საკვირაო ქადაგება (2 დეკემბერი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 2 დეკემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს
და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
დღეს არის დიდი დღესასწაული. ხსენება ღირსისა მამისა ილარიონ ქართველისა. თქვენ
იცით, თუ რამდენად დიდი მოღვაწე იყო იგი. საოცარია ამ ადამიანის ცხოვრება.
მიუხედავად იმისა, რომ მას დიდხანს არ უცხოვრია, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
9 წლის იყო ღირსი მამა ილარიონი, რომ მთელი სახარება უკვე ზეპირად იცოდა;
წარმოიდგინეთ, ასე მცირე ასაკში ამგვარი რამ შეძლო. 12 წლისა კი მამამისის მიერ
დაარსებულ მონასტერში ბერად აღიკვეცა. ყოველივე ამის შემდეგ თქვენ ადვილად
წარმოიდგენთ, თუ როგორ ოჯახში იზრდებოდა მამა ილარიონ ქართველი. შეგეწიოთ ამ ღირსი
მამის ლოცვა-კურთხევა.
დღესვე არის ხსენება ღირსთა მამათა – ვარლაამისა და იოდასაფისა. წაკითხული
გექნებათ წიგნი – „სიბრძნე ბალავარისა“. მასში აღერილია ამბავი ვარლაამისა,
იოდასაფისა და იოდასაფის მამისა – აბენესისა. დღეს მათი დღესასწაულია. როგორც
იცით, აბენესი იყო მეფე ინდოეთისა. მისი შვილი, იოდასაფი ქრისტიანი გახდა და
საოცარი სასწაულები მოახდინა. მისივე ლოცვით მოიქცა თავად აბენესიც. იოდასაბმა და
ვარლაამმა მრავალი გააქტისტიანეს, რის შემდეგაც უდაბნოში გავიდნენ და იქ
მოღვაწეობდნენ. შეგვეწიოს ამ წმიდანთა ლოცვა-კურთხევა.
დღეს ჩვენ ვლოცავთ 187-ე სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ტექნიკურ
პერსონალს. ამ სკოლის დირექტორი ბრძანდება ბატონი ვასილ ჩაჩავა. ჩვენ ვლოცავთ მათ
და ღმერთს შევთხოვთ, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებელი რწმენა და ზნეობა
განმტკიცდეს ჩვენს ბავშვებში. მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ
სკოლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხელისუფლების, ეკლესიის,
სამღვდელოების, მორწმუნე ერის მხრიდან. იმიტომ, რო იქ საქართველოს მომავალი
იზრდება. საკმარისი არ არის, რომ სკოლაში ჩვენმა შვილებმა მხოლოდ ცოდნა მიიღონ.
სიტყვაში – განათლება, უპირველეს ყოვლისა, ნათლის, მაღალი ზნეობის მიღება
იგულისხმება. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.
მე მინდა ვთხოვო ბატონ ვასილს, რომ სკოლის პედკოლექტივს გადასცეს ჩვენი სურვილი:
ყოველი მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე შედის, მაშინვე ქიმიის, ფიზიკისა თუ
ტრიგონომეტრიის სწავლებას კი ნუ შეუდგება, არამედ მცირე ხანი მოსწავლეთა აღზრდასაც
დაუთმოს, – ესაუბროს მათ ზნეობაზე, სიკეთეზე, აუხსნას, თუ რა არის სიკეთე და რა
ბოროტება, რაა სიყვარული და რა – სიძულვილი. მე მითქვამს ჩვენი მორწმუნეებისთვის,
რომ ჩემთან შეხვედრაზე მოსული იყო უცხოელ მასწავლებელთა ერთი ჯგუფი ამერიკიდან. მათ
თქვეს, რომ ჩვენ ბავშვებს, პირველ რიგში, ურთიერთმიტევებას ვასწავლით. როცა
ბავშვები ერთმანეთს წაეჩხუბებიან, ისინი ისე არ უნდა წავიდნენ სკოლიდან სახლში, რომ
გულში ერთმანეთის წყენა გაჰყვეთ. აუცილებლად უნდა შერიგდნენ და ისე დაშორდნენ
ერთმანეთს, მასწავლებლებისა და მშობლების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ეს
შესანიშნავი მაგალითია და ჩვენს სკოლებშიც ასე უნდა იყოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს 187-ე სკოლა, მისი დირექტორი, მასწავლებლები
და მოსწავლეები. ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს, რომ თქვენი სკოლა
სამაგალითო იყოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №50, 2001 წ.