საკვირაო ქადაგება (9 დეკემბერი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 9 დეკემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანის მიწიერი ყოფა გამოცდაა და წარმოადგენს დასაწყისს იმ დიდი ცხოვრებისა,
რომელიც იმქვეყნად მოგველის. ქართველი ამქვეყნდან გასვლას გარდაცვალებას ეძახის,
რადგან იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. მიწიერი ცხოვრება სირთულეებითა და
წინააღმდეგობებით არის აღსავსე. აქ გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და
ბოროტს შორის. ბედნიერია ის, ვინც სთესს სიკეთეს, სიყვარულს და არა ღვარძლს, შურსა
და მტრობას. უფალი ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა ჩვენშია და მისი მოპოვება აქ,
ამქვეყნად იწყება. ადამიანის აზროვნებას, მის სიტყვებს, მოქმედებას ეტყობა, თუ
საბოლოოდ სად დაემკვიდრება მისი სული – სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში. ყოველი ადამიანი
სცოდავს, მაგრამ ზოგიერთი ურიგდება და ტკბება მისით, ზოგი კი ინანიებს და საბოლოოს
შეიძაგებს მას. ცოდვა უნდა გძულდეს და გრძნობდე მის დამღუპველ ბუნებას. წმიდა იოანე
ოქროპირი ამბობს, მთავარი ის კი არ არის, რომ ეცემი, არამედ ის, რომ შეძლებ
ცოდვიდან ამოსვლას, განიწმედ სულს და ცხოვრებას გააგრძელებ. ადამიანს ხშირად ძალა
არ ჰქოფნის გათავისუფლდეს ცოდვისაგან, რის გამოც ეწყება დეპრესია, ვარდება
სასოწარკვეთილებაში, ვერ ებრძვის ვნებას, ჰგონია, რომ ჩიხშია მოქცეული და გზა
ხსნისა აღარ არსებობს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა შეიძლება საშინელი ცოდვა
ჩაიდინოს – თავი მოიკლას. ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – ღვთის სიყვარული და
წყალობა ყოველგვარ ცოდვაზე მაღლა დგას. უფალი საოცრად მოწყალეა, საჭიროა მხოლოდ
სინანული და შეწევნაც არ დააყოვნებს.
თქვენ გემახსოვრებათ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა: „ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდაი
თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. განცდა თვისთა ცოდვათა და
განუკითხველობა ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. განმკითხველი ადამიანი ძალიან
ხშირად იმავე ცოდვაში ვარდება, რასაც სხვას უწუნებს. უფალი ადამიანის დაცემას
უშვებს იმისათვის, რომ მას შესძინოს თავმდაბლობა, დაანახოს თავისი თავი, საკუთარი
უძლურება, რათა მან აღარავინ განსაჯოს.
დღეს წირვაზე წაკითხული იქნა სამოციქულო, რომელიც დასრულდა სიტყვებით:
„ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი!, ე.ი.
ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვზიდოთ და სხვა ჩვენი გასაჭირით არ დავამძიმოთ –
მატერიალური იქნება ეს თუ სულიერი. თუ არ შეგიძლია მატერიალურად დაეხმარო მოყვასს,
სიტყვით მაინც უნდა ეცადო, რომ ნუგეში სცე. ხშირად ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ
ადამიანი უმძიმესი ცოდვისაგან გადაარჩინო.
დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. და ბუნებრივია იბადება კითხვა: რატომ ვართ ამ
დღეში? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ წარსულში საშინელი ცოდვები ჩავიდინეთ და
ახლა მის ნაყოფს ვიმკით. ქართველმა ადამიანმა თავისი ხელით დაანგრია მამა-პაპათა
მიერ აგებული ტაძრები და მონასტრები. მაშინ, როდესაც ისტორიულად, ქართველი კაცი
მუდამ თავდადებით იცავდა მართლმადიდებლობას, რადგან იცოდა, ქრისტიანობაში იყო ჩვენი
გადარჩენა. ქართველი ერთმანეთისაგან ყოველთვის კარგად არჩევდა მტერსა და მოყვარეს,
ისიც კარგად უწყოდა, თუ რა უნდა დაეცვა და ვისგან. გავიხსენოთ თუნდაც
ჯალალ-ედ-დინის შემოსევა. მაშინ სიონის ტაძრიდან გაიტანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
და მაცხოვრის ხატები, დადეს ხიდზე, შემდეგ თავი მოუყარეს ქრისტიანებს, რომელთაც
ფეხი უნდა დაედგათ ამ სიწმიდეებზე და ამით უარი ეთქვათ სარწმუნეობაზე, თუ არა და
თავს კვეთდნენ და მტკვარში აგდებდნენ. „ქართლის ცხოვრებაში“ ნათქვამია, რომ იმ დღეს
100 000-ზე მეტი ქართველი ეწამა. წარმოიდგინეთ, ამდენმა ადამიანმა ერთ დღეს დადო
თავი ქრისტეს სჯულისთვის. ქართველმა კაცმა სიკვდილი არჩია ჭეშმარიტი სარწმუნოების
უარყოფას. რადგან მან იცოდა, რომ თუკი ქრისტიანობაზე უარს იტყოდა, სულიერად და
ხორციელად დაიღუპებოდა. ე მტერმაც კარგად უწყოდა, ამიტომ ისინი უპირველესად
სულიერების ცენტრებს – ტაძრებსა და მონასტრებს ანგრევდნენ. ჯალალ-ედ-დინმა სიონის
წმიდა ტაძარს გუმბათი მოხადა, მის ნაცვლად თავისი ტახტი დაადგმევინა, დაჯდა მასზე
და იქიდან უყურებდა ხალხის წამებას. მტკვარი ქართველი ხალხის სისხლით შეიღება. აი,
სადამდე მიდის ბოროტი ადამიანის უგუნურება!
XX საუკუნე რაღაც საოცარი, საშინელი საუკუნეა. ამ საუკუნეში მოხდა სწორედ ის
დანაშაული, რასაც ჩვენი წინაპრები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ქართველი ადამიანი
თავად, თავისი ხელით (მტერმა კი არა!) დაანგრევდა საკუთარ ტაძრებსა და მონასტრებს.
ჩვენ, ქართველებმა ჩავიდინეთ ეს საშინელი და უმძიმესი ცოდვა. ახლა ზოგიერთი ამბობს:
ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ჩვენმა წინაპრებმა გააკეთესო. ეს მთელი ერის ცოდვაა. უნდა
გვახსოვდეს, რომ ცოდვაც და მადლით თაობებზე გადადის. ჩვენც მონაწილენი ვართ ამ
ნგრევისა, ვთხოვ ღმერთმა შეგვინდოს თითოეულ ჩვენგანს და მთელს ერს ეს საშინელი და
უმძიმესი დანაშაული.
როცა ვამბობთ, ერთმანეთის ტვირთი ვიტვირთოთო, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ
ცხოვრებაში გარდა გაჭირვებისა, არის სიხარულიც, ბედნიერებაც. როცა ვხედავთ
ცხოვრების ავბედითობას, გარშემო მყოფთა გასაჭირს და ამ დროს აღმოვაჩენთ, რომ ვიღაც
რაღაცით ხარობს – შურით ვივსებით. თურმე უფრო ადვილი ყოფილა სხვისი გაჭირვების
გაზიარება, ვიდრე სიხარულისა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის გულში ადგილი
არ უნდა ჰქონდეს შურს. სხვისი სიხარული კი არ უნდა გვანაღვლიანებდეს, არამედ
გვახარებდეს, მაშინ უფალი უფრო მეტ სიხარულს თავად შენ მოგაგებს; ასეთია კანონი
ღვთისა; სწორედ ამგვარი სულისკვეთებით, ამგვარი რწმენითა და სულიერებით, ასეთი
ზნეობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა.
დღეს ჩვენთან, სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან თბილისის მე-18 საშუალო
სკოლის წარმომადგენლები. სკოლის დირექტორი ბრძანდება ბატონი სპარტაკ წიქარიძე.
სამწუხაროდ, იგი ახლა აქ არ არის, რადგან შეუძლოდაა, მაგრამ პედკოლექტივი და
მოსწავლეები კი მობრძანდნენ. მინდა შევთხოვო უფალს, რათა წყალობა და მადლი არ
მოგაკლოთ თქვენ და თქვენს სკოლას. აღსანიშნავია, რომ მე-18 სკოლა წმიდა მეფე დავით
აღმაშენებლის სახელობისაა. თქვენ იცით, თუ როგორი თავმდაბალი იყო ეს უდიდესი მეფე
და როგორი ანდერძი დაგვიტოვა მან. როცა გაიხსნა გელათის აკადემია, მან ბრძანა, რომ
იგი იქნებოდა – „მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა“, ათინა – განათლებით, ხოლო
იერუსალიმი – დიდი სულიერებით. მე ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო გელათის აკადემიას
ეხებოდა, არამედ ყოველ სასწავლებელს, ყოველ სამეცნიერო დაწესებულებას. უპირველეს
ყოვლისა, ჩვენი შვილების აღზრდაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას,
რომ მათ ცოდნა მივცეთ. უმთავრესი კი ისაა, რომ ისინი ზნეობრივნი აღვზარდოთ, რაც
უსათუოდ უნდა დაეფუძნოს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს. თქვენ იცით, სადამდე
მიიყვანა კაცობრიობა ცოდნამ სულიერების გარეშე. რაციონალისტური სულით შეპყრობილმა
ადამიანმა დაკარგა რწმენა, მორალი, თავმდაბლობა და დაეცა იგი სულიერად და
ზნეობრივად. დღეს ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, მაგრამ თუ
სიტყვა ღუპავს ადამიანს, იგი არ უნდა ვთქვათ, თუკი მოქმედებაა დამღუპველი, არც ის
უნდა მოვიქმედოთ. ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს ბოროტისაგან და სთესოს სიკეთე. როცა
ასე არ ვიქცევით და ცოდვაში ვვარდებით, ჩვენ თავისუფალნი კი აღარ ვართ, არამედ
ვხდებით ცოდვის მონები.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს თბილისის მე-18 საშუალო სკოლა, მისი
დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლენი და მომსახურე პერსონალი. ღმერთმა გაგაძლიეროთ
და მოგანიჭოთ დიდი ძალა და სულიერი მადლი.
მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან, საპატრიარქოში იხსნება ეკოლოგიისა და
საქართველოს გამწვანების ცენტრი. ამასთან ერთად, იქმნება ასევე მეფუტკრეობის
ცენტრიც, სადაც ჩვენ მივიღებთ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან
ეკოლოგიური საკითხებით, გამწვანებით. თქვენ იცით, რომ ეკოლოგია – ხალხის
ჯანმრთელობაა, ასევე მოგეხსენებათ მეფუტკრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
მოგმართავთ ახალგაზრდებს, ვინც არც სწავლობთ და არც მუშაობთ, მობრძანდით
საპატრიარქოში, იკითხეთ მამა მიქაელი, რომელიც ჩაწერს მეფუტკრების შესწავლის
მსურველთ. ამ დღეებში უკვე შედგება პროგრამა და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ
მოისმინოთ მეცნიერთა ლექციები.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 13 დეკემბერს, არის დიდი დღესასწაული, ხსენება
წმიდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა. ეს ის მოციქულია, რომელიც წმიდა
მოციქულ სვიმონ კანანელთან ერთად პირველად შემოვიდა საქართველოში და სახარება
იქადაგა. 13 დეკემბერს აგრეთვე არის ხსენება წმიდისა მეფისა ჩვენისა ვახტანგ
გორგასალისა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა ბედნიერი და მშვიდობიანი
შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №50, 2001 წ.