ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი, 2001 წ.; ქვაშვეთის ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ქვაშვეთის ტაძარი, 23 ნოემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ გიორგობას, და თქვენი სახელით, მთელი
საქართველოს სახელით, ამ დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს პრეზიდენტს, რადგან იგი
ეკლესიურად წმიდა გიორგის სახელს ატარებს. მას ყველაზე მძიმე ჯვარი უბოძა უფალმა და
ღმერთმა მისცეს ძალა, რათა ატაროს იგი მშვიდობით, სიხარულით, ჩვენი ქვეყნის
მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.
ფსალმუნებში ვკითხულობთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა
და კაცთა შორის სათნოება“. უნდა გვახსოვდეს, რომ „ქვეყანასა ზედა მშვიდობა“, რაც
ასეთი სანატრელია მსოფლიოსათვის, და „კაცთა შორის სათნოება“, სიყვარული
შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ განვადიდებთ ჭეშმარიტ ღმერთს და
ვიქნებით მართლმადიდებელი ქრისტიანენი. ყოველივე ეს ერთმანეთთან მჭიდრო
დამოკიდებულებაშია, რასაც წმიდა ანგელოზთა დასი ასე უგალობს: – „დიდება მაღალთა
შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ამ დიდ დღესასწაულზე ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმიდა გიორგის ლოცვით,
საქართველოს უბოძოს მშვიდობა და კეთილდღეობა, მიანიჭოს მთლიანობა. ღმერთმა ინებოს,
რომ წმიდა გიორგის ლოცვით ყოველი ადამიანი იყოს მორწმუნე და ურთიერთის მიმართ
კეთილისმყოფელი.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს
შორის. და ეს ხდება თვით ადამიანშიც. ერთი დიდი მეცნიერი ამბობს: „ქვეყანა გაიყო
შუაზე და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა“. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა
ვილოცოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გულებში, როცა ჩვენს სულიერი სამყაროში
დაივანებს მშვიდობა, მაშინ ჩვენს გარშემოც დაისადგურებს იგი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ
უფალი ახლოსაა ჩვენთან. იგი გვფარავს და უდიდეს წყალობას გვანიჭებს იმისათვის, რომ
საქართველო გადარჩეს. ყოველთვის უნდა ვიხსენებდეთ ერთ შემთხვევას წმიდა გიორგის
ცხოვრებიდან. როცა მას აწამებდნენ და იგი სისხლისგან იცლებოდა, უფალი გამოეცხადა
მას და უთხრა: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“. არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს
განსაცდელებისა, რადგან უფალი საქართველოსთანაა და იგი გადაარჩენს მას.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და, წმიდა გიორგის ლოცვით, თქვენთან ერთად ღმერთმა
დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №48, 2001 წ.