს მესიანურ ღირსებაზე დღეს და ეს იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მოციქულებისთვის, რაც მათ გაიგეს ქრისტესგან, რომ მათ დაუტევეს ყველაფერი, შეუდგენ ქრისტეს, თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ქრისტეს სიტყვის ქადაგებას და საბოლოოდ მოწამებრივად აღესრულნენ.

დღევანდელი სახარება გვიჩვენებს ჩვენ, რა არის უმთავრესი, რადგან მათთვის ეს აღმოჩნდა უმთავრესი, რომ შესწირეს თავიანთი სიცოცხლე, იმიტომ, რომ დღეს მრავალ ადამიანს ეშლება, არ იციან, რა არის უმთავრესი მათ ცხოვრებაში. და აი, დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ, რომ უმთავრესი ეს არის აი, ეს სიტყვები, რასაც ამბობს წმინდა ანდრია, რომ „ჩვენ ვპოვეთ მესია“.
აი, მესიის პოვნა, მისი აღიარება იესო ქრისტესი, როგორც ძე ღმერთისა, მისი მსახურება, მისი შეცნობა და მასთან თანაზიარება - ეს არის უმთავრესი რამ ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანი სულიერი არსებაა, მარადიული არსებაა, იგი ვერ ცხოვრობს მხოლოდ „პურითა ერთითა, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც ღმერთის პირიდან გამოვალს“. ამის გარეშე ადამიანი მარადიულ ცხოვრებას ვერ იმკვიდრებს.

დაბოლოს, აი, ეს შესანიშნავი სიტყვებია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი ეტყვის მოციქულებს, რომ „ამიერითგან იხილოთ გახსნილი ზეცა და ანგელოზები აღმავალი და გარდამომავალი ძესა ზედა კაცისას“. აქაც მესიანური წოდებაა „ძე კაცისა“.

და რას ნიშნავს: „იხილოთ გახსნილი ზეცა და ანგელოზები აღმავალი და ჩამომავალი“?

თქვენ შეიძლება იცით, რომ ეს არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენ ფიზიკური თვალით დავინახავთ, ზეცა როგორ გაიხსნება და ანგელოზები როგორ ავლენ და ჩამოვლენ, არამედ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში აი, ეს ზეცის გახსნა სიმბოლურად ნიშნავდა უფლის განსაკუთრებული წყალობის მოვლინებას და აქაც ასე უნდა გვესმოდეს, რომ „იხილავთ გახსნილ ზეცას“ - ნიშნავს, რომ მესიის მოვლინების შემდეგ თქვენ იხილავთ სულიერი თვალით, შინაგანი თვალით განჭვრეტთ განსაკუთრებულ სიახლოვეს ღმერთისა და ზეციური ძალებისა ადამიანთან ქრისტეს მეშვეობით და ქრისტეში. ამაზე საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

და აი, წმინდა ანდრია პირველწოდებულმა და მოციქულებმა იხილეს ის გახსნილი ზეცა, იხილეს შინაგანი თვალით ეს დიდება, ეს წყალობა და ეს სიხარული მოიტანეს ჩვენამდე, სიცოცხლე დასდეს ამისთვის და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნუგეში, რომ რაც უნდა დაცემულნი და ცოდვილნი ვიყოთ, შეგვიძლია სინანულისა და მათ მიერ დაარსებული ეკლესიის მეშვეობით მივიდეთ უფალთან და უფალი თავის წიაღში მიგვიხუტებს და მიგვიღებს ჩვენ ყველას.

ნება მიბოძეთ, დღევანდელ დღეს გადავცე ჩვენი მილოცვა განსაკუთრებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ ილია II-ს, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად გამგრძელებელი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო მოსაგრეობისა, ვინაიდან შედეგი და ნაყოფი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლისა ნამდვილად სამოციქულოა; და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ, ამას ვიმკით, როგორც შვილები, ვხარობთ და ვმადლობთ მას ამისთვის.

ღმერთმა გააძლიეროს, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მიმადლოს.

მისი ღვაწლისა და შრომის ერთ-ერთი დიდი ნაყოფი გახლავთ ის, რომ დღევანდელი დღე ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, როგორც ეროვნული დღესასწაული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაც აღიარებს ამ დღის როლს არა მარტო, როგორც რელიგიური მნიშვნელობისა, არამედ, როგორც კულტურული, როგორც სახელმწიფოებრივი დიდი მნიშვნელობის მქონეს.

დღეს ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვესწრება ბატონი პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებიც გვესწრებიან და მინდა აღვნიშნო თქვენი დიდი როლი ამ შესანიშნავ საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

უფალმა ინებოს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს, ამინ!

ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!“

მახათას მთა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

12 მაისი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა

ფოტო: ნინო სოზაშვილი