საკვირაო ქადაგება (30 სექტემბერი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 30 სექტემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი მუდამ ფიქრობს მომავალზე. ერიც ასევეა, იგი განუწყვეტლივ ფიქრობს თავის
აწმყოსა და მომავალზე. ქართველები ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენს წარსულზე და გვეამაყება
იგი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამაში ნაკლები დამსახურება მიგვიძღვის. ჩვენმა
წინაპრებმა ღვთის ძალითა და შეწევნით უზარმაზარი ღვაწლი გასწიეს, გააძლიერეს და
გადაარჩინეს ჩვენი სამშობლო. გადარჩა საქართველო, გადარჩა ქართველი კაცი, რადგან
შევინარჩუნეთ ეროვნული თვითშეგნება და მართლმადიდებელი სარწმუნოება. აი, ეს არის ის
ორი ძალა, ის ორი ფრთა, რამაც იხსნა საქართველო. და ახლაც, როცა საქართველოს
მომავალზე ვფიქრობთ, განსაკუთრებული ყურადღება ამ ორ მომენტს უნდა მივაქციოთ.
დღეს არის ოთხი დიდი წმიდანის დღესასწაული. ესენი არიან: პისტი, ელპიდი, აღაპი
და მათი დედა სოფიო. ჩვენ უმეტესად მათ რუსულად ვიხსენიებთ: ვერა, ნადეჟდა, ლიუბოვ
და სოფიო. ისინი ცხოვრობდნენ იტალიაში, II საუკუნეში, იმ დროს, როცა იდევნებოდა
ქრისტიანობა, როცა წარმართული რელიგია ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ძალა.
სოფიო სამ ქალიშვილს ზრდიდა. ისინი ჯერ პატარები იყვნენ: 9, 10 და 11 წლისანი,
მაგრამ უკვე საოცრად მტკიცენი სარწმუნოებაში. როცა იმპერატორთან დედა შვილებთან
ერთად მიიყვანეს, მეფემ მათი ცდუნება ამქვეყნიურ კეთილდღეობათა შემოთავაზებით
სცადა. როცა ამაზე ბავშვებმა უარი განაცხადეს, განრისხდა მეფე და მათი წამება
სხვადასხვაგვარი საშუალებებით ბრძანა. ეს ყველაფერი დედის თვალწინ ხდებოდა. მას
აყურებინებდნენ შვილების ტანჯვას. წმიდანთა ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ბოლოს
ბავშვები ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ადამიანი ვეღარც კი გაარჩევდა
სხეულები იყო ეს თუ ხორცის ნაჭრები. პატარების სიმტკიცე რომ ვერაფერმა გატეხა, მათ
დედის წინაშე თავები მოჰკვეთეს. მშობელმა თავისი შვილები წაასვენა, დაასაფლავა და
სამი დღის მანძილზე მათ საბოლოო ადგილსამყოფელს არ მოშორებია. მესამე დღეს ისიც
გარდაიცვალა. აი, ასე აღესრულდნენ ეს წმიდანები. შეგვეწიოს მათი ლოცვა. ღმერთმა
ინებოს, რომ ჩვენც ასევე მტკიცენი ვიყოთ სარწმუნოებაში, კეთილის ქმნაში, რადგან
მხოლოდ ეს გადაარჩენს საქართველოს.
ჩევნს ურთულეს დროს, როცა ასე ებრძვის ბოროტი კეთილს, ხშირად სიკეთე დათრგუნულად
ჩანს, რაც დროებითია. უნდა გვახსოვდეს, რომ საბოლოოდ სიკეთე აუცილებლად
გაიმარჯვებს. ხშირად ისეც ხდება, რომ ბოროტება სიკეთის ნიღბით იმოსება, თითქოს მას
კარგის ქმნა სურს, თუნდაც როგორც ეს ამ შემთხვევაში იყო. იმპერატორი ადრიანე
მოწამეებს მრავალ ამქვეყნიურ სიკეთეთ სთავაზობდა, სინამდვილეში კი ეს იყო ბოროტის
საცთური. ამ პატარა ბავშვებმა გაარჩიეს სად იყო სიკეთე და სად ბოროტება, სად შავი
და სად თეთრი, რაც ღვთის მადლითა და ღვთის ძალით ჩვენც უნდა შევძლოთ.
წარსულში, თუნდაც კომუნისტური რეჟიმის დროს, უფრო მარტივად იყო საქმე, რადგან
ვიცოდით, რმო კომუნისტები დევნიდნენ სარწმუნეობას, ქრისტიანობას და განსაკუთრებით
მართლმადიდებლობას. ასე იყო უფრო ადრეც, როცა საქართველოში მტერი შემოდიოდა,
უპირველეს ყოვლისა, ეკლესიებს ანგრევდა, ჯვრებს ხსნიდა, ტაძრებსა და მონასტრებს
აფეთქებდა, სასულიერო პირებს ხოცავდა, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რმო ერის ძალა
სწორედ მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია.
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარებისთანავე საშინალად იდევნებოდა
ეკლესია. გავიხსენოთ ჩვენი დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, რომელიც აქვე,
სიონშია დასაფლავებული. პროტესტის გამო, რომელიც მან გენუის კონფერენციაზე
გააგზავნა, იგი დააპატიმრეს. სასამართლოზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
დახვრეტა მიუსაჯეს. როდესაც მას უთხრეს, თქვი შენი უკანასკნელი სიტყვაო, ჯალათებს
ეგონათ, იგი შეშინდებოდა და შეწყალებას ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. პატრიარქმა
განაცხადა: „ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ ის
უყავითო“. მსგავსი სიტყვები მხოლოდ წმიდანს შეეძლო წარმოეთქვა.
დღეს მინდა ასევე გავისხენო წმიდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი. წირვის
დროს იგი მთელ სამღვდელო დასთან ერთად დააპატიმრეს, ქალაქის გარეთ გაიყვანეს,
ამოთხრილი ორმოს წინ დააყენეს. მიტროპოლიტი მიხვდა, რომ უნდა დაეხვრიტათ და
ნებართვა და დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვის შემდეგ ისინი ერთმანეთზე თოკებით
გადააბეს და იარაღით დაცხრილეს. დახვრეტის პროცესში ზოგი მოკლეს, ზოგი დაჭრეს, ზოგი
ცოცხალი დარჩა. მათ ერთმანეთი ორმოში გადაიყოლეს, სადაც მკვდრებთან ერთად ცოცხლად
დარჩენილებსაც მიწა მიაყარეს.
ასეთი სიმტკიცე ახასიათებდა ქართველ ადამიანს იმიტომ, რომ მშობლები ზრუნავდნენ
სარწმუნოების ერთგულების სულისკვეთებით ბავშვების გაზრდაზე, რადგან კარგად იცოდნენ,
თუ სარწმუნოება მტკიცეა, ადამიანი ყველაფერს გაუძლებს და გადარჩება. მთავარი კი
სულის ხსნაა.
დღეს ჩვენ ვლოცავთ 53-ე სკოლას, რომლის დირექტორიც ბრძანდება ბატონი დავით
ჯოხაძე. ჩვენ ვლოცავთ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მინდა
გულისტკივილით გითხრათ, რომ ისეთი მტკიცე რწმენით დაჯილდოებული მშობლები, როგორც
ჩვენი წინაპრები იყვნენ, დღეს უკვე თითქმის აღარ არიან. ამჯერად სკოლამ უნდა
იტვირთოს ეს. სწორედ სკოლამ და ეკლესიამ უნდა ასწავლოს ბავშვებს სარწმუნოება,
სიკეთე, შენდობა და ყველა ის სათნოება, როემლიც ახასიათებდა და უნდა ახასიათებდეს
ქართველ ადამიანს, ჩვენს ხალხს. დღეს უკვე ნათელია, რომ მართოოდენ ცოდნა საკმარისი
არ არის, რადგან განათლებას ურწმუნო ადამიანი ბოროტად გამოიყენებს. ასეც მოხდა, XIX
და განსაკუთრებით XX საუკუნე ამ მხრივ გამორჩეულია. ესაა პერიოდი, როცა კაცობრიობამ
საოცარი მიღწევები მოიპოვა მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, ამავე დროს,
უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა უკან, სულიერებაში. დაეცა მისი რწმენა, მორალი და
ზნეობა, დაიკარგა სიყვარული. დღეს ყველაზე დიდი სწორედ სიყვარულის დეფიციტია. აი,
ყველაფერი ამის სწავლება ეკლესიამ და სკოლამ უნდა იტვირთოს. სკოლებიდან მარტო დიდ
დღესასწაულებზე ან კურთხევისთვის კი არ უნდა მოვდიოდეთ ჩვენთან, არამედ ყოველ
შაბათ-კვირას, წირვა-ლოცვებზეც უნდა იაროთ. საერთოდ სკოლები ახლოს უნდა იყოს
ეკლესიასთან.
მე ვფიქრობ, რომ ეს სამი ინსტიტუტი, ეს სამი რგოლი: სკოლა, ოჯახი და ეკლესია,
უნდა შეიკრას, რაც გადაარჩენს ჩვენს ერს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი სკოლა, მასწავლებლები,
მოსწავლეები, თქვენ, ბატონო დავით და ღმერთმა ინებოს, რომ თავდადებული
მამულიშვილები აღგეზარდოთ ჩვენი სამშობლოსათვის.
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველო, ამინ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2001 წ.