იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტურ ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს

დღეს, 2021 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით პირველი მოსმენა შედგა.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კანონპროექტის მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენელი სხვა სასულიერო პირები.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ეკლესიის მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებულ ინიციატივასა და სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობსზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საპატრიარქო სამუშაო პროცესში დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში იყო ჩართული და რიგი პუნქტების შემუშავებაში მათ მიიღეს მონაწილეობა.

„ძალიან სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომლებიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდიან, თამაშობენ, აგებენ და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის.

იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტურ ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს.

მისი ინიციატორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე საპატრიარქოში, კონფერენციაზე მოვისმინეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საუბრები ამ თემაზე პარალელურად ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა. ჩავერთეთ, თითქმის წელიწად-ნახევარი ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო და საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფი: ფსიქოლოგები, სოციოლოგები და 200-მდე დასკვნა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების შევკრიბეთ, ასევე ხელმოწერები შევკრიბეთ და მონაწილეობა მივიღეთ რიგ პუნქტებში, რომლებიც დღეს ამ კანონპროექტში აისახა," - ბრძანა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კანონპროექტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. მუშაობის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ამავე კომიტეტში მისი მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგად მას ასევე დაჩქარებული წესით მეორე მოსმენისათვის მოამზადებენ.