სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (13.09.2020)

ჩვენთან არს ღმერთი

ადამიანის ცხოვრებაში მრავალი დღეა და წელიწადი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. რა ხდება, რა მოვლენაა? აი დღევანდელი მდგომარეობაც, -  ეს გაუგებარი მოვლენაა, ადამიანი ვერ ახსნის მას. 

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის წამალი, ჩვენ არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის. ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგან არის. 

ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და არ უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად, მაგრამ ადამიანმა უნდა იფიქროს, რასთან დაკავშირებით არის ეს. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, უნდა სთესავდეს სიყვარულს. აი ამიტომ ჩვენი მიზანი, ცხოვრების მიზანი, უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოვიჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ. ადამიანი, რომელიც აკეთებს სიკეთეს და სთესავს სიყვარლს, ის უფრო გახარებულია ვიდრე ის, რომელსაც უკეთებენ სიკეთეს. ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ: ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით. 

აი ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულის და სიხარულის სახელი რომ არ გვეწოდა ამ ტაძრისათვის, ჩვენ ვერ ავაშენებდით მას. 

მე მახსენდება ის დღეები, როცა მოვდიოდით ჩვენ ამ მშენებლობის ადგილზე და ვტკბებოდით. არაფერი არ იყო, არ იყო არც საძირკველი, არც კედლები, მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაგვყვება ჩვენ საიქიოს. ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება. 

გილოცავთ ამ დღეს. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში, თქვენს გარშემო. 

არ დაიბნეთ, ახლა ხშირი შემთხვევაა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს. არ უნდა დავიბნეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ღვთისაგან, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს. მაშასადამე უნდა გვახსოვდეს - ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს. 

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. 

ჩვენთან არს ღმერთი. 

დღეს ილოცება გიორბელიძეების  გვარი. დალოცვილი იყავით. ღმერთმა გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ სიყვარული, სიხარული და მოთმინება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოთმინება უნდა გვქონდეს ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!