სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ა.წ. 5 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც პანდემიის გამო საპატრიარქოს ეზოში ჩატარდა, ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი არჩილ თალაკვაძე, ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი კვესიტაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სხვა საპატიო სტუმრები.

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მის უწმინდესობას მიულოცეს საპატიო ჯილდოს მიღება და ხაზი გაუსვეს მის მრავალმხრივ ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებით აღნიშნეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ განათლების ხელშეწყობის და მეცნიერებისა და რელიგიის დაახლოებისთვის გაწეული შრომა.

მღვდელმთავრების სახელით მის უწმინდესობას მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით აღდგენილი და შექმნილი სასულიერო აკადემია-სემინარიების, უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების, გიმნაზია-პანსიონების და საგამომცემლო მუშაობის შესახებ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ბ-ნმა გიორგი კვესიტაძემ განაცხადა, რომ მისთვის, როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისთვის, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2005 წლიდან მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის წევრია.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვატიკანის ელჩმა საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმაც. ელჩმა მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს ძმური მოკითხვა გადასცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი მიანიჭოს შესაბამის კადრებს, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენი ქვეყნის საღვთისმეტყველო განათლებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ არჩილ თალაკვაძეს და ყველა სტუმარს მოლოცვისთვის. მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და მშვიდობა და წარმატებები უსურვა მათ.

გთავაზობთ გამომსვლელთა სიტყვებს:

საქართველოს პრეზიდენტი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი

მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე,
ძვირფასო სტუმრებო,
საპატიო საზოგადოება,

მიხარია, რომ ვიმყოფები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-სათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიალზე და როგორც საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მეძლევა მოკლედ ვისაუბრო ქართული საზოგადოების სახელით მისი უწმინდესობის ღვაწლზე ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ისიც უნდა დავამატო, რომ ცოტა არ იყოს გამიკვირდა, რომ ჯერ არ ჰქონდა უწმინდესს მიღებული საპატიო ხარისხი ჩვენი სემინარიის და აკადემიისა.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელში ხელახლა დაიბადა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, როცა ის მსოფლიო ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად აღდგა.

თქვენ შესძელით თქვენი დაუღალავი შრომით საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტრების აშენება-აღორძინება და პირველ რიგში, ყველგან ჩვენს საზღვრებზე, რაც არის უდიდესი საქმე ჩვენი სახლემწიფოსთვის.

რელიგიური განათლება ხელმისაწვდომი გახადეთ საქართველოს თითქმის იმ დროს აბსოლუტურ ათეისტურ საზოგადოებაში. რაც გამოიხატა, პირველ რიგში, სასულიერო სემინარიის დაარსებით, რასაც მოჰყვა სხვადასხვა პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულებები და უნივერსიტეტები.

თქვენ შესძელით საქართველოს ეკლესიის წიაღში ქართული კულტურის შენარჩუნება და აღორძინება, იქნება ეს არქიტექტურა, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობის დარგები, ხელსაქმე, მონუმენტური მხატვრობა, გალობა, ხატწერა, მინანქრის ხელოვნება, ოქრომჭედლობა, ნაქარგობა და სხვა მრავალი.

დაუვიწყარია თქვენი გმირობა 2008 წლის ომის დროს, როცა თქვენი მისიის წინააღმდეგ მტერიც კი უძლური აღმოჩნდა და როგორც ჭეშმარიტმა მშობელმა და ჭირისუფალმა ოკუპირებული ზონიდან ჩამოასვენეთ და გააპატიოსნეთ ჩვენი დაღუპული გმირები.

დიდია თქვენი ღვაწლი ამ ბობოქარ წლებში შვილმკვდარი მშობლების ნუგეშისა და მათი ცხოვრებისთვის ახალი საზრისის მინიჭებაში.

თქვენ მფარველობთ ობოლ და უდედმამო ბავშვებს, ზრუნვათ მათ აღზრდასა და განათლებაზე, ზრუნავთ საქართველოს დემოგრაფიაზე.

თქვენს დამსახურებების ჩამონათვალს არა აქვს სასრული და ეს არის ნიმუში ნამდვილი მოღვაწეობის!

ქართული საზოგადოება აფასებს თქვენს უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც უპირველესად გამოიხატება სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთგულებასა და ზრუნვაში, ამ უმძიმეს წლებში.

თქვენ დღემდე საკვირველი დათმენით ეგებებით საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ურთულეს ხვედრს.

ჭეშმარიტად მძიმეა გარდამავალ ეპოქაში საზოგადოების სულიერი წინამძღოლობა. ზრუნვა მისი სულიერი გადარჩენისთვის, არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეების ერთგულებით.

თქვენ გასნსაცდელის ჟამს მოგიწიათ საქართველოს სულიერი მწყემსობა. განსაცდელი არ ილევა, მსოფლიო ახალ ტურბულენტურ ეპოქაში შედის.

თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს. დღეს, როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს ხელახლა მშვიდობას.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მმართველობის ხანაში მაქვს პატივი ვიყო საქართველოს პრეზიდენტი.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და თქვენს დღეგრძელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი არჩილ თალაკვაძე

თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდებას!

ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში, თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას.

გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ!

 

ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე ბეტანკური

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ ილია II, თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პარლამენტის სპიკერო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პატივცემულო წევრებო, წარჩინებულო პროფესორ-მასწავლებლებო და ძვირფასო სტუმრებო,

ჩემთვის როგორც დიპლომატიური კორპუსის დუაიემისთვის, როგორც წმინდა საყდრის დესპანისთვის, ძალიან დიდი პატივია დღეს ამ ღონისძიებაზე ვიმყოფებოდე. როგორც წმინდა საყდრის დესპანმა, მინდა გადმოგცეთ თქვენი ძმის, მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს მოკითხვა. როგორც დიპლომატიური კორპუსის დუაიემმა მინდა გადმოგცეთ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა პატივისცემა, მეგობრობა და თანადგომა მათი მხრიდან.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მე არ მაქვს მომზადებული სიტყვა, ნება მომეცით ჩემი გულის სათქმელი გადმოგცეთ. მე დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვაფასებ თქვენს განსაკუთრებულ მოღვაწეობას, რაც თქვენ გასწიეთ ეკლესიის და ხალხის წინაშე.  

ამ შესანიშნავ ეზოში როდესაც თქვენ გადმოგეცემათ ეს საპატიო წოდება, საპატრიარქოს ეზოში, ამ უძველესი ზეთისხილის ხესთან ეს არის აღიარება თქვენი განსაკუთრებული ღვაწლის და პატივისცემა თქვენი პიროვნებისა. ზეთისხილის ხე არის სიმბოლო მშვიდობისა და ჰარმონიისა. თქვენ სწორედ ამას ცდილობთ, მშვიდობა და ჰარმონია მოუტანოთ თქვენს ერს და მსოფლიოს. მე გისურვებთ ღვთის შემწეობას, რომ იყოს ღვთის წყალობა თქვენზე ამ სამსახურში - რაც არის ქართველი ერისა და საქართველოს სამსახური. დიდი, დიდი მადლობა!

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავი ჯილდოს მინიჭებას.

დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფიქრობთ იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც თქვენ ათწლეულების განმავლობაში გასწიეთ მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით.

თქვენ ბრძანებთ: „ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე – სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა“.

თქვენი განსაკუთრებული ყურადღება აღსაყდრების პირველივე წლებიდან სწორედ ეკლესიისა და ინტელიგენციის ურთიერთობაზე იყო მიპყრობილი. საბჭოთა პერიოდის საზოგადოების ცნობიერებაში ეკლესიას უმნიშვნელო ადგილი ეკავა და რომ არა თქვენი შორსმჭვრეტელური მიზნები და საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ეკლესიასთან დაახლოების დიდი ძალისხმევა, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები.

თქვენ მიიჩნევდით, რომ საქართველოს კულტურულ-ინტელექტუალური აღორძინება სულიერებით უნდა დაიწყოს და მეცნიერებისა და ინტელიგენციის სულიერება გახდებოდა ჩვენი ქვეყნის განახლების საწინდარი.

სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან სასულიერო სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა და აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა მიმართულების კვლევებში, სასულიერო და საგანმანათლებლო პროცესებში.

სამეცნიერო წრეებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე თქვენ ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ „ინტელიგენცია ხალხს უნდა დაეხმაროს ჭეშმარიტების შეცნობაში; მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს – ეკლესიას? ... ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ ნაწილად, რომელიც ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს“.

თქვენ წლების განმავლობაში ხვდებოდით როგორც პრაქტიკოს მასწავლებლებს, ასევე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის დარგის მეცნიერებს. თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ღრმა აზროვნებას და მიიჩნევთ, რომ საქართველოს ნათელი მომავალი საზოგადოების განათლებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული.

აზრს, რომელიც ცოდნასა და რწმენას აპირისპირებს, თქვენ მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით პასუხობთ: „ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას“.

თქვენი დიდი ღვაწლის, პირადი ავტორიტეტისა და დახვეწილი დიპლომატიური ნიჭის შედეგად 1988 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ეს იყო იმ დიდი საგანმანათლებლო ტრადიციის აღდგენა, რომელიც საქართველოს ეკლესიას ისტორიულად გააჩნდა სხვადასხვა სამეცნიერო კერების სახით. აკადემიასთან ერთად თბილისში გადმოვიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაც.

1995 წელს ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია. ამავე წელს ქუთაისში დაარსდა გელათის მეცნიერებათა აკადემია.

2005 წელს თქვენ აგირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსად. ამავე წელს დაარსდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – „სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება და განვითარება.“

2008 წელს გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

2009 წელს აჭარაში, ხულოში, გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი. ამავე წელს დაარსდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც 2011 წელს გადაკეთდა სასწავლო უნივერსიტეტად. ამავე წელს გაიხსნა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საპატრიარქოს პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი.

2012 წლიდან დეკორატული მებაღეობის ინსტიტუტი გადაკეთდა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯად. ამავე წლიდან სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული ხალხური სიმღერისა და გალობის უმაღლესი სკოლა გადაკეთდა საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტად.

დღეისათვის თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენ გვაქვს:

2 სასულიერო აკადემია;
4 უნივერსიტეტი;
8 სასულიერო სემინარია;
6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
12 გიმნაზია;
8 პანსიონი;
3 სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა;
13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი.

წლების განმავლობაში გამოიცა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი, ჟურნალ-გაზეთი, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის კვლევა, თუ თარგმანი.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ასეთი თავგანწირული შრომის შედეგია, რომ ქართველი მეცნიერები, მწერლები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები თქვენ ერის ინტელექტუალური პოტენციალის მფარველად და დიდ მოამაგედ მიგიჩნევენ.

ყოველივე ამისათვის მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი ქედს ვიხრით თქვენს წინაშე.

ღმერთმა ინებოს თქვენი მრავალჟამიერ სიცოცხლე მრავალსა წელსა მრავალჟამიერ!

 

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი კვესიტაძე

გიორგი კვესიტაძე

თქვენო უწმინდესობავ, დღევანდელი დღე უდაოდ სასიამოვნოა თქვენთვის, მაგრამ გაცილებით უფრო სასიხარულოა იმ აკადემიისთვის, რომელიც ტქვენ დღეს გირჩევთ საპატიო დოქტორად. ძალიან გამიჭირდებოდა რამდენი დროც არ უნდა მქონდეს, დაახლოებით მაინც  შემეფასებინა თქვენი მოღვაწეობა, თქვენი განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მითუმეტეს ამ რთულ დროს, როდესაც ღმერთმა იცის რა მოუვიდოდა ქვეყანას თუ არა თქვენი ბრძნული, თავშეკავებული და გაზომილი ხელმძღვანელობა.

თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი. საქართველოში მეცნიერება ეკლესიიდან განვითარდა და არც ერთ ეტაპზე ეკლესიასთან კავშირი არ შეუწყვეტია. დღესაც თქვენი ბრძნული მითითებით აკადემია  ასრულებს  იმ ფუნქციას, რაც მას აკისრია.  ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენ ხართ ჩვენი აკადემიის წევრი, ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი საამაყო თემა, რაც ჩვენს აკადემიას გააჩნია. მე არა მაქვს იმის პოტენციალი, რომ გამოვხატო მადლობა, მადლიერება, რასაც მეცნიერებათა აკადემია გრძნობს თქვენს მიმართ.

თქვენა ხართ ჩვენი სიამაყე, თქვენა ხართ ჩვენი იმედი, თქვენა ხართ ჩვენი მომავალი და ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს, რომ აი ეს იმედი ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. დიდი მადლობა!

 

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქო,

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, პარლამენტის თავმჯდომარევ,

თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო,

თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, მეუფე თეოდორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტო,

თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, მეუფე ნიკოლოზ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტო,

თქვენო მაღალყოვლადუსამღველოესობავ, ბოდბელო მთავარეპისკოპოსო, იაკობ,

თქვენო აღმატებულება დიპლომატიური კორპუსის პატივცემულო დუაიენო, ვატიკანის წმინდა  საყდრის დესპანო საქართველოში, თქვენო აღმატებულებავ მონსენიორ ჟოზეფ ბეტანკურ,

მოგესალმებით მეცნიერებათა აკადემიის ბატონო პრეზიდენტო ბატონო გიორგი კვესიტაძე,

ვიცე პრეზიდენტო, ბატონო როინ მეტრეველო,

უმაღლესი სასწავლებლების პატივცემულო რექტორებო,

თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს პატივცემულო წევრებო, პროფესორ მასწავლებლებო, ქალბატონებო და ბატონებო.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი ყველას მოგეხსენებათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების შესახებ მისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, მისი სამეცნიერო საბჭო პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები ყველა თვალს ვუსწორებთ ისტორიულ სინამდვილეს, ისტორიულ სიმართლეს. ეს არის ეპოქალური მნიშვნელობის რეალობა და ეპოქალური მნიშვნელობის ღვაწლი საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქისა საქართველოს წინაშე და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე.

ეს ღვაწლი არის ძალიან მრავალმხრივი და მრავალმნშივნელოვანი. მისი მოღვაწეობის მასშტაბი შეეხო თითქმის ყველა სფეროს იქნება ეს განათლება (უპირველესად), საეკლესიო არქიტექტურა, საეკლესიო გალობა, გამომცემლობა; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააფუძნა საპატრიარქოს ტელევიზია და რადიო. საქართველოს პატრიარქმა აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლსიას მოეპოვებინა ცნობისა და აღიარების სიგელი, მოწმობა, საბუთი, რაც დაადასტურებდა საქართველოს ეკლესიის უძველეს ავტოკეფალურობას.

საქართველოს პატრიარქმა დააფუძნა გელათის მეცნირებათა აკადემია. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა.  ამ დოკუმენტზე არის პრეზიდენტ შევარდნაძისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერა. საქართველოს პატრიარქმა დააფუძნა თბილისის სასულიერო აკადემია, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა.

აღსაყდრების დღიდან ავტოკეფალიის საყოველთაოდ აღიარებასთან ერთად პატრიარქი ფიქრობდა იმის შესახებ, რომ დაეფუძნებინა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, რადგან შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის გარეშე ქართული საღვთისმეტყველო აზრის აღორძინება და განვითარება და თეოლოგიური მეცნიერების, საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინება და განვითარება.

ყველას მოგეხსენებათ, რომ გელათის აკადემიიდან, იყალთოს, გრემის აკადემიებიდან მოყოლებული დიდი წყვეტა იყო. საქართველოში უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა არ არსებობდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დააფუძნა საერო უნივერსიტეტი ფუნდამენტური მეცნიერებების განსავითარებლად.  ეს გახლავთ ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი, რომელიც საპატრიარქოს ეგიდით ფუნქციონირებს.

ძალიან რთული იყო სამეცნიერო საბჭოს წევრებისთვის, რომ ტექსტი შეგვემუშავებინა ისეთი, რაც ზედმიწევნით ასახავდა პატრიარქის ამ მრავალმხრივ, მასშტაბურ და განუზომელ მოღვაწეობას და დიდი პატივია დღეს სასულიერო აკადემიისთვის, რომ საპატიო დოქტორის წოდება გადავცეთ პატრიარქს.

ჩვენ შეგვეძლო ეს ადრე გაგვეკეთებინა, მაგრამ რატომღაც ასე მოხდა ღვთის განგებით, რომ როდესაც სასულიერო აკადემიამ მიაღწია გარკვეულ წარმატებას (ეს წარმატება პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტით განხორციელდა) და ეს წარმატება გახლავთ ის, რომ თბილისის სასულიერო აკადემიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო. მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, არასოდეს საქართველოს ისტორიაში, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე საქართველოს ეკლესიაში არ ყოფილა სადისერტაციო საბჭო მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და ყველას, ვისაც უნდოდა რომ მოეპოვებინა ხარისხი მართლმადიდებლურ თეოლოგიაში და დაეცვა დისერტაცია, ის იძულებული იყო უცხოეთში გაეკეთებინა ეს. ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, რაც პატრიარქის დიდი ავტორიტეტით  და თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრების და პროფესორ-მასწავლებლების შრომით და ძალისხმევით განხორციელდა. დაფუძნდა დოქტორანტურა თბილისის სასულიერო აკადემიაში, აკადემიას დაუმტკიცდა ერასმუს-პლიუს პროგრამა, რაც რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აკადემიას აქვს სამეცნიერო საღვთისმეტყველო თანამშრომლების ხელშეკრულება მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან.

ჩვენ კარგად გვესმის სასულიერო აკადემიაში, რომ ამ წოდების გადაცემით პატრიარქის განუზომელ ავტორიტეტს და განუზომელ ღვაწლს ვერაფერი შეემატება. პატრიარქი გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პატრიარქი გახლავთ სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, (ბატონ როინ მეტრეველის რექტორობის დროს  მოხდა ეს). პატრიარქი გახლავთ აშშ-ში ტიხონის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორი და სხვა ქვეყნების არაერთი უმაღლესი სასწავლებლის დოქტორი. დიახ, შეიძლება ჩვენმა საპატიო დოქტორის წოდების გადაცემამ მის ღვაწლს ვერაფერი შეჰმატოს, მაგრამ უპირველესად ეს არის ჩვენი მხრიდან, სასულიერო აკადემიის მხრიდან, უდიდესი მადლიერების გამოვლინება პატირიარქისადმი და უდიდესი მოწიწება პატრიარქის განუზომელი ღვაწლისადმი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. პატრიარქმა თავად დააფუძნა, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, და ამ სკოლის მნიშვნელობის გამო რამდენიმე წელი თავად ბრძანდებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი.

ნება მომეცით გაგაცნოთ ტექსტი, რომელიც ჩვენ სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოში შევიმუშავეთ:

დიპლომი

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის საყოველთაოდ აღიარების, ეკლესიის აღორძინების, საღვთისმეტყველო განათლებისა და მეცნიერების განვითარების, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის — თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნების,  ქართველი ერის გამთლიანებისა და სულიერი განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის  

 

ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს  დადგენილებით

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

 

მიენიჭა ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის

საპატიო დოქტორის წოდება (Doctor Honoris Causa)




 

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი,

თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი,

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე                      

 

თბილისი, საქართველო

2. 08. 2020 წელი

 

ეს გახლავთ დიპლომი რომელსაც დიდი მოწიწებით და მადლიერებით იმ უდიდესი ღვაწლის გაცნობიერებით და პატივისცემით, რაც პატრიარქის სახელს უკავშირდება გადავცემთ მის უწმინდესობას.

ეს გახლავთ გრაგნილი ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული რომელსაც დიდი მოწიწებით გადავცემ საქართველოს პატრიარქს.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია. მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, იყო მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ერთობა მეცნიერებისა და სულიერებისა, რადგან ამ ერთობაში ჰპოვებს ჩვენი ერი ძალას. მეც ეს მაძლევს ძალას.

 ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის. დალოცვილი იყავით.

ჩვენთან არს ღმერთი!