სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მართლმადიდებლობის ზეიმზე (17.03.2019)

ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი, _ მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება, მართლად დიდება ღვთისა და ჩვენ ძალისაებრ ჩვენისა უნდა ვადიდოთ უფალი და თაყვანი ვცეთ მას.
ეს დღესასწაული დაარსდა იმის შემდეგ, როცა საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება ხატების თაყვანისცემისა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა გაუხსნას მათ გონება, გული, რათა იცნან ჭეშმარიტება.
ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია სხვა მიზეზის გამოც. მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის დროს ჩვენ გვქონდა არაერთი შეეხვედრა მსჯელობა და კამათი, რომ ეცნოთ ავტოკეფალია საქართველოს ეკლესიისა. ჩვენ ვლოცულობთ დიმიტრიოსის სულისათვის. მან პირდაპირ უბრძანა თავის წარმომადგენლებს, რომ უნდა ვაღიაროთ საქართველოს ავტოკეფალიაო.
XIს-ში იყო ასეთი კანონისტი, კანონების მცოდნე, ბალსამონი და იგი წერს: ,,ამბობენ, რომ პეტრეს დროს კვიპროსის ეკლესიამ და საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით მიიღეს ავტოკეფალია.”
იყო მსჯელობა, თუ როდის მიიღეს? ნეტარი პეტრეს დროს? ჩვენთანაც პეტრე იყო პირველი კათოლიკოსი, თქვენ გახსოვთ, მიქაელის შემდეგ იყო პეტრე და ანტიოქიაშიც პეტრე იყო. და იყო განსჯა, თუ რომელ პეტრეზეა საუბარი, მეთერთმეტე საუკუნის პეტრეზე, თუ მეხუთე საუკუნის პეტრეზე. და მე ვუთხარი, _ ბალსამონი რომ ამბობს: ,,ამბობენ,” ეს იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში მიიღო საქართველომ ავტოკეფალია.
იყო ლაპარაკი კიდევ იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო მოგანიჭებთო ავტოკეფალიას. მე ვუთხარი, რომ ავტოკეფალია ჩვენ მივიღეთ მეხუთე საუკუნეში, ამიტომ თქვენ კი არ უნდა მოგვანიჭოთ, თქვენ უნდა სცნოთ და, მართლაც, სიგელში ჩაწერილია, რომ უძველესი დროიდან საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია.
სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმზე იყო გადმოცემული ეს სიგელები ავტოკეფალიისა და პატრიარქობისა მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ და ეს ორი სიგელი ინახება საქართველოს საპატრიარქოში.
მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტოკეფალია იმიტომ, რომ მთელი კულტურა, ისტორია, ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ეკლესიის მოღვაწეობაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.
ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია. საქართველოს ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო. ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით, არ ვიცით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
დალოცვილი იყავით და გახარებული.
ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი და შემწე.
ჩვენთან არს ღმერთი.
პარასკევს არის დღესასწაული, ორმოცი სებასტიელი მოწამის დღეა. ჩვენთან, თბილისში, ძველ აბანოსთან, არის ტაძარი ორმოცი სებასტიელი მოწამისა და 11 საათზე იქ იქნება პარაკლისი. თუ შევძელი, მე თვითონ გადავიხდი.
დალოცვილი იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი.