გაამწვანე საქართველო


ა.წ. 7 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამწვანების მასშტაბური ღონისძიება განხორციელდა. საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს”(გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებითა და ხელშეწყობით ქალაქ თბილისის მერიასთან, კომპანია BDO-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაირგო 2000 ელდარის ფიჭვი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, 15 უნივერსიტეტის და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტები, ქართველი ჯარისკაცები და მრავალშვილიანი ოჯახები.
მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს გამწვანების ღონისძიებებს.