სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სიტყვა ილიაობის დღესასწაულზე (02.08.2019)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს. ილია ჭავჭავაძეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. ილია პირველს ვულოცავთ ანგელოზის დღეს.
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი განსაკუთრებით გვიფარავს ჩვენ. მრავალი ტაძარი აშენდა ილია წინასწარმეტყველის სახელზე. ეს ტაძარი იმყოფება ილია წინასწარმეტყველის მთაზე. ეს არის წმინდა ილიას მთა. მისი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
ჩვენთან არს ღმერთი.
დღეს ილოცება სტუდენტური ექსპედიცია ,,მახარებელი”, რომელიც ხვალიდან გაემგზავრება სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში, ხევსა და ჯავახეთში. ღმეთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და თქვენც სიხარული მიუტანეთ იმ კუთხეებს.

საქართველოს პრეზიდენტი ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი
თქვენო უწმინდესობავ, ნება მიბოძეთ, რომ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თქვენი ანგელოზის დღე. გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, მოვულოცო წმინდა სინოდს, სრულიად საქართველოს და აქ მდგარ საზოგადოებას ეს მშვენიერი დღე. მინდა ასევე ყველას სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ თქვენი ღვაწლისთვის.
ჩვენ მოგყვებით იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელიც ასევე არის წმინდა ილია მართალის გზა. საქართველოსთვის ეს გზა ყოველთვის რთული იყო და ვიცით, რომ ძალიან ბევრი სირთულე, ალბათ, გადასალახავია, მაგრამ ჩვენ თქვენს გამო გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოგყვებით ბოლომდე ამ გზაზე, რომელიც მიდის საქართველოს გამთლიანებისკენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
გისურვებთ მრავალ წელს.
ჩვენ თქვენ გვჭირდებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე
თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებელი შრომისა და მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს და იყო ნაკარნახევი ჩვენზე ზრუნვით.
დღეს არის ორი დიდი წმინდანის, წმინდა ილია მართლის და ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე. მე მსურს, ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ღვაწლი არის უდიდესი, საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები, თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს.
ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულს სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია.

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენო ძვირფასო სულიერო მამავ!
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დიდებული წინასწარმეტყველის, წმინდა ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენებას. დღეს ჩვენ ასევე თქვენი ანგელოზის დღეს ვზეიმობთ. ნება მიბოძეთ წმინდა სინოდის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, სამონაზვნო დასისა და მრევლის სახელით, გულითადად მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. შეგეწიოთ ამ დიდი წმინდანების ლოცვა!
სამოც წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ მონაზვნად აღიკვეცეთ და სახელად ილია გეწოდათ, რაც ღმრთის ძალას ნიშნავს. მას შემდეგ წმინდა ილია წინასწარმეტყველი თქვენი განსაკუთრებული მეოხია ყოვლადწმინდა სამების წინაშე და მისი ლოცვით, მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენ გეძლევათ მადლი რათა ,,ყოვლითა განცხადებულებითა” იქადაგოთ სიტყვა ღმრთისა და ,,ძალითა დიდითა” დაამოწმოთ აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (საქ. 4: 29, 33).
თქვენი კათოლიკოს-პატრიარქად მსახურების ჟამი საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა ათეისტური იმპერიის ტყვეობიდან გამოსულ ქვეყანას თავს კვლავ დიდი განსაცდელები დაატყდა: ძმათამკვლელი ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასიათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნა, დიდი მატერიალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი. სწორედ ამ წლებში მოჰმადლა უფალმა ეკლესიას თქვენი მამათმთავრობა, როგორც კეთილი მწყემსი და ბრძენი საჭეთმპყობელი. თქვენ, ამ მძიმე წლებში, ღვთისა და სამშობლოსადმი სიყვარულით გამსჭვალული, ქართველ ხალხში ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდით და ჩვენი ერის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი როლის შესახებ გვახსენებდით.
დღეს ვფიქრობთ თქვენს ღვაწლზე, განვლილ გზაზე და ამასთან, თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება. გვაოცებს მისი მხურვალე და უშიშარი მსახურება ღვთისაგან განდგომილ ხალხში რწენის დანერგვისათვის. ასეთივე რთული იყო კომუნისტური დევნის შედეგად ეკლესიას დაშორებული ერის რწმენისაკენ შემობრუნება, რაც თქვენ შეძელით, ღვთის შეწევნითა და ერთგული სასულიერო და საერო პირების თანადგომით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე თქვენი მოღვაწეობა და დიდი ამაგი ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინების საქმეში. ჩვენს ერში დამოუკიდებლობის სულის გაღვივებისთვის მრავალი საეკლესიო მოღვაწის, და მათ შორის სამშობლოსათვის თავდადებულთა წმინდანად შერაცხვა ამის ნათელი მაგალითია; და ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი საზოგადოებისადმი, საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მზუნველობის ახალი გამოვლინებაა ჩვენს ეპოქაში.
ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ზეციდან გარდამოსულმა ცეცხლმა მსხვერპლი შეიწირა. საოცარია მის მიერ აღსრულებული სასწაულები და მისი ლოცვის ძალა, რომელსაც სტიქიებიც ემორჩილებიან. ლოცვა ადამიანისათვის ყველაზე რთული ღვაწლია და თქვენ მუდამ გვაძლევთ დაუღალავი ლოცვითი მსახურების მაგალითს. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა თქვენს მიერ შვიდგზის ლოცვების დადგინება, რომელიც ხალხმა ასე შეიყვარა. ვისაც თქვენთან ურთიერთობა ჰქონია, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა მიეცით და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნოების მაგალითი აჩვენეთ.
ილია წინასწარმეტყველი კერპთა დამამხობელი და ადამიანთა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მომყვანი იყო. დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან ყველა დრო თავისებურად ცდილობს ყალბი მიზნებითა და იდეალებით ჭეშმარიტი ღმერთის ჩანაცვლებას. თქვენი ლოცვითაც მრავალი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანს ღმერთს განაშორებს. თქვენი დიდი შრომის შედეგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა სატკივარის სადარაჯოზეა, რომელიც ქვეყანას აწუხებს. თქვენ, როგორც ერის მზრუნველი მამა თამამად იმაღლებთ ხმას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად და თქვენს სამწყსოს, თანამედროვე ცხოვრების გამოწვევების წინაშე, ყოველთვის აქვს თქვენი გამოცდილებისა და სიბრძნის იმედი.
თქვენი მზრუნველობის საგანი მუდამ არის დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება, მშვიდობისმყოფელობა და ერთსულოვნების შენარჩუნება, ვინაიდან თავად ბრძანდებით მშვიდობისა და სიმშვიდის მაგალითი და პავლე მოციქულის მსგავსად, მუდამ შეაგონებთ ეკლესიის შვილებს, რათა განეშორონ ,,მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცდურსა იქმან გარეშე მის მოძღვრებისა” რომელი გვისწავიეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტე მიერ (რომ. 16:17). თქვენ მუდამ გვახსენებთ უფლის სიტყვებს „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“(მთ.11,29), ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენი მამათმთავრული მსახურება და შეიძლება ითქვას, რომ იგი „სულითა და ძალითა ელიასითა“ (ლკ. 1, 17) აღესრულება.
ყოველივე ამის გამო თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ ქართველი ხალხის სიყვარული და ნდობა. თქვენ ასევე გისმენენ და ანგარიშს გიწევენ მთელს მსოფლიოში, ვინაიდან თქვენი საეკლესიო და საზოგადოებრივი მსახურება შორს გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს.
რთულია თქვენს მიერ ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლის ჯეროვნად შეფასება. დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება. თქვენი მზრუნველობის შედეგად გამრავლდა ეპარქიებისა და მღვდელმთავრების რიცხვი, მათ შორის საზღვარგარეთ დაარსებული ეპარქიების რიცხვი, რაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე თქვენი ზრუნვის გამოვლინებაა; გამრავლდა სამღვდელო და სამონაზვნო დასი, აიგო წმინდა სამების შესანიშნავი საკათედრო ტაძარი, აშენდა და აღდგა მრავალი ეკლესია-მონასტერი; სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა, რისი დასტურიც არის საკონსტიტუციო შეთანხმების გაფორმება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება და მრავალი სხვა. განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო სფეროში, ამ მხრივ აღსანიშნავია სასულიერო სემინარიისა და აკადემიის გახსნა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის დაარსება, საეკლესიო სკოლა-გიმნაზიების ამოქმედება და ა. შ. დაუსრულებლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა საეკლესიო თუ საერო სფეროს მიმართ, ქართულ მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, ახალგაზრდებზე, შვილგარდაცვლილ დედებზე, მისიონერულ, თუ სოციალურ მსახურებაზე.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია თქვენი ანგელოზის დღეს ზეიმობს, ჩვენც ვუერთდებით მილიონობით მორწმუნის სიხარულს. ქედს ვიხრით თქვენი ღვაწლის წინაშე და მადლობას გიხდით ყველა იმ სიკეთის გამო, რაც თქვენგან მიგვიღია. შვილებრივი სიყვარულით გისურვებთ სულიერ სიმხნევესა და სიხარულს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, ღმრთისა და ერის წინაშე თქვენს დაუღალავ მსახურებაში ყოვლადწმინდა სამებისა და დედა ღვთისმშობლის შემწეობას!
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!
მიტრ. შიო (მუჯირი). ილიაობა 2019.