ქადაგება ათორმეტთა მოციქულთა ხსენების დღეს (13 ივლისი, 2001 წ.; სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ათორმეტთა მოციქულთა ხსენების დღეს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, 13 ივლისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე! ყველას გილოცავთ ამ
დიდებულ დღესასწაულს – ხსენებას ათორმეტთა მოციქულთა. მათი ლოცვითა და ვედრებით,
მათი შუამდგომლობით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, სულიერად აღამაღლოს, განამტკიცოს
და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
IV საუკუნეში ქრისტიანობა ბიზანტიასა და საქართველოში სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადდა. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ წმიდა მეფე კონსტანტინე – ბიზანტიაში
და წმიდა მეფე მირიანი – მცხეთაში აგებენ ტაძარს 12 მოციქულის სახელზე. ეს კიდევ
ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, თუ რამდენად მჭიდრო სრულიერი ერთობა გახლდათ
საქართველოსა და ბიზანტიას შორის. ამავე დროს, ორივე ერის გაქრისტიანება იყო არა
მარტო ეკლესიური მნიშვნელობის მოვლენა, არამედ დიდი პოლიტიკური აქტიც.
დაფიქრება გვმართებს იმაზეც, თუ რატომ მოხდა, რომ სწორედ მოციქულების სახელზე
ააშენეს პირველი ტაძრები კონსტანტინე დიდმა და მეფე მირიანმა.
მოციქულები სულიწმიდის მატარებლები იყვნენ, სულიწმიდა სუფევდა მათზე – „უძულრთა
მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. გუშინ და დღეს წაკითხული იქნა ადგილები
სახარებიდან, სადაც ჩამოთვლილი გახლდათ მოციქულთა სახელები, რომელთა შორის
მოიხსენიება იუდა ისკარიოტელიც. მათეს სახარებაში წერია: „იუდა ისკარიოტელი,
რომელმანცა გასცა იგი“. საოცარია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თორმეტივე
მოციქულს უბოძა ნიჭი კურნებისა, მკვდრეთით აღდგინებისა, კეთროვანთა განწმენდისა და
სასწაულთა აღსრულებისა. სხვა მოციქულებთან ერთად იუდა ისკარიოტელმაც მიიღო ეს
საოცარი ჯილდო, თუმცა მას არ ჰქონდა „გული წმიდა და სული წრფელი“. უფალმა თავისი
უსაზღვრო მოწყალებით უბოძა მას მადლი, იუდამ კი ვერ დააფასა იგი. შემთხვევითი არ
არის, რომ დავით მეფე ძალიან ხშირად ახსენებს გულის სიწმინდეს. 50-ე ფსალმუნში ჩვენ
ყოველდღე ვკითხულობთ: „გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი
განმიახლე გუამსა ჩემსა“.
ადამისა და ევას დაცემის შემდეგ ყოველი ადამიანის გულზე გაყოფის ბზარია, რამეთუ,
მარად მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ადამიანს, როგორც თქვენ იცით,
მიცემული აქვს თავისუფალი ნება. მან თავად უნდა გააკეთოს არჩევანი კეთილსა და
ბოროტს შორის, და ამით გადაირჩინოს თავი. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მეორედ მოსვლის
დროს ანგელოზები მარჯვენა მხარეს დააყენებენ კეთილის მყოფელთ, ხოლო ბოროტის მოქმედთ
– მარცხნივ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დაყოფა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველანი,
აუცილებლად მარჯვნივ, ჭეშმარიტი სარწმუნოების, სიყვარულისა და სიკეთის მხარეს უნდა
დავდგეთ; უნდა ვაკეთოთ კეთილი და არა ბოროტი, არ უნდა ვთესოთ ღვარძლი. ყოველდღე,
ყოველ წუთს, ყოველ წამს უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი გონება და გული. წმიდა მამები
ამბობენ, რომ ცოდვა შემოდის თვალში, შემდეგ ჩადის გულში, რის შემდეგაც მთელ სხეულს
მოედება. სანამ ცოდვა თვალიდან გულში ჩავა, ადამიანმა უნდა უარჰყოს იგი,
წინააღმდეგობა გაუწიოს და ამით კეთილი ნება გამოაჩინოს. თუ ვნებამ, ცოდვამ მიაღწია
გულამდე, მისგან გათავისუფლება უკვე ძნელია.
ლოცვისას ჩვენ მუდამ უნდა ვევედრებოდეთ უფალს: „ღმერთო, მიხსნენ ჩვენ ხილული და
უხილავი მტრებისაგან“. ძალიან ხშირად მტერი ჩვენს გულშია და სხვაგან ვეძებთ მას.
სხვა ადამიანიდან კი არ უნდა დავიწყოთ განკითხვა, ჯერ საკუთარი თავი უნდა
დავინახოთ. თუკი დასძლევ და გაამარცხებ შენში მყოფ ტერს, მუდამ გამარჯვებული იქნები
და უფალი მარად შენთან იქნება.
შეგეწიოთ წმიდა მოციქულთა ლოცვა, რათა ყოველი ჩვენთაგანი, მთელი საქართველო იყოს
ტაძარი სულისა წმიდისა!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და
გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №29, 2001 წ.