სულთმოფენობიდან XXVII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

19 ნოემბერი (2 დეკემბერი), 2018
სულთმოფენობიდან 27-ე კვირიაკე
წირვაზე – ეფეს. 6:10-17; ლკ. 12:16-21.


წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 6:10-17

დაბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.

შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ, წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,




რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.

ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.




მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,




ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.



ჩვენ არ ვიბრძვით სისხლისა და ხორცის – ანუ ადამიანების – წინააღმდეგ, არამედ მთავრობასა და ხელმწიფებას ვეწინააღმდეგებით.
რომელ მთავრობას, რომელ ხელმწიფებას? რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის სახელმწიფოს მეთაურებზე, – წმინდა პავლე მოციქული სულ სხვა მთავრებს გულისხმობს, რასაც აქვე თავად განმარტავს: ჩვენ ვიბრძვით ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ, ე. ი. ეშმაკების, სატანის ანგელოზების წინააღმდეგ, რამეთუ მათ ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ „ამ ბნელი საწუთროს მპყრობელნი“.
ყველა სიბნელე, რასაც კი ადამიანურ ცხოვრებაში ვხედავთ, მათი ნამოქმედარია, ჰაერში გაბატონებული იმ მთავრის ნამოქმედარია, ვის შესახებაც წმინდა პავლე სხვა ადგილასაც საუბრობს (ეფეს. 2:2). ვინ არის მთავარი? ის თვით სატანაა, ეშმაკია. ის ბატონობს უამრავ გულზე და სწორედ მისი და მისი ბნელის ანგელოზების, ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ გვიბრძანებს ჩვენ პავლე მოციქული განმტკიცებას, გასალკლდევებას უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
ჰაერში გაბატონებულ ამ საშინელ მთავარს ჩვენ ვერ გავუმკლავდებით, საამისო ძალა არ გაგვაჩნია. ჩვენ რომ საკუთარი ძალების ამარა დავრჩენილიყავით, მარტო მისი ღვარძლისგან დავეცემოდით. მისთვის წინააღმდეგობის გაწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც უფლის ძალით განვმტკიცდებით.
ჩვენ უნდა შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგვეძლოს, წინ აღვუდგეთ ეშმაკის ხრიკებს. როდესც ღვთის საჭურველს შევიმოსავთ, მაშინ უკვე აღარ დავეყრდნობით საკუთარ ძალებს, მაშინ შევძლებთ ეშმაკის ხრიკებს წინააღმდეგობა გავუწიოთ. რა არის მისი ხრიკები? ყველაფერი ის, რასაც ეშმაკი ჩვენს წარსაწყმედელად იყენებს. მისი მიზანია, ღვთის რწმენას ჩამოგვაშოროს, უფლის მიერ ნაჩვენები ცხონების გზიდან გადაგვაცდინოს. ის და მისი ანგელოზები, უკეთური სულები, მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ როგორმე დაგვღუპონ. ისინი ყველა ადამიანს უგებენ მახეებს, მაგრამ, განსაკუთრებით, ქრისტიანებს გვებრძვიან. არც ერთ ჩვენგანს სატანა მოსვენებას არ აძლევს; თითოეულს გვიგზავნის ეშმაკებს, რათა მათ დაღუპვის გზისკენ გვიბიძგონ, ვნებებსა და ცოდვებს გვამსახურონ, უწმინდურებისა და ღვთის გმობისკენაც მოგვიწოდონ. ჩვენი მტრები ძლიერნი, საშიშნი და საშინელნი არიან.
ნუთუ არ გესმით, რომ ნებისმიერი მტერი მით უფრო საშიშია, რაც ნაკლებად ვფიქრობთ მასზე, რაც ნაკლებად ვაკვირდებით, მით ნაკლებად ვამჩნევთ. და პირიქით, ჩვენი მტერი მით უფრო უძლურდება, რაც უფრო მკაცრად, უფრო დაუღალავად ვაკვირდებით მის ხრიკებს, ჩვენს დასაღუპავად მიმართულ ყველა მის ქმედებასა და ჩანაფიქრს.
მაგრამ რა ეშველება იმ ურიცხვ ადამიანს, რომელსაც არასდროს უფიქრია ჰაერში გაბატონებულ მთავარზე, და არათუ არ უფიქრია, არამედ არც კი სწამს მისი არსებობისა? რა თქმა უნდა, ვისაც ღმერთი არ სწამს, მას არც ეშმაკის არსებობა სწამს და არც მისი თავდასხმები ადარდებს, შესაბამისად, არც მის საშინელ მსახურებს უფრთხის. მტერს კი სწორედ ეს უნდა, რადგან თუკი ადამიანი უზრუნველია და ღმერთი არ სწამს, სატანის შესახებაც არაფრის გაგონება არ სურს, მაშინ ამ საწყალობელს იგი ადვილად მოინადირებს. შეუმჩნეველი მტერი ყველაზე სახიფათო მტერია. ყოველი ბედკრული ქალი, რომელიც ცრუ და ავხორცია, და ყოველი ბედკრული კაცი, ვინც ხშირად თვრება, ეშმაკების – ცისქვეშეთის უკეთური სულების – იოლი ნადავლი ხდება; ასეთების საბოლოოდ დაღუპვა მათ ადვილად ხელეწიფებათ.
ისეთი უბედური ადამიანებიც არსებობენ, რომელნიც მთელი ცხოვრების მანძილზე იპარავენ, ძარცვავენ, ყაჩაღობენ, სიძვობენ, მრუშობენ და ერთხელაც არ დაფიქრებულან არც ღმერთის, არც ეშმაკის შესახებ. ასეთებისთვის სატანა თავსაც არ შეიწუხებს: ისინი თვითონ იღუპავენ თავს; ისინი იმდენად ჩაფლობილნი არიან ცოდვაში, რომ მათი ცდუნება და ცოდვაში ჩათრევა ეშმაკს არც კი სჭირდება. ეშმაკისთვის ასეთები ნაკლებ საფიქრალია, რადგან საკუთარი ნებით შეყვეს თავი მახეში.
მაგრამ რა ვთქვათ ჩვენზე, ქრისტიანებზე, რომლებსაც გვწამს ღმერთი, არც სატანის და მისი ეშმაკების არსებობაში გვეპარება ეჭვი და მოციქულის სიტყვაც გვახსოვს ჰაერში გაბატონებული მთავრის შესახებ?
ქრიტიანებს ეშმაკები ყოველდღიურად აცთუნებენ, უბიძგებენ სიძვისკენ, ანგარებისკენ, ამქვეყნიური პატივისკენ, საკუთარი ვნებებისა და ცოდვების მსახურებისკენ. და თუ ეს საწყალობლები ფრთხილად არ იქნებიან, არ ემახსოვრებათ, რომ მტერი ყოველთვის მზად არის მათ დასაღუპად, მაშინ ვაი მათ! ასეთები კი ძალიან ბევრია.
არსებობს კიდევ მესამე კატეგორიის ხალხი: კეთილმსახურნი, წმინდა განდეგილები, მუდმივად რომ ლოცულობენ და ღმერთსა და მის რჯულზე ფიქრში საკუთარ ხორცს აკვდინებენ. აი, ესენი ყველაზე მოუწყვლადნი არიან სატანისა და მისი ანგელოზებისათვის: მათ ვერ აცთუნებენ ისე, როგორც ქარაფშუტებს, დაუდევრებს, სოფლის ამაოებაში ჩაფლულთ, იმათ, ვინც მხოლოდ ძალზე იშვიათად იხსენებენ ღმერთს, ცოტას ლოცულობენ, არასდროს მარხულობენ და ღვთის ტაძრებსაც გაურბიან. ქრისტეს ამ ძლევამოსილ მხედრებთან ბრძოლა ეშმაკებს ძალიან უჭირთ. ჩვენ კი, რომლებიც სუსტები და უზრუნველები ვართ, მტერი ჩუმად, შეუმჩნევლად გვესხმის თავს, მისთვის ძნელი არ არის ჩვენი დამარცხება და ბიწიერებისკენ მიქცევა. წმინდანებთან ბრძოლა კი, რომლებმაც თავი ღმერთს მიუძღვნეს, მათ ძალიან უჭირთ.
ჩვენ შორის სუსტებსა და დაუდევრებს ეშმაკები ჩვენთვის ნაკლებად შესამჩნევი გზით ამარცხებენ; ისინი ჩვენ არასდროს გვეცხადებიან, მათ ვერ ვხედავთ, არ ვიცნობთ.
სულ სხვა მდგომარეობაა წმინდანების, დიდი მოსაგრეების შემთხვევაში. მათთვის ვერც ეშმაკები და ვერც თვით სატანა შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ვინაიდან მუდამ გულისხმისყოფით ცხოვრობენ და მოუკლებლად აკვირდებიან, თუ რას თესავენ მათ გულებში ეშმაკი და მისი ანგელოზები. ისინი კარგად ამჩნევენ ეშმაკურ ხრიკებს და მათი დამარცხება არც ისე ადვილია. მათ წინააღმდეგ მტერი ცდილობს არა ქვენა, არამედ უფრო ძლიერი ვნებების გამოყენებას, როგორიცაა: სულიერი ამპარტავნება, პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა, დიდებისმოყვარეობა.
რას აკეთებს ეშმაკი, როცა წმინდანები არ ეგებიან მის ანკესზე, როდესაც დახვეწილი და საშიში ცთუნებებით ამაოდ შვრება მათ წინააღმდეგ? ასეთ შემთხვევაში, ღვთისა და ადამიანის ცხონების მოწინააღმდეგე რისხვას ვერ იკავებს: როცა მტერი ციხესიმაგრეს უტევს, თავიდან ის ცდილობს, სამიზნეს ჩუმად მიუახლოვდეს, მაგრამ როცა ხვდება, რომ მოწინააღმდეგემ შეამჩნია და მოულოდნელი თავდასხმა აღარ ხელეწიფება, მაშინ სამალავიდან გამოდის და გაშმაგებული ეშვება ხელჩართულ ბრძოლაში. ზუსტად ასე იქცევიან ეშმაკებიც წმინდანებთან მიმართებით.
წმინდანთა ცხოვრებებში, რომლებიც ბევრ თქვენგანს წაუკითხავს, ხშირად მოთხრობილია, თუ როგორ ხილულად და უსირცხვილოდ ესხმოდნენ მათ თავს ეშმაკები. ხილულად იმიტომ უტევდნენ, რომ ვეღარ ემალებოდნენ მათ მახვილ მზერას, გამოდიოდნენ დაფარული მდგომარეობიდან, ნიღაბს იხსნიდნენ და ნამდვილი სახით ეცხადებოდნენ. ისინი ხშირად გარეული მხეცების სახითაც უტევდნენ და მზად იყვნენ, კბილებით დაეგლიჯათ მეუდანოეები; ზოგჯერ შხამიანი გველებად და საშინელ ურჩხულებად ევლინებოდნენ და თავზარს სცემდნენ მათ. ეშმაკები ძალიან ბევრ ადამიანს მოექცნენ ასე. მათ შორის მონაზვნებს, განდეგილებს, როგორც ძველი დროის, ისე შედარებით ახლო დროის მოღვაწეებსაც.
დიდ წმინდანებთან საბრძოლველად ეშმაკებს სხვა მეთოდებიც აქვთ: ისინი ზოგჯერ თვითონ კი არ ესხმიან თავს, არამედ თავად ადამიანებს აქეზებენ მათ წინააღმდეგ. მაგალითად, ღირსი სერაფიმე საროველს სატანის შთაგონებით თავს დაესხნენ ყაჩაღები, სასიკვდილოდ სცემს, დაასახიჩრეს, ნეკნი და თავის ქალა გაუტეხეს. ეს ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია. ასეთი მრავალგვაროვანია ეშმაკის მეთოდები, რომლებსაც ის სულ უფრო ხვეწს ჩვენი გულების მოსანადირებლად. ურწმუნოებისა და უდარდელების წინააღმდეგ კი მას დიდი ფიქრი და გარჯა არ სჭირდება.
აი, როგორ ბრძოლა აქვს მხედველობაში წმინდა პავლე მოციქულს, როდესაც ცისქვეშეთის უკეთური სულების, მთავრობათა და ხელმწიფებათა და ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა წინააღმდეგ გამართულ ომზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ მათთან ბრძოლისას თავი ღვთის საჭურველით უნდა დავიცვათ: ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
როგორც ბრძოლაში მიმავალი მხედარი იცვამს აბჯარს, იღებს ფარს, ჩაფხუტს და ხმალს, ასევე ყველა ჩვენგანი ღვთის საჭურველით უნდა შეიარაღდეს. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე – მხნედ დადექით წყეული ეშმაკების წინააღმდეგ და სამხედრო სარტყელის ნაცვლად, ქრისტეს ჭეშმარიტება შემოირტყით წელზე, და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
ეშამაკებისთვის ესოდენ საშინელი ეს „აბჯარი“ მხოლოდ იმათ აცვიათ, ვინც სიმართლით არიან აღვსილნი, რომელთაც მრავალი კეთილი საქმე აღასრულეს და სულიერად იღვაწეს.
წმინდა პავლე მოციქული არ გვაუწყებს არც ომზე, არც სისხლისღვრაზე, არც ძალადობაზე, არამედ – სიკეთეზე, როდესაც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დიდი წინასწარმეტყველის – ესაიას სიტყვებს იმოწმებს: „როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“ (რომ. 10:15), – მშვიდობისა და სიკეთის მახარებელთა ფეხებიც კი მშვენიერია!
ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას.
ეშმაკები მუდმივად გვიშენენ გულში ცეცხლოვან ისრებს და უამრავ ადამიანს სასიკვდილო ჭრილობას აყენებენ. ჩვენ კი მოგვეცა ფარი, ქრისტეს ჯვარი, ამ გზით აღვუდგეთ წინ ეშმაკსა და მის ანგელოზებს. ეს უფლება მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ღვთის ღრმა რწმენა და ქრისტესადმი უზომო სიყვარული მოგვიცავს. ამ ფარის წინაშე ძრწიან წყეული ეშმაკები, ძრწის მათი თავიც – სატანა.




აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.



დაიხურეთ თავზე სულიერი ჩაჩქანი – არა ტყვიისგან, არა ჭურვის ნამსხვრეებისგან თავდასაცავი, არამედ – ცხონების იმედის, ანუ იმის იმედის, რომ უფალი ჩვენთანაა და მოგვცა ჩვენ ძალა და უფლება ეშმაკის დასამარცხებლად. მაინც რა არის ეს მახვილი, რომელიც არც რკინისაა და არც ორლესულია, რომელიც არის ღვთის სიტყვა? როგორია მისი ძალა?
აი, რას ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული სხვა ადგილას: „ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს“ (ებრ. 4:12).
ღვთის სიტყვით, მტრისათვის ამ საშინელი მახვილით ჩვენ სასწაულების აღსრულება ძალგვიძს. ღვთის სიტყვა იმდენად ძლიერია, იმდენად მოქმედია, რომ ადამიანის გულებში ღრმად აღწევს და ისე შეანჯღრევს მას, რომ ცოდვასა და უწმინდურებაში ჩაფლული ღვთის სიტყვის ძალით მეყსეულად სულიერ ფერისცვალებას განიცდის.
ხომ ხედავთ, როგორი სრული საჭურველი მოგვცა ღმერთმა ეშმაკის ხრიკებისაგან თავის დასაცავად? ხომ ხედავთ, რომ უფალი არ გვტოვებს, როდესაც კეთილად ვიღვწვით? მისგან მივიღეთ სიმართლის აბჯარი, ხსნის ჩაჩქანი, რწმენის ფარი და სულიერი მახვილი – ღვთის სიტყვა. ნუთუ არ გამოვიყენებთ ამ წმინდა საჭურველს, ნუთუ იმდენ დაუდევრობას გამოვიჩენთ, რომ არ ვეცდებით, მისით შევიმოსოთ?!
როგორ შევიმოსოთ? ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ქრისტეს რწმენა და მისადმი ლოცვა, მისი წმინდა კანონებით დადგენილ სათნოებებში მოუღლელი წვრთნა; მოუკლებელი ხსოვნა ამ დაცვის შესახებ, მოშურნეობა იმისა, რომ გამუდმებით აღვასრულოთ მისი ყველა მცნება.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ღვთის სრულ საჭურველს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ ვიქნებით მარტონი: ცისქვეშეთის უკეთური სულების, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთაწინააღმდეგ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე იბძროლებს. სწორედ იმიტომ ავიდა იგი ჯვარზე, სწორედ იმიტომ დათხია თავისი ყოვლადწმიდა სისხლი, რომ ეს საღვთო საჭურველი ჩვენთვის მოეცა.
უმძიმესი სასჯელი მოგვეწევა, თუკი სიწმინდედ არ მივიჩნევთ ქრისტეს სისხლს, რომლითაც გამოსყიდულნი და განწმედილნი ვართ. ნუ იყოფინ, რომ რომელიმე ჩვენგანს მოეწიოს ეს საშინელება! დაე, ცისქვეშეთის უკეთურ სულებთან ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლაში თავად მეუფე და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე ყოფილიყოს ჩვენი შემწე, რომლისა არს ძალი და დიდება, თავისი დაუსაბამო, ყოვლადწმიდა მამასა და წმიდა სულთან ერთად. ამინ.
წმინდა მღვდელთმთავარი ლუკა ყირიმელი



წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 12:16-21

და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;

იესო ქრისტეს აქ მოჰყავს იგავი, რომლითაც აჩვენებს, რომ მომხვეჭელობა ბევრ საზრუნავსა და გულგატეხილობას იწვევს, თუმცა ოდნავადაც ვერ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ასე რომ, საბოლოოდ, მომხვეჭელობა არა მხოლოდ უგუნურებაა, არამედ საზიანოცაა. უფალი ყანას აქ მიწის ნაკვეთს უწოდებს.



17
საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?



მომხვეჭელობის სულით შეპყრობილი მდიდარი საგონებელში ჩავარდა, მან არ იცის, რა უყოს ამდენ მოსავალს და ეს შეძლებული და თავმომწონე კაცი უბადრუკი გლახაკივით გაურკვეველ, რთულ, შეურვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ურვა როგორც სიღატაკის, ისე სიმდიდრის თანამდევია. ღატაკს აწუხებს აუცილებელი სახმარის ნაკლულოვანება; არასაკმარისად გონიერ მდიდარს კი – უფრო მეტი სიმდიდრის მოხვეჭაზე ფიქრი და დარდი. შეხედე მის უგუნურებას, მას ხომ ჯერ ძველი მოსავალი უნდა დაეხარჯა გლახაკთა გამოსაკვებად, ან ახალაღებული მოსავლის ნაწილი მაინც დაერიგებინა ღატაკებისთვის, – ამით ბეღლებშიც ადგილი გამოუთავისუფლდებოდა და კარგი მოსავლისათვის მადლიერებასაც გამოხატავდა ღვთის წინაშე. მაგრამ ამაზე მას არც კი უფიქრა, რადგან ანგარებისმოყვარეობისგან გონება დაბნელებული ჰქონდა და დაიწყო ამ ვნების შესაბამის საშუალებაზე ფიქრი.

და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო–საბადებელს.
მდიდარმა დაუჯერა საკუთარი ვნებიანი გულის რჩევას და გადაწყვიტა, არავისთვის გაენაწილებინა იგი და მარტო მას ესარგებლა ამ დოვლათით; ვერ ამჩნევდა, რომ ამდენი მოსავალი გაჭირვებულთა დასაპურებლადაც მიეცა, ვინაიდან მარტო მისთვის რომ ყოფილიყო ღვთის ეს წყალობა, მაშინ იმდენი მიეცემოდა, რამდენიც მხოლოდ მას სჭირდებოდა.
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
ჰოი, კაცო, მდიდარო, შენ ბევრი ამქვეყნიური სიკეთე გაქვს, მაგრამ საიდან იცი, რომ ყველაფერი ეს რამდენიმეწლიან მარაგად მოგეცა? შენ და შენი ნაყოფიც ხომ ხრწნასა და დროს ექვემდებარებით? ამიტომ იწოდები უგუნურად.




უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს. ასე მან მდიდრის სინდისი ამხილა – იგრძნო სინდისმა სიკვდილის მოახლოება და ალაპარაკდა. შეხედე, „კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი“ (ლკ. 12:15). როგორც იგავიდან ირკვევა, უხვმა მონაგებმა მდიდარს საზრუნავი მოუმატა, მაგრამ სიცოცხლის წლები ვერ შეჰმატა. ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი? – შენ მიერ დაგროვებული ქონება საბოლოოდ შენი არ აღმოჩნდება, უფრო მეტიც, არც კი იცი, ვის დარჩება – შენს მემკვიდრეს, სტუმარს, მტერს თუ მოყვარეს, რაც, თავისთავად, წუხილს ამძაფრებს.



ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.

კერძოდ, ვის? ვინც სიმდიდრესაა მინდობილი და ღმერთის სასოება არ გააჩნია, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის. ღმრთისათვის სიმდიდრის დაგროვება კი სათნოებათა მოხვეჭაა.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი




„აზრები წლის ყოველ დღეზე“
უფალმა მოგვითხრო იგავი უეცრად დიდი მოსავლით გამდიდრებული კაცის შესახებ, რომელიც მხოლოდ განსვენებას ჭამას, სმას და მხიარულებას აპირებდა. ამისთვის იგი სიკვდილით განიგმირა და ვეღარ მოესწრო დაგეგმილ სიამეებს. იგავის ბოლოს, დასკვნის სახით, უფალი ამბობს: ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.
ვისაც გამდიდრებისას ღმერთი არ ახსოვს, ის მხოლოდ ხორციელ სიამეებზე ფიქრობს. ამიტომ თუ გინდა, ეს მწარე ხვედრი აიცილო, მაშინ გამდიდრდი ღმრთისათვის და არა შენთვის. ხოლო რადგანაც სიმდიდრე ღვთისგან გეძლევა, ამიტომ მასვე მიუძღვენი იგი და წმინდა სიმდიდრე გამოგივა. რაც ზედმეტი გაქვს, გაჭირვებულებს გაუყავი: ეს იგივე იქნება, რაც ღვთისგან მოცემულის ღვთისთვისვე დაბრუნება. ვინც ღატაკს სწირავს, ის ღმერთს სწირავს. ერთი მხრივ, თითქოსდა, ასეთი ადამიანი ხარჯავს თავის მატერიალურ სიმდიდრეს, მაგრამ სინამდვილეში მდიდრდება, მდიდრდება კეთილი საქმეებით. მდიდრდება ღმრთისათვის. მისთვის სათნო ცხოვრებით კი თვითონაც მდიდრდება ღმერთით, იზიდავს მის კეთილ ნებას და მდიდრდება უფლისგან, რომელიც მცირედში ერთგულს დიდ საქმეს ანდობს; მდიდრდება ღმრთისათვის და არა საკუთარი თავისთვის, რადგან მიღებული სიმდიდრის ბატონ-პატრონად კი არ მიიჩნევს თავს, არამედ ღვთისგან მის განმგებლად, რომლის საზრუნავიც მხოლოდ ისაა, რომ მასთან დასახმარებლად მისულები დააკმაყოფილოს, ხოლო საკუთარი თავისთვის ზედმეტის დახარჯვის ეშინია, ვინაიდან ეს ღმერთისგან მასზე რწმუნებული ქონების არამიზნობრივ გამოყენებად მიაჩნია.
წმინდა თეოფანე დაყუდებული