სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა


ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ძი იენჩი და საელჩოს ატაშე ბ-ნი ჩენ უიძძუინი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მთავარი მენეჯერი, ბ-ნი ლაშა ჟვანია.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ბ-ნი ძი იენჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ამთავრებს და მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებელი ვიზიტით იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული განვითარების გზის მხარდაჭერა. მისივე განცხადებით, ბოლო წლებში ჩინეთი და საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდნენ, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და დასძინა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ნდობით, პატივისცემითა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს და ამიტომაც თავის მხრივაც სურს ამ განწყობის დადასტურება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა და ურთიერთთანამშრომლობა ჩვენი ქვეყნებისთვის სასიკეთო იქნება; ამასთან ბატონ ელჩს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმარი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა, თავის მხრივაც ბ-ნმა ძი იენჩიმ მის უწმინდესობას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.