ქადაგება წმიდა სამების მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის წინ (6 დეკემბერი, 2003 წელი; წმიდა სამების მშენებარე ტაძარი)

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II ქადაგება
წმიდა სამების მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის წინ
წმიდა სამების მშენებარე ტაძარი, 6 დეკემბერი, 2003 წელი
„…გვწამს, რომ ამ ჯვრის აღმართვით ღმერთი, ყოვლადწმიდა
სამება
მოგვმადლებს მშვიდობას, სიხარულს, ურთიერთგაგებას,
ერთსულოვნებას, საქართველოს გამთლიანებას!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ამ წმიდა ადგილიდან ჩვენ მივმართავთ სრულიად საქართველოს!
დღეს არის ბედნიერი დღე. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გუმბათზე დღეს ჯვარი
აღიმართება. ჩვენ გვწამს, რომ ამ ჯვრის აღმართვით ღმერთი, ყოვლადწმიდა სამება
მოგვმადლებს მშვიდობას, სიხარულს, ურთიერთგაგებას, ერთსულოვნებას, საქართველოს
გამთლიანებას.
კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვარი იცავდა საქართველოს 2000 წლის მანძილზე და
მისმა მადლმა იხსნა სრულიად საქართველო მტრის ურიცხვ შემოსევათაგან, რომელიც,
უპირველეს ყოვლისა, ტაძრებსა და მონასტრებს ანგრევდა, რადგან მტერმა იცოდა, რომ
ამაშია ძალა ქართველი კაცისა, ჩვენი ერისა. ეს არის უდიდესი ძალა უფლისა.
ჩვენ დღეს ვმადლობთ შემოქმედს, რომ ჩვენმა ხალხმა აღაშენა წმიდა სამების ეს
დიდებული ტაძარი, რომელიც არის ქართველი ერის მთლიანობის სიმბოლო და კიდევ ერთხელ
ვრწმუნდებით იმაში, რომ ქართველ კაცს შეუძლია გაჭირვების ჟამსაც მრავალი სიკეთე
ქმნას დადიდებული საქმეები აღასრულოს. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერამას უფალი აკეთებს, ჩვენ კი ვართ მდაბალნი
მსახურნი მისნი. 'წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!“
ჩვენც ამ ბედნიერ დღეს დიდებასა და მადლობას ვწირავთ ყოვლადწმიდა სამებას ამ დიდი
წყალობისა და სიხარულისთვის.
ქართველი ერი მუდამ გამოირჩეოდა თავისი ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და სიყვარულით.
ღმერთმა დააჯილდოვა ქართველი კაცი განსაკუთრებული სიყვარულის უნარით. წმიდა იოანე
ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს.“ სიყვარული არის თვისება
ყოვლადწმიდისა სამებისა.
შევთხოვთ ღმერთს, რომ ამ ისტორიულ დღეს, ყოველ ადამიანს, ვინც რწმენითა და
სიყვარულით მოვა, ან მოდის, ან ახლა აქაა ამ წმიდა ტაძართან, – აღუსრულოს ლოცვა და
ვედრება მისი.
ჩვენ გვწამს, რომ საქართველო გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან და აუცილებლად
გავალთ სამშვიდობოზე. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი,
ერთიანი და ერთსულოვანი, მაგრამ ამას სჭირდება ლოცვა, სჭირდება საქმე და სჭირდება
დრო.
მივმართავ სრულიად საქართველოს: არასდროს არ უნდა დაკარგოთ იმედი ღვთისა და
იმედი მომავლისა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენთან არს ღმერთი თვისითა წყალობითა, მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა!
დღეს არის ბედნიერი დღე, როცა გამოვლინდა ეს დიდი წყალობა ქართველთა ზედა. მინდა
მადლობა შევწირო ყველას, ვინც მიიღო, ან ვინც ახლა ღებულობს მონაწილეობას ამ ჯვრის
შექმანში ან ამ ტაძრის მშენებლობაში. ასეთები ბევრნია. ღმერთმა დალოცოს და
გააძლიეროს ისინი. ღმერთმა გააძლიეროს და დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც
მოწყალებით ამკობს თავის ცხოვრებას! იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის
გარეშე მკვდარია. საქმეში უნდა გამოვლინდეს ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული. თქვენ
იცით, რომ თუკი ადამიანს გააჩნია სიყვარული, მას აუცილებლად სიხარულიც აქვს.
ღმერთმა მოგცეთ დიდი სიხარული, დიდი სიყვარული და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი
სარწმუნოება. აი, ეს ძალა გადაგვარჩენს ჩვენ! ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს
ეროვნული და სულიერი სარწმუნოებრივი ფასეულობანი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა
გავუფრთხილდეთ ამ ფასეულობას. შემთხვევით არ იყო, რომ ჩვენმა დიდმა წინაპარმა,
წმიდა ილია მართალმა ბრძანა: „მამული, ენა, სარწმუნოება.“ ეს არის ჩვენი დიდი
ეროვნული და სულიერი ფასეულობა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. და დღეს, როდესაც ასე
აქტიურად იჭრება საქართველოში უცხოეთიდან სხვადასხვა ფსევდოკულტურა,
ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მას ჩვენი ეროვნული და სულიერი ფასეულობანი
დავუპირისპიროთ.
მინდა კიდევ ერთი ამბავი გახაროთ. დღეს არის ბედნიერი დღე კიდევ იმიტომ, რომ
მამუკა და ირინა ჭინჭარაძეების ერთმა ქართულმა ოჯახმა იერუსალიმისმახლობლად,
ბეთლემთან, სახლი შეისყიდა და სურს, იგი საჩუქრად საქართველოს საპატრიარქოს
გადმოსცეს. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამ დიდი შემოწირულობისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს
სრულიად საქართველო!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №49(257),
2003 წ.