"დღეს ვიხსენებთ 9 აპრილს დაღუპულ მონათა და მხევალთა ღვთისათა სულებს, ვმადლობთ მათ ამ თავგანწირვისთვის, თავდადებისთვის."

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდის დაწყებამდე კი მრევლს ქადაგებით მიმართა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. 

ჩვენთან არს ღმერთი!

პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს ჩვენ შევასრულებთ პანაშვიდს 9 აპრილს დაღუპულ მონათა და მხევალთა ღვთისათა მოსახსენიებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერთხელ ბრძანა, რომ 9 აპრილი - ეს არის, ერთი მხრივ, გლოვის დღე, მაგრამ, ამავე დრო, ეს არის ზეიმისა და ჩვენი სულიერი ამაღლების დღეც.

თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ ეს დღე არის ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების დღეც. 9 აპრილიდან ზუსტად 2 წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. და აი, თავის სიტყვაში მანაც 9 აპრილს უწოდა ცრემლნარევი სიხარულის დღე და ასევე ბრძანა, რომ ჩვენი ერის ისტორიაც ასეთია, ცრემლნარევი სიხარულია. ეს არის ქრისტეს მსგავსად გზა გოლგოთისა, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი მკვდრეთით აღდგომისა. ნამდვილად ასეა.

ჩვენ, ერთი მხრივ, მწუხარებით ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დღეს გამოვლინდა ის თვისება, რაც არის ალბათ უმთავრესი ნებისმიერი ერისა, რომელსაც სურს სულიერი გადარჩენა და აღმავლობა. ეს არის თავგანწირვა სამშობლოსა და მოყვასისათვის. ალბათ სწორედ აი, ამ თვისების გამო, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ასევე პრეზიდენტმაც აი, ამ დღეს უწოდეს ცრემლნარევი სიხარული, სულიერი ამაღლებისა და ზეიმის დღეც, გლოვასთან ერთად.

ჩვენ დღეს ვიხსენებთ 9 აპრილს დაღუპულ მონათა და მხევალთა ღვთისათა სულებს, ვმადლობთ მათ ამ თავგანწირვისთვის, თავდადებისთვის.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ერში გაძლიერდეს თავგანწირვის სული, ვინაიდან ეს იყო ყოველთვის ისტორიულად ჩვენი ერის გადარჩენის საწინდარი და ეს სული საოცრად გამოვლინდა ამ დღეებში. თითქოს ათეისტური პერიოდი გვქონდა გამოვლილი, თითქოს ამის გამო სულიერად ვიყავით დაუძლურებული, მაგრამ წინაპართა აი, ეს დიდი სული სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისა გამოჩნდა.

ღმერთმა აცოხნოს 9 აპრილს დაღუპულ მონათა და მხევალათა სულები და ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!“

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

9 აპრილი, 2022წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა