სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე(21.09.2019)

ჩვენთან არს ღმერთი!
ყოველ მარიამს და მთელს საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს.
ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე! საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.
შემთხვევით არაფერი არ ხდება. არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს.
მოხარულნი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი არჩილი და პარლამენტის წევრები.
მინდა ვთხოვო ბ-ნ არჩილს, მიულოცოს ხალხს ღვთიმსშობლის შობის დღე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:
უწმინდესო, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას გისურვებთ. დედა ეკლესიას ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. მთელს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იმ ადამიანებსაც, ვინც ახლა ჩვენს ქვეყანაში რწმენით არიან ჩამოსულნი სტუმრად, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა სიბრძნით, განათლებით, მოთმინებით და ურთიერთსიყვარულით. მოყვასის სიყვარულით აგვეშენებინოს ჩვენი მომავალი.
მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ უწმინდესმა მიგვიღო და მოგვეცა შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად, ძვირფასო მოქალაქეებო, დებო და ძმებო, აღვნიშნოთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:
გმადლობთ ბ-ნო არჩილ.
შეგახსენებთ რომ სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი სენი ღმერთმა აგვაშოროს ჩვენ და მთელს მსოფლიოს.
ღმერთმა განკურნოს ყოველი კიბოთი დაავადებული.
ჩვენთან არს ღმერთი!

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ამ სენით დაავადებული ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე განსაკუთრებული მზურნველობისთვის საპატრიარქო სიგელით დააჯილდოვა ,,ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის”ხელმძღვანელები: ბ-ნი ნესტორ მიროლავა და ქ-ნი თინათინ ჩხვიმიანი, ასევე ფონდის სხვა წევრები.