კანადის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 30 სექტემბერს კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე კანადის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, ბ-ნი სტეფან დიონი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) შეხვდა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე) და სხვა სასულიერო პირები.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე. ასევე საუბარი შეეხო მართლმადიდებელი ეკლესიის როლს ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისკენ.
ბ-ნმა სტეფან დიონმა მეუფე გერასიმეს მიღებისთვის და საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.