უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება 100 000 მოწამის დღესასწაულზე

(სიონის საპატრიარქო ტაძარი, 13 ნოემბერი, 2003 წელი)
„საქართველოში სარწმუნოება საუკუნეების მანძილეზე
ისეთივე ცხოველი დარჩა, როგორც ეს პირველ საუკუნეებში იყო!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმიდა წერილში ვკითხულობთ: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი.“ საუნჯე აუცილებელია ადამიანისათვის, მაგრამ გააჩნია რას ვიუნჯებთ. ქართველი ადამიანი ოდითგანვე, უპირველეს ყოვლისა, სულიერ საუნჯეზე ზრუნავდა და არა მატერიალურზე. სწორედ სულიერი საუნჯეა ჩვენი ქართველობა, ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები, მტკიცე ქართული ოჯახი, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. ძველ დროს ყველა ცდილობდა ისე ეცხოვრა, რომ დაეცვა ის 10 მცნება, რომელიც უფალმა კაცობრიობას მისცა. და ყველაზე მეტად კი ჩვენი წინაპრები იუნჯებდნენ რწმენას, მართლმადიდებელ სარწმუნოებას.
დღეს დიდი ეროვნული დღესასწაულია – ხსენება 100 000 ქართველისა, რომელნიც ხვარაზმელთაგან ჯალალ-ედ-დინის დროს ეწამნენ. ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველომ გამოიარა ოქროს ხანა – თამარ მეფისა და შემდეგ სამეფო ტახტზე აბრძანდა რუსუდან დედოფალი. სამწუხაროდ, სწორედ ამ პერიოდში ჩვენი ქვეყანა სულიერად დაუძლურდა. როგორც ყოველთვის, როცა ქართველები ვივიწყებდით ზრუნვას სულიერ საუნჯეზე, როგორც კი ვკარგავდით სიყვარულსდა ერში მართლმადიდებელი სარწმუნოება ნელდებოდა, სწორედ იმდროს ვარდებოდა საქართველო საშინელ განსაცდელში, სწორედ ასეთ პერიოდში შემოიჭრა საქართველოში ჯალალ-ედ-დინი თავისი ჯარით. ესეც ღალატით მოხდა, თბილისელმა სპარსელებმა გაუხსნეს მტერს დედაქალაქის გალავნის კარიბჭე. მემატიანეს აღწერილი აქვს, როგორ აწამებდნენ ხალხს ხვარაზმელნი, არ ზოგავდნენ არც ბავშვებს, არც ქალებსა და არც მოხუცებს. ჩვენ, ალბათ, ახლაც ჩვენს მოწამეთა სისხლზე ვდგავართ და დავაბიჯებთ.
ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისში დასრულიად საქართველოში ერთ გოჯა მიწასაც კი ვერ ნახავთ, რომ იგი არ იყოს მორწყული და გაჟღენთილი სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის წამებულ ქართველთა სისხლით. როგორც გახსოვთ, ჯალალ ედ-დიდნმა სიონის ტაძარს გუმბათი აღხადა და იქ დაადგმევინა თავისი ტახტი; და ასე ტახტზე შემომჯდარი იქიდან უყურებდა ქართელი ერის ტანჯვას. სიონის ტაძრიდან ჯალათებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გაიტანეს, მეტეხის ხიდზე დადეს და აიძულებდნენ ქართველ ერს ფეხით გაეთელათ ისინი. ეს ქმედება, ბუნებრივია, სარწმუნოების უარყოფას ნიშნავდა. ქართველებმა ხატების შეურაცხყოფას მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს.
ჩვენი წარსული ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართველი კაცი მოწამეობაზე ადვილად მიდიოდა. ეს შეიძლება მხოლოდ პირველი საუკუნეების ქრისტიანების სულისკვეთებას შევადაროთ. საქართველოში სარწმუნოება საუკუნეების მანძილეზე ისეთივე ცხოველი დარჩა, როგორც ეს პირველ საუკუნეებში იყო. მაშინ, როდესაც მაცხოვრის მიმდევარნი სასტიკად იდევნებოდნენ, ახალუწმიდესისაგაზრდები გამოდიოდნენ სახლებიდან და ყვიროდნენ: „მე ქრისტიანი ვარ!“ რადგან სურდათ სიკვდილი ქრისტესთვის. ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ზოგჯერ დედები უმალავდნენ ტანსაცმელს თავიანთ შვილებს, რათა ისინი ქუჩაში არ გასულიყვნენ. აი, ასეთი პირველი საუკუნეების რწმენა ჰქონდა მუდამ ქართველებს. და სწორედ ამით აიხსნება ის ფენომენი, რომ ქართველი კაცი ძალიან ადვილად მიდიოდა მოწამეობაზე.
„ქართლის ცხოვრებაში“ წერია, რომ თბილისში იმ დღეს ჯალალედ- დინის ბრძანებით 100 ათასზე მეტ ქართველს მოჰკვეთეს თავი. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ეს შვილები დაკარგა საქართველომ? ეს ასე არაა. ეს მოწამენი სულიერი მხედრიონი, სულიერი ლაშქარია საქართველოსი და ისინი უფრო მეტს აკეთებენ ახლა ზეციურ საქართველოში, ვიდრე ჩვენ – აქ, დედამიწაზე.
ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი სიყვარულისა და რწმენისათვის, რომელიც უხვად უბოძა საქრათველოს. დღეს, თქვენ იცით, ძალიან უჭირს ჩვენს ქვეყანას და მე მოგეცით ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღიურად იკითხოთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები სამშობლოს მშვიდობისათვის. უკვე არის დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის და ძალიან საშიშია, რომ არ მოხდეს დაპირისპირება ხალხში. ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება. იმის შესახებ, რომ ეკლესია მზადაა ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში რაღაც მონაწილეობა მიიღოს შერიგებასა თუ შუამდგომლობაში. არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება, ასეთი მტრობა. როცა გარეშე მტერს ებრძვი, გასაგებია. მაგრამ ძალიან ძნელია, როცაშენს წინ შენი ძმა, შენი ახლობელი, შენი სისხლი და ხორცი დგას. ჩვენ შევთხივთ უფალს, რომ უფალმა დაამშვიდოს ქართველი ერი და მოგვანიჭოს ერთსულოვნება.
ღვთისმეტყველებაში არსებობს ასეთი ტერმინი: „სული წინააღმდეგობისა“, ეს ბოროტი სულია. განგიმარტავთ, თუ როგორ ვლინდება ეს სული. ვთქვათ, საუბრობს ადამიანების ჯგუფი რაღაც სასიკეთო საკითხზე და ყველანი დადებითად აფასებენ ამ საქმეს. მაგრამ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ რაზედაც ესენი მსჯელობენ, ყველაფერი სიყალბეა და მხოლოდ რასაც თავად ამბობს, ის არის სწორი. ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ მასში შევიდა ბოროტი სული წინააღმდეგობისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ამის საპირისპირო სულიც – სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა. ეფრემ ასური ამბობს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა.“ იმას კი არ ითხოვს, სხვისი ცოდვების ხედვა მომეციო, არამედ საკუთარი ცოდვები დამანახეო და დასძენს, მომანიჭე „არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. აი, ეს ორი რამ: „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“ უნდა ახასიათებდეს ყოველ მორწმუნე ადამიანს, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. არაა საკმარისი მარტო ეკლესიაში მოსვლა და გარეგნულად აღიარება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, აუცილებელია, შინაგანი განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა. ესაა ერთადერთი გზა სასუფევლისაკენ.
ეს ერთადერთია საქარტთველოში. ღმერთმა დაამშვიდოს საქართველო. დღეს სიონში ლოცვა-კურთხევისთვის მობრძანებულები არიან ბატონი არჩილ გელაშვილი და ქალბატონი ხათუნა გელოვანი, რომელთაც დაარსეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის საზოგადოება. დიმიტრი ყიფიანი, მოგეხსენებათ, იყო დიდი ქართველი, თავდადებული მოღვაწე და ეს ის ადამიანია, რომელიც შეეწირა საქართველოს. ცნობილია, რომ იგი აწამეს და მოკლეს. ეს ეგზარქოსების ხანაში მოხდა ეს ის პერიოდია, როცა თბილისში მოკლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი და ამის გამო ეგზარქოსმა ქართველი ერი დაწყევლა. ამით აღშფოთებულმა დიმიტრი ყიფიანმა წერილი გაუგზავნა მას, რომელშიც წერდა: „მეუფეო, ამიერიდან შენ აღარ გაქვს უფლება იყო მწყემსმთავარი საქართველოსი, იმიტომ რომ შენ დაწყევლე შენი სამწყსო და ამიტომ უნდა წახვიდე.“ ამ სიტყვებისთვის დაისაჯა დიმიტრი ყიფიანი, იგი გადაასახლეს და შემდეგ მოკლეს. იგი დიდი პიროვნებაა და მე ვფიქრობ, რომ ღვთის მადლით, შეიძლება დადგეს ისეთი ღვთისავკურთხეული დრო, როცა საქართველო და საქართველოს ეკლესია აღიარებს მას წმიდანად. დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი დიდი მსხვერპლია ღვთის წინაშე. მინდა, დავლოცო ბატონი არჩილი და ქალბატონი ხათუნა ამ დიდი საქმისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მინდა გადმოგცეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იქნება თქვენი და ამ საზოგადოების მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ჩვენმა დედებმა მოამზადეს თქვენთვის, ჩვენი მრევლისთვის, პატარა სუფრა, ნამცხვარი და სხვადასხვა ნუგბარი 100 ათასი მოწამის სახელზე. გთხოვთ, მიირთვათ.
გეწეოდეთ 100 ათასი მოწამის მადლი თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს, რომ სულ მალე ვიხილოთ დამშვიდებული და გამთლიანებული საქართველო! ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი