სულთმოფენობიდან 35-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

სულთმოფენობიდან 35-ე კვირიაკე
წირვაზე (30-ე კვირიაკის) – კოლ. 3:12-16. ლკ. 18:18-27.

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ – 3:12-16
მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება, შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად. ამ სიტყვებით მოციქული გვიჩვენებს, რომ სათნოებათა მოხვეჭა ადვილია: როგორ მარტივადაც სამოსელს ვიცვამთ, მსგავსადვე შეგვიძლია სათნოებები მივირქვათ; სათნოება მუდამ ჩვენთან უნდა იყოს და მას ისე უნდა ვიყენებდეთ, როგორც სამკაულთ. მისი არმქონე მახინჯია.
შეიმოსეთ გულმოწყალება. მოციქულს არ უთქვამს: „შეიმოსეთ თანაგრძნობა“, არამედ: „გულმოწყალება“. ეს იმიტომ, რომ არ დაამციროს ის, ვინც სიბრალულს იწვევს, ამასთანვე, აჩვენოს, რომ ადამიანი შინაგანი განწყობით უნდა შეიბრალო და არა ისე, როგორც ძმები არიან ძმების მიმართ განწყობილნი, არამედ როგორც მამები შვილების მიმართ. ხოლო იმისათვის, რომ არ თქვა, ძმამ შესცოდაო, მოციქული ამბობს: ვითხოვ შენგან დიდსულოვან გულმოწყალებას.
სიტკბოება, შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. ვინც გულმოწყალება შეიმოსა, – ამბობს მოციქული, – ის თავისთავად სხვა სათნოებებსაც იძენს. რომელ მამას არ ახარებს შვილის სიკეთე და სიმდაბლით და უდრტვინველად არ სწყალობს მას? ნახე, რა მშვენიერი წესრიგია ყოველივე ამაში! გულმოწყალებისგან შობილი სიტკბოება სიმდაბლეს შობს, რადგან ვინც გულმოწყალეა, ის თავმდაბალიცაა; თავმდაბალი კი მშვიდია, ხოლო ამპარტავანი პირიქით, მრისხანეა. სიმშვიდისგან მოთმინება ანუ დიდსულოვნება იშვება.




შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან. შემწყნარენი იგივეა, რაც ერთმანეთის დამთმენნი, შენ მას შეეწევი, იგი – შენ. მკაცრად ნუ განსჯით ერთმანეთის ნაკლოვანებასა და დაცემას: ჩათვალეთ, რომ ისინი უყურადღებოდ დატოვეთ. შეხედე, თავადაც როგორ აჩვენა მათი უმნიშვნელობა მოციქულმა და სადავო უწოდა.
როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. წმინდა პავლე, როგორც ყოველთვის, შეაგონებს მათ ქრისტეს მაგალითით. მან ზემოთ აჩვენა, რომ ერთმანეთის ნაკლოვანებები უმნიშვნელოდ უნდა ჩათვალონ და მათ სადავო უწოდა, მაგრამ როდესაც ქრისტეს მაგალითი მოიყვანა, არწმუნებს, რომ ყველაფერი ერთნაირად უნდა მიუტეონ, მათ შორის მნიშვნელოვანი შეცოდებებიც, თუნდაც კეთილისმყოფელნი ვიყოთ ჩვენი შეურაცხმყოფელებისა, თუნდაც დიდი ადამიანები ვიყოთ, ისინი კი უმნიშვნელონი. ამასთან, სიკვდილის შემდეგაც კეთილისმყოფელნი უნდა ვიყოთ მათ მიმართ, როგორც ქრისტეა სიკვდილის შემდეგაც ჩვენი კეთილისმყოფელი. კავშირი როგორც სწორედ ამაზე მიუთითებს.




ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული. ვინაიდან ერთმანეთს შეიძლება სათნო ვეყოთ მხოლოდ წმინდა სიყვარულით და არა მოჩვენებითად და ორგულობით, ამიტომ მოციქული გვიჩვენებს გზას, რომლითაც შეგვიძლია, უფალს ვესათნოვოთ. ზოგიერთი შეიძლება მშვიდიც იყოს და მდაბალიც, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდეს. ამიტომაც ამბობს:ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული.
რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სათნოებას სიყვარული კრავს. როდესაც სიყვარული არ არის, მაშინ ყველაფერი ქრება და სინამდვილეში აღარაფერი რჩება, გარდა პირმოთნეობისა. სიყვარული ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც კი სრულყოფილების მიღწევას ემსახურება და მის გარეშე სრულყოფილება არ არსებობს; თუნდაც ჩანდეს, რომ ადამიანს ის აქვს, მაგრამ ეს სრულებითაც არ იქნება სრულყოფილება. როგორც კოჭები კრავს სახლის კედლებს და ძარღვები ადამიანის სხეულის წევრებს, ისე კრავს სიყვარული სათნოებებს.





დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.



დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა. ზოგჯერ ვიღაცისგან ნაწყენი ვრჩებით, მაშინ ჩვენში ორი ზრახვა იწყებს ბრძოლას, რომელთაგან ერთი შურისძიებისკენ მიგვმართავს, მეორე – მოთმინებისკენ. თუ შენში ღვთის მშვიდობაა და ჯილდოებს არიგებს, ანუ მსაჯულია და საზღაურის მიმგებელი, მაშინ ის აჯილდოებს იმ აზრს, რომელიც დათმენას გიბრძანებს, მეორეს კი აჩუმებს. ამრიგად, დაე, ღვთის მშვიდობამ მოგანიჭოთ ჯილდო და არა მრისხანებამ და კამათისმოყვარეობამ; ადამიანური მშვიდობა შედგება შურისძიებისა და მისაგებელისგან. ღვთის მშვიდობა კი მუდმივი და დაურღვეველია, ის მყარდება არა რაიმე მიწიერი სიკეთისთვის, არამედ, უბრალოდ, გულმოწყალებითა და სიყვარულით, რათა აღმოფხვრას ჩვენ წინააღმდეგ არსებული მტრობა. მას შემდეგ, რაც მოციქულმა სიყვარულის შესახებ შეგვახსენა, რატომ იწყებს კვლავ მშვიდობაზე მსჯელობას? ეს შეგონება, თითქოსდა, ზედმეტია, რადგან სიყვარულში უკვე სუფევს მშვიდობა. შესაძლოა, ეს იმიტომ არის ნათქვამი, რომ ხშირად მეგობარიც კი თავის მეგობარს სდებს ბრალს და ზედმეტი სიყვარული არცთუ იშვიათად დავის, წყენის და ჩხუბის მიზეზია. ეს არ მინდა, – ამბობს ის, – არამედ სიყვარულით მოიპოვეთ ღვთის მშვიდობა, რომელიც ყველაფერს აწესრიგებს და ალაგებს.
რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი. ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ, რომელმაც მშვიდობისკენ მოგვიწოდა, ერთ სხეულად გაგვაერთიანა, თვითონ კი ამ სხეულის თავი გახდა. სხვა რისთვისა ვართ ჩვენ ერთი სხეული, თუ არა იმისათვის, რომ რაკი ერთი სხეულის წევრები ვართ, ერთმანეთს შორის მშვიდობა ვიქონიოთ და არა გაყოფა? ანდა იმიტომ, რომ თქვენ მოწოდებულნი ხართ მშვიდობისათვის, ანუ მშვიდობის გზით ურიცხვი სიკეთის ღირსნი შეიქმნებით. ჩვენ რომ ღმერთთან არ შევრიგებულიყავით, მაშინ არც მის მონებად და მისი სიკეთეების მონაწილეებად ვიქნებით მოწოდებულნი.
და მადლიერნი იყავით (სათარგმნ ტექსტში: მეგობრობის მოყვარენი). მეგობრობის მოყვარეა ის, ვინც ისე ექცევა თავის მონებს, როგორც თავად მას – ღმერთი. ვინც ღვთის მადლს აღიარებს და ღმერთს მადლობს იმისათვის, რომ ცოდვები მიუტევა, ის არ დაიწყებს შურისძიებას იმის მიმართ, ვინც მას შესცოდა. შურისმაძიებელს, ეტყობა, არ ახსოვს, როგორ მიიღო უდიდესი სიკეთე ცოდვების მიტევებით და ისე იქცევა, როგორც ათი ათასი ტალანტი ვალისგან გათავისუფლებული მოექცა თავის მოვალეს, მისი ასი დინარი რომ ემართა (მთ. 18:24-30). ასე რომ, მადლიერები ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც უნდა დიდი გასაჭირი შეგვემთხვეს, ამით მოწამოების გვირგვინს მივიღებთ.
დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში. მოციქული გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერნი: თუ ჩვენში დაიმკვიდრებს ქრისტეს სიტყვა, მისი მცნებები, რომლებითაც ის გვასწავლიდა ამაო ცხოვრებისა და სიკეთეების მოძულებას, მაშინ ვერანაირი სიძნელე ვერ გვძლევს, პირიქით, ყველაფერს ახოვნად ავიტანთ და რაც უნდა შეგვემთხვეს, ყველაფრისთვის მადლიერები ვიქნებით. მას უბრალოდ კი არ უთქვამს: „დაემკვიდროს თქვენში“, არამედ: „სიუხვით დაემკვიდროს“. თუკი წმინდა წერილის ცოდნით გავმდიდრდებით, მაშინ ადვილად დავითმენთ ყველა ჭირსა და უბედურებას, ისევე, როგორც მდიდარს შეუძლია ფულის დანაკარგი დაითმინოს.
მთელი სიბრძნით. ანუ ყოველგვარი სათნოებით. მოციქული „სიბრძნეს“ უწოდებს სათნოებას, მსგავსად იმისა, როგორც დავითი ცოდვას უწოდებს „უგუნურებას“: „თქვა უგუნურმა თავის გულში“ (ფს. 13:1); „აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო“ (ფს. 37:6).
ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს. ვინაიდან კითხვა შრომას ითხოვს და მალე გღლის, ამიტომ მიუთითებს მოციქული ფსალმუნებზე, რათა სული გაიმხიარულო და შრომის სიძნელე არ შეიმჩნიო. ფსალმუნების შემდეგ საგალობლები დააყენა, როგორც რაღაც სრულყოფილი. ფსალმუნების კითხვა ადამიანური საქმეა, გალობა კი – ანგელოზებრივი.
მადლიერებით უგალობეთ. ამას მოციქული ამბობს, ნაცვლად გამოთქმისა: სულიერი სიხარულითა და სიტკბოებით უგალობეთ. ადამიანური სიმღერის მიზანი უბრალოდ ტკბობაა; საგალობელი კი სულს ატკბობს. სულიერი ნიჭით უნდა მიიღონ ის, რასაც გალობენ.
უფალს თქვენს გულებში. უგალობეთ არა მარტო ბაგეებით, არამედ გულებშიც, ანუ გულისხმისყოფით. სწორედ ამას ნიშნავს – უგალობეთ უფალს. სხვაგვარად: თქვენს გულებში – არა სხვების დასანახად. თუნდაც სავაჭრო მოედანზე იმყოფებოდე, შეგიძლია, შენთვის იგალობო ისე, რომ არავინ გაიგონოს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;

რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში.

უფალმა თავად შეკრა ძლიერი (სატანა) და მიიტაცა მისი ჭურჭელი ანუ ჩვენ, რომელსაც ძლიერი მტერი ყოველგვარი მზაკვრული მოქმედებისთვის გვიყენებდა. მის ხელში გავხდით ჭურჭლები „უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული“ (2 ტიმ. 2:21), – თუმცა ეს არ მომხდარა ჩვენი გულმოდგინების გარეშე. ამრიგად, მისი მეშვეობით მამასთან მივედით. სიბნელის ხელმწიფებისგან გამოხსნილნი ნათელს შევუერთდით წმინდანთა მემკვიდრეობის გასაზიარებლად.
წმინდა მღვდელთმთავარი ბასილი დიდი

ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;
მოციქული ამას იმიტომ გვეუბნება, რომ როდესაც გაიგონებ, მამამ გაგვათავისუფლაო, არ იფიქრო, რომ ამ მხრივ ძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის. წმინდა პავლე ამბობს, რომ ძემ ბევრი რამ გვიბოძა. მისი წყალობით, სასუფეველი დავიმკვიდრეთ, ვინაიდან მან გამოგვისყიდა ანუ ცოდვები მოგვიტევა. ჩვენ რომ ცოდვათაგან გამოსყიდულნი არ ვყოფილიყავით, ვერც სასუფეველში შევძლებდით შესვლას. ამგვარად, მან გზა გაგვიხნა მამის საბოძვარისკენ. მას არ უთქვამს, რომ სრულად გამოგვისყიდა, რათა შემდგომში არ დავცემულიყავით და არ გავმხდარიყავით მოკვდავნი, როგორც ადამის ცოდვის თანაზიარნი. ამრიგად, თუ ძემ გამოგვისყიდა, მაშინ მანვე შეგვიყვანა სასუფევლში. რატომ ფიქრობთ, რომ აქ ანგელოზებზეა საუბარი? ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ გამოთქმა „ვინც“ მიეკუთვნება ძეს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი.
უწინარესი (პირმშო) არის ის, ვინც პირველი დაიბადა, ანუ ვინც უფროსია ძმებს შორის. ძე ღვთისა რომ მხოლოდ პირმშოდ იწოდებოდეს და მხოლოდშობილად არა, მაშინ ვიფიქრებდით, რომ ის არის პირმშო ქმნილებათა შორის, მაგრამ რადგანაც ის იწოდება პირმშოდაც და მხოლოდშობილადაც (1 ინ. 1:18), ამიტომ მასთან მიმართებით ერთი წოდებაც უნდა შევინარჩუნოთ და მეორეც. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი შობილია ყველა ქმნილებაზე უწინარესად, თუმც იგი ღვთისგანაა და ქმნილებაც ასევე, ღვთისგანაა, მაგრამ ერთადერთი მხოლოდ ის არის უჟამოდ შობილი მამისა და ღმერთის არსისგან. იგი ჩვენს მსგავსად ეზიარა სისხლსა და ხორცს (ებრ. 2:14) და განკაცდა. ჩვენ კი მისი საშუალებით გავხდით ღვთის ძენი, რადგან ნათლისღების გზით მივიღეთ შვილება. თავად ბუნებით ძე ღვთისა ჩვენ შორის გამოჩნდა როგორც პირმშო, ჩვენ კი, ამ შვილებითა და მადლით, ღვთის ძენი გავხდით და ქრისტეს ძმებად ვიწოდებით.
ღირსი იოანე დამასკელი
რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
ეჭვს არ იწვევს, რომ ყველაფერი ძის მიერ არსებობს. მოციქულის თანახმად, ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. თუკი ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და ყველაფერი – არარასგან და არაფერი არსებობს მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ გეკითხებით, რა აკლია მას, რომელიც არ არის ნაკლული არც ბუნებით, არც საღვთო ძალით ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებისათვის? მან ხომ თავისი ბუნებითი ძალა გამოიყენა, რათა არარსებული არსებულიყო და წარმოშობილიყო ის, რაც მას ენება!
წმინდა მღვდელთმთავარი ჰილარი პიქტავიელი

ის არის ყოვლის უწინარესი და ყველაფერი მისით დგას.
მოციქულმა ახსენა შესაქმე, ახლა კი, შესაბამისად ამისა, საუბრობს ამ პროცესში შემოქმედის ძალის როლზე – ღვთის სიტყვაზე, რომლის მიერაც ყოველივე შეიქმნა და „უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა“ (ინ. 1:3). თუკი შექმნილს თავისთავად, მარტოს, ძის გარეშეც შეუძლია ღვთის შემეცნებასთან მიგვიყვანოს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მყოფობაში ძის გარეშე მოვიდა – ნუ იყოფინ! – ფრთხილად იყავი, ეს აზრი არ მოგერიოს, თორემ დაგცემს! თუკი შექმნილი მყოფობაში მოვიდა ძის მიერ და ყველაფერი მისით დგას, მაშინ ვინც სწორად უმზერს შექმნილს, ის გარდაუვალად მის შემქმნელ სიტყვასაც ხედავს, სიტყვის მიერ კი მამის გაცნობიერებასაც იწყებს.
წმინდა მღვდელთმთავარი ათანასე დიდი
ის არის თავი ეკლესიის სხეულისა; იგი დასაბამია, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს.
ის არის თავი ეკლესიის სხეულისა. ეს ნიშნავს, რომ მიწიერ ეკლესიას მან (იესო ქრისტემ) ჩაუყარა საძირკველი; იგია დასაბამი, პირმშო მკვდართაგან,საქმითა და სიტყვის ხელმწიფებით. რათა ყველაფერში პირველობდეს, რადგან როგორც ის ყოველივეს უწინარესი არის, ასევე უწინარესია დაბალ არსებათა ყველა საქმისა. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, აქაც და იქაც; ის არის დასაბამი აღდგომისა, პირმშო მკვდართაგან, როგორც ის გახდა აღდგომის პირმშო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ იყო მკვდართაგან პირმშო, ასევე გახდა იგი უხუცესი („ძველი დღეთა“), როგორც ყველა ქმნილებათა უწინარესი, როდესაც იგი მოციქულის საუკუნეში იშვა. გარდა ამისა, როგორც მისმა ღმრთეებამ განიცადა უპატიობა მის კაცებაში, ისე დააგვირგვინა თავისი კაცება დიდებით თავის ღმრთეებაში.
ღირსი ეფრემ ასური


წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 13:10-17

შაბათ დღეს ერთ–ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩხულს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.
ეს იყო უფლის მესამედ მისვლა უნაყოფო ლეღვთან. ამაზე მიუთითებს რიცხვი 18 წელი, რომელიც მოკრუნჩხულ ქალს უკავშირდება. ადამიანი შექმნილია მეექვსე დღეს (დაბ. 1:27). იმავე მეექვსე დღეს დასრულდა უფლის ყველა საქმე. თუკი რიცხვ ექვსს სამზე გავამრავლებთ, თვრამეტს მივიღებთ. ასე რომ, რადგანაც მეექვსე დღეს შექმნილმა ადამიანმა არ ისურვა, სრულყოფილი საქმენი ჰქონოდა, თუმცა რჯულამდე, რჯულის ქვეშ და მადლის დასაწყისში იგი სუსტი იყო, ამიტომ ჰგავს ის თვრამეტი წლის განმავლობაში უძლურების სულით შეპყრობილი ქალს, რომელიც ისე იყო მოკრუნჩხული, რომ წელში გამართვა არ შეეძლო. ვერცერთი ცოდვილი, ვინც მიწიერზე ფიქრობს და ზეციურს არ ეძებს, ზევით ახედვას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ქვენა სურვილებით ცხოვრობს, გონების სწორი მიმართულებიდან უხვევს და მხოლოდ იმას ხედავს, რაზეც ფიქრობს.
საყვარელო ძმებო, თქვენ გულებს ჩაუღრმავდით, ყურადღებით დააკვირდით, განუწყვეტლივ რაზე ფიქრობთ. ერთი პატივზე ფიქრობს, მეორე – ფულზე, მესამე – რა მოიხვეჭოს და რა მიიტაცოს ამ სოფელში. ეს ყველაფერი ქვემოთ ხდება და გონება ყველაფერ ამაში იხლართება, რის შემდეგაც სწორ გეზს კარგავს. ხოლო რადგანაც იგი წელში არ იმართება, რათა ზეციური ნათელი მოეფინოს, ამიტომ ვერანაირად ვერ იხედება ზევით, როგორც მოკრუნჩხული დედაკაცი.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ დიოლოღოსი



იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.
როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.

არც ავადმყოფს, არც სხვა ვინმეს არ უთხოვია ქალის განკურნება, არამედ თავად მაცხოვარმა იხილა ეს დატანჯული ადამიანი და შეებრალა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან. ამით უფალმა მაგალითი მოგვცა: როდესაც ვინმეს ჩვენი დახმარება სჭირდება, არ უნდა ველოდოთ მის თხოვნას ან ვინმეს შუამდგომლობას, არამედ მაშინვე ნებაყოფლობით დავეხმაროთ და შევეწიოთ მას. ეს ქალი არ ყოფილა ბუნებრივი ავადმყოფობით დაავადებული, როგორიც შეიძლება იყოს კეთრი, წყალმანკი, სიბრმავე, სიმუნჯე, სხეულის დარღვევა და მისთანა, – რომლებიც უფალს არაერთხელ განუკურნავს, – არამედ იგი სატანისგან იყო შეკრული. ამიტომაც უთხრა: დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან, ამასთანავე, დაადო მას ხელი, რათა ამით, ერთი მხრივ, თავისი სიტყვის ყოვლისშემძლეობა ეჩვენებინა, მეორე მხრივ – თავისი საღვთო მარჯვენის სასწაულთმოქმედი მადლი. ხოლო მოკრუნჩხული დედაკაცი, როგორც კი გათავისუფლდა სატანის ბორკილებისგან, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს, თავის კეთილისმყოფელსა და მეუფეს.

მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.
სინაგოგის წინამძღვრის განრისხება შურმა გამოიწვია და არა კანონისადმი მოშურნეობამ. საღვთო რჯული დასვენებას განაწესებდა შაბათ დღეს ყოველგვარი საქმისგან, მაგრამ ის არ კრძალავდა სასწაულთმოქმედი ძალით კურნებას. უპირველესად, უნდა იცოდე, რომ იგი ცბიერად ფარავდა შურს კანონდამცველის ნიღბით, სინამდვილეში კი შურიანობის სიმყრალით იყო ავსებული, მაგრამ თავს ღვთის გულწრფელ მოშურნედ აჩვენებდა: შაბათის უქმობასთან დაკავშირებით ბაგეებით საღვთო რჯულს იცავდა, ხოლო გულითა და ზრახვებით სასწაულს გმობდა და სასწაულთმოქმედს განიკითხავდა. გარეგნულად იგი, თითქოსდა, ღვთისმოყვარე და მართალი მოღვაწეა, მაგრამ შინაგანად შურითა და უსამართლობითაა სავსე. მეორეც, მისი ვერაგობა და ღვარძლი იხილე: ის პირდაპირ და კადნიერად კი არ გმობს სასწაულს, არც პირადად იესო ქრისტეს ეუბნება რამეს, არც თავის განზრახვას ამჟღავნებს ბოლომდე; ბოროტისმზრახველი ასეთი სიტყვებით მიმართავს იქვე შეკრებილ ხალხს: ღვთივმოცემული კანონის თანახმად, ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს, როცა უნდა დავისვენოთ და ვიდღესასწაულოთ.
რა პასუხი გასცა იესომ სინაგოგის წინამძღვრის ამ უპასუხისმგებლო და უგუნურ ნათქვამს?
მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?

ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?
ღმერთკაცმა საღვთო სიბრძნით ამხილა სინაგოგის წინამძღვრის ორგულობა: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად, განა ეს კანონს არ ეწინააღმდეგება? შენ კი ამ ქალის განკურნება, რომელიც გონიერებით დაჯილდოებული ადამიანი და აბრაამის ასულია, კანონის დარღვევად მიგაჩნია. ამის გამო უქადაგებ ხალხს და ამცნებ, რომ ავადმყოფობისგან არ უნდა განიკურნონ? ნუთუ შენ მართლა ურჯულოებად მიგაჩნია ამ საწყალობელი ქალის განკურნება, რომელიც თვრამეტი წლის განმავლობაში სატანას ჰყავდა შეპყრობილი და ტანჯავდა?
აქვე უნდა აღვნიშნოთ და ამის ცოდნა აუცილებლად გვმართებს, რომ იესო არ უთვლის ამ ქალს ღირსებად აბრაამის შთამომავლობას, რამეთუ „ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქ. 10:35). ეს ქალი მან აბრაამის ასულად იმიტომ მოიხსენია, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება სწორედ აბრაამის შთამომავლებში იყო დაცული და ამით მიანიშნა, რომ ეს ქალიც მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო და მას, ერთადერთს, ემსახურებოდა. ამიტომ იყო კანონიერი სატანის ბორკილებისგან მისი გათავისუფლება.

ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.
როდესაც იესო ქრისტე ამას ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც შურის გამო ეურჩებოდა მას, მაგრამ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო პასუხს ვერ პოულობდნენ და რისხვით ანთებულნი დუმდნენ. ხალხი კი ამ დროს, რომლისთვისაც უცხო იყო შურიანობა და არ სჯეროდა სინაგოგის წინამძღვრის უგუნური წარმოდგენებისა, ხარობდა ყოველივე იმ სასწაულების გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იესო ქრისტე.
მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი


წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებელისაგან საკითხავი – 18:18-27
ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა.
იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც–ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
ზოგიერთთა აზრით, ეს კაცი ბოროტი და ცბიერი იყო და ცდილობდა, როგორმე გამოეჭირა იესო სიტყვებში. მაგრამ უფრო სარწმუნოა, რომ ის ვერცხლისმოყვარე იყო, რადგან თავად ქრისტემაც სწორედ ამაში ამხილა იგი. მარკოზ მახარებელიც ამბობს, რომ მან უფალთან მიირბინა, „მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა… იესომ შეხედა და შეუყვარდა იგი“ (მარკ. 10:17, 21). ამრიგად, ეს ახალგაზრდა კაცი, მომხვეჭელობის სულით შეპყრობილი, ქრისტესთან მიდის, რათა გაიგოს მარადიული ცხოვრების შესახებ. აქაც, ალბათ, მას მომხვეჭელობის ვნება ამოძრავებდა, რადგან ისე ძლიერად არავის სურს ხანგრძლივი ცხოვრება, როგორც ვერცხლისმოყვარეს. ამდენად, მას ეგონა, რომ უფალი მას ხანგრძლივი სიცოცხლის ხერხს ასწავლიდა და ისიც დიდხანს დატკბებოდა საკუთარი ქონებით. მაგრამ როდესაც ქრისტემ უთხრა, რომ მარადიული სიცოცხლის მოსაპოვებლად უპოვარებაა საჭირო, მან, თითქოსდა, უსაყვედურა საკუთარ თავს დასმული შეკითხვისთვის, იესოს კი – პასუხისთვის. ის გვერდზე გადგა, რადგან მარადიული ცხოვრება იმისთვის სჭირდებოდა, რომ მრავალი წლის საკმარი სიმდიდრით დამტკბარიყო; ხოლო თუ ქონებაზე უარს იტყოდა და სიღატაკეში იცხოვრებდა, მაშინ მარადიული ცხოვრება რაღაში დასჭირდებოდა? უფალთან იგი ისე მივიდა, როგორც უბრალო კაცთან და მოძღვართან. ამიტომ ღმერთი მას ასწავლის, რომ მასთან მისვლა არ შეიძლება ისე, როგორც უბრალო ადამიანთან: არავინაა კეთილი, გარდა ერთის – ღმერთისა. შენ კეთილი მიწოდე, – ეუბნება ის მას, – რატომღა დაამატე: „მოძღვარო“? ალბათ, ერთ-ერთი მრავალთაგანი გგონივარ. თუ ასეა, მაშინ მე კეთილი არ ვყოფილვარ, ვინაიდან კეთილი მხოლოდ ღმერთია, ამიტომ თუ გინდა, კეთილი მიწოდო, მაშინ მიწოდე ეს, როგორც ღმერთს და არა როგორც უბრალო ადამიანს; ხოლო თუ უბრალო ადამიანად მიგაჩნივარ, მაშინ კეთილს ნუ მიწოდებ, რამეთუ მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტად კეთილი, სიკეთის წყარო და თვით სიკეთის დასაბამიც. ჩვენ კი, ადამიანები, თუკი კეთილები ვართ, არა თავისთავად, არამედ მის სიკეთეში მონაწილეობით. ჩვენი პირადი სიკეთე კი არ არის მყარი და შეიძლება იგი ზოგიერთ ვითარებაში ბოროტებისკენ მიიდრიკოს.
იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც–ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო და ა. შ. კანონი ჯერ კრძალავს იმას, რაშიც, შეიძლება, ადვილად ჩავცვივდეთ, შემდეგ უკვე იმასაც, რაშიც არცთუ ბევრი და არცთუ ხშირად ვარდება, მაგალითად, მრუშობა, ვინაიდან ის გარედანაც და შიგნიდანაც დანთებული ცეცხლია; ასევეა მკვლელობა, ვინაიდან რისხვა საშინელი მხეცია; ქურდობა კი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ცილისწამების ცოდვაშიც შეიძლება, ხშირად არ აღმოვჩნდეთ. ამიტომ თავდაპირველად იმის აკრძალვის მცნებები გვეძლევა, რითაც ადვილად შეიძლება, რომ მოვიწყლათ, თუმცა სხვა მხრივაც უფრო მძიმეა ისინი. ქურდობა და ცილისწამება რჯულმა მეორე ადგილზე დააყენა, როგორც მათზე ნაკლები თავისი სიხშირითა და მნიშვნელობით. ამ ცოდვების შემდეგ რჯული მშობლების წინააღმდეგ ცოდვას აყენებს, თუმც ეს ცოდვა მძიმეა, მაგრამ ისეთი სიხშირით არ ხდება, იმიტომ, რომ იშვიათი და ცოტაა მხეცის მსგავსი ადამიანი, ვინც მშობლებს შეურაცხყოფს.
როდესაც ჭაბუკმა უფალს მიუგო, რომ ყველა ამ მცნებას იგი სიყრმითგან იცავდა, მაშინ ღმერთმა მას უფრო მაღალი სათნოება – უპოვარება შესთავაზა. დააკვირდი, როგორ განაწესებს რჯულისკანონი ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების წესებს! გაყიდე ყველაფერი, – ეუბნება ის მას, – რაც გაბადია, ვინაიდან, რასაც დაიტოვებ, იმის მონა ხარ; და მიეცი გლახაკთ, მიეცი არა მდიდარ ნათესავებს, არამედ გლახაკთ. ვგონებ, სიტყვა „მიეცი“ გამოხატავს იმ აზრს, რომ პირადი ქონება საღი მსჯელობით უნდა განკარგო და არა ისე, როგორც მოგიხერხდება. უპოვარებისას კი ადამიანს სხვა სათნოებებიც უნდა ამშვენებდეს. ამიტომ ეუბნება უფალი: და გამომყევ მე, ანუ სხვა მხრივაც ჩემი მოწაფე და მომდევარი იყავი და არა ისე, რომ დღეს გამომყვე და ხვალ – არა. ვერცხლისმოყვარე მთავარს უფალი ზეციურ საგანძურს ჰპირდება, მაგრამ მან ეს ვერ შეიძლო, რადგან ვერ შეელია მიწიერ სიმდიდრეს, რომლის მონაც იყო. ამიტომ დამწუხრდა, როცა გაიგონა, რომ უფალი მას მთელი ავლადიდების დატევებას ურჩევდა, მაშინ, როდესაც მას სწორედ ამ ქონებით დასატკბობად სჭირდებოდა საუკუნო სიცოცხლე. ჭაბუკი მთავრის წუხილი აჩვენებს, რომ იგი კეთილად მოაზროვნე ადამიანი იყო და არა – ბოროტი და ცბიერი. მისგან განსხვავებით, ფარისევლებს უფლის პასუხები კი არ ამწუხრებდათ, არამედ ასასტიკებდათ. ჩემთვის არ არის უცნობი, რომ მსოფლიოს დიდი მნათობი, წმინდა ოქროპირი მიიჩნევდა, რომ ამ ჭაბუკს სურდა ჭეშმარიტი საუკუნო ცხოვრება და უყვარდა ის, მაგრამ ამავე დროს, ძლიერი ვნებით – ვერცხლისმოყვარეობით იყო შეპყრობილი; თუმცა, არც ეს შემოთავაზებული მოსაზრებაა უადგილო, კერძოდ, მარადიული ცხოვრება მას ვერცხლისმოყვარეობის გამო სურდა.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
უფალს აქ მხედველობაში აქვს ადამიანის დამმონებელი მომხვეჭელობის ვნება და არა საკუთრივ სიმდიდრე. მარკოზ მახარებლის სიტყვებით, მოწაფეებს უფრო უკვირდათ. ეს გასაგებიცაა, რადგან სიმდიდრე ყველას იზიდავს და, რჯულის თანახმად, ის ადამიანის მიმართ ღვთის კეთილგანწყობის ნიშანია. თუმცა, ამასთან, უფალი ამბობს, რომ სიმდიდრე ძალიან დიდ წინააღმდეგობად იქცევა სასუფევლის გზაზე. იმისათვის, რომ მოწაფეები დაამშვიდოს და აუხსნას, თუ რა აზრით არის ეს სიტყვები მის მიერ ნათქვამი, მაცხოვარი ამბობს: ძნელია მდიდართათვის ღვთის სასუფეველში შესვლა.
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, „ქრისტე სიმდიდრეს კი არ განიკითხავს, არამედ სიმდიდრის მოტრფიალეთ“, ვინაიდან ადამიანის ცოდვილი ბუნებისთვის სიმდიდრე დიდი საცდურია საღვთო რჯულის აღსრულებისას.
ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
ეს ხალხური გამოთქმაა; მას დღესაც იყენებენ აღმოსავლეთში და ნიშნავს, რომ საქმე ძნელი გასაკეთებელია ან საერთოდ შეუძლებლია. ზოგიერთები „აქლემში“ მოიაზრებენ აქლემის ბეწვისგან დამზადებულ გემის ბაგირს. სხვები ფიქრობენ, რომ „ნემსის ყუნწში“ ძალიან დაბალი და ვიწრო კარი უნდა ვიგულისხმოთ, სადაც აქლემი ძლივს ძვრება. საკუთრივ სიმდიდრე საშიში არ არის, მაგრამ ის ასეთი ხდება, როდესაც ადამიანი ბედნიერი ცხოვრების მთელ იმედებს მასზე ამყარებს და ამგვარად, მისი სიმდიდრე მისივე კერპი ხდება.
ამის გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
მოციქულები მაინც ღელავდნენ და გაურკვველობით მოცულნი კითხულობდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
უფალმა ისინი თავისი მზერით დაამშვიდა (მარკ. 10:27) და უთხრა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის, რაც ნიშნავს, რომ ღვთის შემწყალებელ და მაცხოვნებელ მადლს იმის ძალა შესწევს, რისი გაკეთებაც ადამიანს საკუთარი ძალებით არ ძალუძს: ღმერთს შეუძლია, მდიდარი ადამიანი განკურნოს ცხონებისათვის ხელისშემშლე