"უფალი ჩვენს სიყვარულს, ჩვენს მადლიერებას ელოდება, რომ შევიყვაროთ მისი მცნებები"

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს, წმინდა გარდამოხსნის გამოსვენებისას

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ჩვენ დღეს ვმადლობთ უფალს, რომ კიდევ ერთხელ ღირსგვყო, ვიდგეთ მისი ცხოველმყოფელი საფლავის წინაშე, რომელიც არის ჩვენი ცხოვრების წყარო, ჩვენი სიხარულის წყარო ამ მიწიერ ცხოვრებაშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც. და ვფიქრობთ უფალ იესო ქრისტეს მაცხონებელ ღვაწლზე, მის ვნებებზე, ჯვარცმაზე, მკვდრეთით აღდგომაზე, აი, ამ დიდ საიდუმლოებაზე, თუ რაოდენ მიუწვდომელია ეს ადამიანის გონებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ვიცით, რომ უფალმა საკმაოდ გვიბოძა ჩვენ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად ჩავწვდეთ აი, ამ საიდუმლოს.

დღეს ჩვენ ვდგავართ მისი წმინდა საფლავის წინაშე, სადაც არის მდებარე უფალ იესო ქრისტეს სხეული, რომელმაც დაითმინა სიკვდილი ჩვენი გადარჩენისთვის, ჩვენი ცხონებისათვის. ადამიანებმა შევცოდეთ მას, ხოლო უფალმან ივნო და მოკვდა ჩვენი გადარჩენისთვის. ჩვენ უარვყავით უფალი, მაგრამ უფალმა არ ინება ჩვენი უარყოფა, არამედ ისურვა ჩვენი გადარჩენა და ამისთვის დაითმინა სიკვდილი და დაფვლა; მაგრამ, როგორც იცით, ღმერთისთვის შეუძლებელია სიკვდილის დათმენა. ამიტომ იგი განკაცდა, მიიღო კაცობრივი ბუნება და აი, ამ კაცობრივი ბუნებით დაითმინა ვნება და სიკვდილი.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რით შეიძლება გადავუხადოთ მადლობა უფალს? რა შეგვიძლია ჩვენ? დღეს საკმაოდ მრავლად ვართ აქ შეკრებილი, ყველა ტაძარშიც მრავლად არის მრევლი, ტაძრები მორთულია კელაპტრებით, ყვავილებით და ა.შ. რა თქმა უნდა, უფალი ამასაც შეიწირავს, ამას არ უარყოფს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველაზე აღმატებულია და რასაც ელოდება ჩვენგან უფალი იესო ქრისტე, რის გარეშეც ვერცერთი მსხვერპლი, ჩვენგან გაღებული, შეწირული ვერ იქნება. რა არის ეს?

ამაზე თვითონ უფალი ბრძანებს ბიბლიის სიტყვებით: „შვილო, მომეც მე, გული შენი და თვალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა“. ე.ი. მომეც მე გული შენი და შენი თვალები ჩემს გზას უყურებდეს. ასეთ რამეს ამბობს უფალი. ე.ი. რას ითხოვს ჩვენგან? რას ელოდება? ჩვენს სიყვარულს ელოდება, ჩვენს მადლიერებას ელოდება, რომ შევიყვაროთ მისი მცნებები და აი, იმ გზით ვიაროთ, რომელიც მან გვიანდერძა და დაგვიტოვა, იმიტომ რომ თავად არის ეს გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, რომელიც მიმყვანებელია ცათა სასუფეველში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ამიტომაც დღეს ჩვენ, ახლა, როდესაც ვემთხვევით წმინდა გარდამოხსნას, ვიქონიოთ მტკიცე განზრახულება, მონდომება, რომ ვეცდებით, ეს სიყვარული მოვიპოვოთ, ამ სიყვარულით ვუპასუხოთ უფალს და შევუდგეთ მის მცნებებს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე იქნება სირთულეებიც, იქნება განსაცდელებიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამაშიც ჩვენი შემწე არის უფალი იესო ქრისტე, რომელიც იმ მორწმუნეებს, იმ მოღვაწეებს, რომლებიც მასთან ერთად თანაჯვარცმულ, თანავნებულ იქნებიან, მასთან ერთადვე თანააღდგენს და მიანიჭებს დაუსრულებელ სიხარულს და მოუკლებელ ნეტარებას ცათა სასუფეველში მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

22 აპრილი, 2022 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა