სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე (17.12.2020)

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიანს აქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად შენდა.“

ყველას გილოცავთ ბარბარობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული.

 წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე რწმენისა და ქრისტეს ერთგულებისა...

 პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. და აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდებისა, ჩვენი ხალხისა.

დღეს ჩვენ  ასევე ვფიქრობთ: ეს, რაც ხდება, რა არის? ამდენი მსხვერპლი, სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა?

არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე.

შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა დალოცოს ერი თვისი მშვიდობი.

 ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ! ეძიებდით და ჰპოვოთ! დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულში, გონებაში, სულში და დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ამ ლოცვას.

 

გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება.

ამის გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თავისი თხოვნები. როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და არ შეიძლება რომ ღმერთმა არ შეისმინოს ეს ვედრება.

თქვენი თხოვნების წერილები გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს,  რომ როცა შეგროვდება საკმაო რაოდენობა, გამოვცეთ წიგნად.

ეხლა მეუფე დანიელს ვთხოვთ, წაიკითხოს ლოცვა.

 

„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო.

შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ.

შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან.

შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ლოცვისა, ამის.

 ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში, იქნება ტაძრებში და სადაც არ უნდა იყოთ ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, წაიკითხეთ იგი და ღმერთი შეისმენს მას.

დალოცვილი იყავით!

ჩვენთან არს ღმერთი!