სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადება ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით (04.07.2021)

ბოლო კვირის განმავლობაში ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებით შეწუხებულია ასევე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია:

საუკუნეების მანძილზე საქართველოში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანავცხოვრობთ სხვა და სხვა რელიგიის წარმომადგენლები.

თანამედროვე რეალობამ, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს საუკუნეების მანძილზე შექმნილ და შენარჩუნებულ ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

საქართველოს სომეხთა ეპარქია ავრცელებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თავისუფლება. ჩვენ ვაფასებთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა, როდესაც საუბარია ეგრეთ წოდებულ ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა გამოხატვის გარემოებასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასა და სხვებისათვის თავს შემოხვევასთან. იმას, რასაც ეგრეთ წოდებული „პრაიდის“ ორგანიზატორები გეგმავენ შეუსაბამობაში მოდის ჩვენს მორალურ ნორმებთან და ეწინააღმდეგება ჩვენი ერთმანეთთან თანაცხოვრების შედეგად ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქია ეწინააღმდეგება უზნეობის ზნეობად აღიარების მცდელობებს.

აქვე დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლები არასოდეს ყოფილან დევნილი საკუთარი ცხოვრების წესის გამო. ხოლო მსგავსი პრაიდები მიზანმიმართულია არა ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვისაკენ, არამედ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს ემსახურება. ზემოთ აღნიშნული ჯგუფები საკუთარი მიზნების მიღწევისათვის არ ერიდებიან აღნიშნული საკითხის გარშემო ხელოვნური კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირებების პროვოცირებას. ისინი გამოყოფენ და საზოგადოებას უპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის მქონე პირებს, და ამგვარი საქმიანობის მავნე ზემოქმედების შედეგად საფრთხეს უქმნიან მომავალ თაობებს.

ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. ,,პრაიდის ‘‘ჩატარება. მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული