ქადაგება ათენგენობის დღესასწაულზე (სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, 2004 წელი; ყაზბეგი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II
ქადაგება ათენგენობის დღესასწაულზე
ყაზბეგი, სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, 2004 წელი
„დიდი მოთმინება ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, არავის უჩვენებდნენ, რომ უჭირდათ!“


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ თქვენ და ყაზბეგის მთელს რაიონს ათენგენობას. ეს ადგილობრივი
დღესასწაულია. საოცარი დამთხვევაა, რომ დღეს არის ხსენება ათანასე დიდისა ათონელისა
და წმიდა სერგი რადონეჟელისა.
შევთხოვთ უფალს, ამ წმიდათა ლოცვით და მეოხებით საქართველოს მოჰმადლოს მშვიდობა
და კეთილდღეობა.
წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ
სჯული იგი ქრისტესი“. ეს არ არის ადვილი, რადგან ადამიანს უწევს იტვირთოს სხვისი
სიმძიმეც. მაგრამ ეს აუცილებელია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს ტვირთი კი
არ უნდა დავუმძიმოთ, არამედ შევეშველოთ ჯვრის ზიდვაში.
ადამიანი არის საოცარი ქმნილება ღვთისა. შეიძლება ის შთავიდეს ჯოჯოხეთამდე და
ასევე შესაძლოა აღვიდეს ზეცად უფალთან. მაცხოვარი ბრძანებს: „იყავით სრულ, ვითარცა
მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს.“ რა თქმა უნდა, ადამიანი ვერასდროს მიაღწევს ისეთ
სრულყოფას, როგორიც მამაზეციერს აქვს, მაგრამ ეს ჩვენ იმაზე მიგვითითებს, რომ
სრულყოფა ადამიანისა დაუსრულებელია, იგი არ უნდა შეწყდეს. ყოველი ადამიანი დგას იმ
კიბეზე, რომელიც ზეცად ადის. მაგრამ ადამიანი ამ კიბეზე ან ზემოთ მიიწევს, ან დაბლა
ეშვება, რადგან არავის შეუძლია იდგეს ერთ ადგილზე. ღმერთმა ინებოს, რომ მთელმა
საქართველომ ზესვლით იაროს. რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა,
საჭიროა ჭეშმარიტი სარწმუნოება და იმედი. არასდროს არ უნდა დავკარგოთ იმედი ღვთისა
და მუდამ გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული აღემატება ყოველ ცოდვას, თუ ადამიანს
გააჩნია სინანული. ამიტომ ამბობს ეფრემ ასური: „ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდაი
თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“ ჩვენ რატომღაც სხვისი
გამოსწორებით ვიწყებთ და არა საკუთარი თავის. რატომღაც ყოველთვის უკეთ ვხედავთ
სხვის ცოდვებსა და დანაშაულს, ვიდრე საკუთარს. აი, ამიტომ ვვარდებით განკითხვა და
განსაცდელში. ვისაც გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა“, იგი არასდროს განიკითხვას
სხვას. და რაც უფრო სულიერად მაღლა ადის ადამიანი, მით უფრო მეტად ცოდვილად მიაჩნია
საკუთარი თავი. ჩვენ რომ წავიკითხოთ წმიდათა ცხოვრება, ვიხილავთ, რომ ისინი არა
მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დიდი განცდით აღიარებდნენ თავისი სულის ტკივილს და
მიაჩნდათ, რომ მათზე ცოდვილი დედამიწაზე არაივინ დაიარებოდა. პავლე მოციქულიც
ამბობს: „ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ“. თვისთა ცოდვათა განცდით უნდა დავიწყოთ
სრულყოფის გზით სვლა.
ღმერთმა დაგლოცოთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ ათენგენობას. ჩვენს სოფელში დღეს და
ხვალ დიდი დღესასწაულია. და მე ბედნიერი ვარ, რომ უფალმა მაკურთხა და ამ დიდებულ
სარკის წმიდა გიორგის ტაძარში დღეს შევასრულეთ წირვა.
აქ განისვენებენ ჩემი დიდი წინაპრები: შიოლა ღუდუშაური, სნო, ღუდუშა (მისგან
წარმოიშვა ღუდუშაურების გვარი). შიოლა ღუდუშაური თქვენ იცით, ცხოვრობდა XVII
საუკუნის 20- იან წლებში და იყო მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა. მას დედა ჰყავდა
ბაგრატიონის გვარისა, ხოლო მეუღლე – ერისთავი. მას მეფიანთ ქალს ეძახდნენ. ამიტომ
მისი სახელი არ ვიცით. ჩვენს წინაპრებს ისეთი დიდი მოთმინება ჰქონდათ, არავის
უჩვენებდნენ, რომ უჭირდათ. მე მსმენია მამაჩემისგან, რომ როცა ყანაში სამუშაოდ
გასულებს მოშივდებოდათ და სადილად დასხდებოდნენ, თუ ოჯახს უჭირდა და პურის მეტი არა
ჰქონდა რა, ბროლის ქვებს დააწყობდნენ, რომ თუ ვინმე თვალს მოჰკრავდა ყველი
ჰგონებოდა და არავის ეფიქრა, რომ მათ ყველი არ ჰქონდათ პურთან მისაყოლებლად.
მახსენდება პაპის ამბავი. იგი ძალიან ადრე გარდაიცვალა. მთის სათიბზე ყოფილა
თივის ჩამოსატანად წასული. ზამთარში ადიოდნენ ხოლმე. იქ თივას მოწნული ტოტებისაგან
ამზადებდნენ. საქარზე დებდნენ და ისე ჩამოქონდათ. პაპაჩემი თურმე თივას წინ
მიუძღვოდა, ხოლო ერთი ადამიანი უკან მიჰყვებოდა და თოკით იჭერდა, რომ თივა არ
დაცურებულიყო. მას ხელიდან გასხლტომია თოკი, ზვინი პაპაჩემს დაეცა და კლდიდან
გადაჩეხა. აი, ასე გარდაიცვალა იგი სრულიად ახალგაზრდა. ბებიაჩემმა თავისი შვილები
ობლობაში გაზარდა, მაგრამ შეძლო, უმამობა არ ეგრძნობინებინა.
ღმერთმა დაგლოცოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27(285), 2004 წ.