სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარეს შეხვდა

ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარე ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი, ქ-ნი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ქ-ნი ქეთევან ასათიანი და ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე, ქ-ნი სოფიო ჯობავა.
ბ-ნი ჩარლზ ჯ. ფარუჯა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები” უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); საბუნებისმეტყველო კვლევები; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი და საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.