სამების ტაძრის ეზოში საკურას ნერგები დაირგო (06.04.2022)

ა.წ. 6 აპრილს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა იმამურა აკირამ სამღვდელოებასთან, პატრიარქის ნათლულებთან, სმენადაქვეითებულ შშმ პირებთან, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის სტუდენტებთან ერთად იაპონიის სიმბოლო - საკურას ნერგები დარგო.

ყველამ დიდი მადლიერება გამოხატა ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ამასთან მიულოცეს დაბადების დღე, რასაც საქართველოს საპატრიარქოც უერთდება.

თავის მხრივ ბ-ნმა იმამურა აკირამ აღნიშნა ქრისტიანობის უდიდესი როლის თაობაზე ქვეყნის ცხოვრებაში და ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში.

ზემოაღნიშნული ღონისძიება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობას და დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 30 წლისთავს მიეძღვნა და იგი საქართველოს საპატრიარქოში დაწყებული ღონისძიების გაგრძელებაა.