საკვირაო ქადაგება (24 ივნისი, 2001 წ.)

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 24 ივნისი, 2001 წ.
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი ძალიან ხშირად ეძებს სასწაულს, ყველაზე დიდი სასწაული კი თავად არის,
მისივე სულიერი და ფიზიკური ბუნება. ადამიანი იმდენად აუხსნელი არსებაა, რომ იგი
თავის თავს ბოლომდე ვერასდროს შეიმეცნებს. ადამიანის ბუნებას მრავალი მეცნიერებA
სწავლობს – ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და მრავალი სხვა, თუმცა მათ
ბოლომდე არ ძალუძთ ჩასწვდნენ – რა არის ადამიანი, როგორ არის მასში შეერთებული სული
და სხეული, რატომ კვდება იგი, როცა სული განეშორება სხეულს და მრავალი სხვა.
ადამიანი ისეთი ბუნების მქონე არსებაა, რომ იგი შეიძლება ჯოჯოხეთშიც შთავარდეს და
სასუფეველშიც აღვიდეს.

ჩვენ ძალიან ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ საკუთარი ბუნების შესწავლას. ჯერ კიდევ
ძველი რომაელები ამბობდნენ: „გნოსე დე იპსუ“ (ლათ.) – შეიცან თავი შენი. ჩვენ კი,
ნაცვლად იმისა, რომ შევიცნოთ „თავი თვისი“, უფრო მეტად სხვა ადამიანის შეცნობას
ვცდილობთ. ნებისმიერ შეცდომას ჩვენ გაცილებით ადვილად ვპატიობთ საკუთარ თავს, ვიდრე
სხვას. ჩვენში კი მხოლოდ კეთილს, მარტოოდენ დადებით მხარეს ვხედავთ, სხვაში
პირიქით, ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ უარყოფითი, ნეგატიური მხარეები. რატომ ხდება ასე?
უფალი ამბობს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. შეიძლება თუ არა, რომ
ადამიანს უყვარდეს სხვა ადამიანი, როგორც საკუთარი თავი? თურმე შეიძლება. მაგრამ
ამას დიდი სულიერი მოღვაწეობა და სულიერ კიბეზე ამაღლება სჭირდება.

ყველაზე რთული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში – ახალგაზრდობაა, როცა მოზღვავებული
ვნებები აწუხებს მას, როცა მრავალი აზრი, კეთილი თუ ბოროტი, უტრიალებს გონებაში და
ხშირად ვერ თოკავს, ვერ თრგუნავს საკუთარ თავს. სად ვეძიოთ ძალა, ყოველივე ამას რომ
გავუმკლავდეთ და როგორ მოვიპოვოთ იგი? ისევ უფალს უნდა მივმართოთ. ჩვენი დიდი პოეტი
შოთა რუსთაველი ამგვარად შესთხოვდა უფალს შეწევნას: „მომეც ძალი და შეწევნა
დათრგუნვად მე სატანისა“. ეს „ძალი“ კი არის ენერგია ღვთისა. მე არაერთხელ მითქვამს
თქვენთვის, რომ არსებობს ორი ძალა – ღვთისა და ადამიანისა. როდესაც ადამიანის ნება
ღვთის ნებას უახლოვდება, იგი ღვთაებრივი ენერგიით ივსება. თუკი ადამიანი აღასრულებს
ღვთის ნებას, ე.ი. ნება ღვთისა და ადამიანისა შეერთებულია, – ამ მდგომარეობას
სინერგია ეწოდება. ბედნიერია ის, ვინც ამ მდგომარეობას მიაღწევს. და ძალიან
საცოდავია ადამიანი, რომელიც განეზიდება ღვთისგან. საოცარია, ამ დროსაც კი არ
ტოვებს მას უფალი. მსგავსად უძღები შვილისა, რომელმაც დატოვა მამა, წავიდა შორეულ
ქვეყანაში და ყოველი ქონება თავისი იქ გაანიავა, მაგრამ მონანული კვლავ სიყვარულით
მიიღო მამამ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხშირად ტოვებს ღმერთს, თავად არასდროს
ტოვებს მას და მუდამ ელოდება, რომ დადგება ის ბედნიერი დრო, როცა შვილი კვლავ
მამისეულ სახლში დაბრუნდება და კვლავ მისი საყვარელი შვილი გახდება.

ძალიან მაწუხებს ჩვენი ახალგაზრდობის დღევანდელი მდგომარეობა, რის შესახებაც ჩემს
სააღდგომო ეპისტოლეშიც ვსაუბრობდი. დღეს ძალიან ხშირად ხდება, რომ ჩვენი
ახალგაზრდები სამშობლოს ტოვებენ და შორეულ ქვეყნებში მიდიან იმ ლუკმა-პურის
საშოვნელად, რომელიც შეიძლება აქაც იშოვნო. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ამას
წინათ ჩვენი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ეკლესიის
მრევლთან ერთად, ჩვენს შესახვედრად აქედან ჩასული ქართველობაც შეიკრიბა, უმეტესად
ახალგაზრდობა. ჩვენ ერთად მივედით ქართულ მონასტერში, რომლის მხოლოდ ნანგრევებიღაა
შემორჩენილი. მე შევეკითხე მათ, თუ რამ წამოიყვანა ისინი სამშობლოდან ასე შორს? მათ
მიპასუხეს, რომ ამის მიზეზი გაჭირვება იყო. თუმცა არ არსებობს ისეთი გასაჭირი,
ადამიანმა საკუთარ სამშობლოში რომ ვერ დასძლიოს. როგორ ხართ მეთქი – რომ ვკითხე,
როგორ ვართ და როგორც პატიმრები ციხეში, დღე მონებივით ვმუშაობთ, ღამე ვტირივართ.
სამშობლო გვენატრებაო – საქართველო.

როცა ქართველები სამუშაოდ მიდიან ამერიკაში, ევროპაში ან სადმე სხვაგან და თუ მათ
სურთ შეინარჩუნონ ქართველობა, ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება. ქართველი კაცი
ვერასოდეს გაიხარებს უცხოეთში. თუკი ქართველი კარგავს სარწმუნოებას – კარგავს
ქართველობასაც, ხოლო თუ იგი მიეცემა იმ საშინელ დინებას, რომელიც უცხოეთშია, მაშინ
ყველაფერი დასაღუპადაა განწირული – სულიც, სხეულიც, სამშობლოც, სარწმუნოებაც და
რაღა საჭიროა ასეთი მსხვერპლის გაღებით შეძენილი ქონება?

როგორც იცით, ჩვენ უფრო ადრე ვიმყოფებოდით სპარსეთში. სულ ერთი საათი დავყავით
ფერეიდნელ ქართველებთან. ან როგორ გაიგეს ასე უცებ ჩვენი ჩასვლის დროის შესახებ, ან
ასე სწრაფად ამდენი ქართველი როგორ შეიკრიბა? როცა მე მათ სიტყვით მივმართავდი,
ისინიც ტიროდნენ და ჩვენც. ეს იყო რაღაც საოცარი, არნახული რამ. ამ ოცი საუკუნის
მანძილზე ეს საქართველოს პატრიარქის პირველი ვიზიტი იყო სპარსეთში. როცა ჩვენი
მგალობლები ქართულ სიმღერას და ქართულ საგალობლებს ასრულებდნენ, საოცარ სიყვარულს
ასხივებდნენ იქაურები. მათ მხოლოდ ცრემლით შეეძლოთ გამოეხატათ სამშობლოსადმი
სიყვარული და გვეუბნებოდნენ: „ქართული მიწა დაგვიკოცნეთო“. ე.ი. იმ ადამიანებში,
რომლებიც იქ არიან დაბადებულები და არასოდეს უნახავთ სამშობლო – საქართველო, მაინც
იმდენად ძლიერმოქმედი აღმოჩნდა ქართული გენი, ქართული სული, რომ სამშობლოს
სიყვარულის სწავლა მათგან მოგვიწევს. ისინი ასე გვლოცავდნენ: „ღმერთს ებარებოდეთო!“
მე ადრეც მითქვამს თქვენთვის ამის შესახებ, ეს ძველი დროის დალოცვაა, რომელიც ჩვენ
უკვე დავივიწყეთ – იმათ კი ახსოვთ. ზოგი შემდეგ სიტყვებსაც უმატებდა: „ღმერთს
ეყვარებოდეთ!“

ჩვენ იქ ასევე მოვილოცეთ რუსული ეკლესია, რომელთანაც დაარსებულია მოხუცებულთა
სახლი. იქ ცხოვრობს ერთი 90 წლის მოხუცებული ქალბატონი, ყოფილი რუსი ოფიცრის შვილი.
იგი ირანშია დაბადებული, რუსეთი არასოდეს უნახავს, მაგრამ თავისი სამშობლოს მიმართ
ისეთი სიყვარული გამოთქვა, რომ გავოცდით. საოცრად განათლებული ქალბატონია,
რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული, იცის ოთხი უცხო ენა. მან
გვიამბო თავისი ბიოგრაფიიის შესახებ და ბოლოს, ჩვენი ახალგაზრდების გასაგონად
განაცხადა: „იცხოვრეთ სამშობლოში და ემსახურეთ თქვენს ქვეყანას“. ადამიანს,
რომელსაც არასოდეს უნახავს თავისი სამშობლო, ასეთი სიყვარული აქვს მისდამი. თუმცა
მატერიალურად არაფერი გააჩნია, ცდილობს, როგორმე რაღაც თანხა მოაგროვოს – იქნებ
ციმბირი მაინც ვნახოო, – რატომღაც ციმბირი ენატრებოდა. აი, სამშობლოს ასეთი
სიყვარული უნდა გვქონდეს ჩვენც.

ქართველი ადამიანი მხოლოდ სამშობლოშია ბედნიერი. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული
პერიოდი – კომუნისტური რეჟიმის 70 წელი, და შევეჩვიეთ, რომ შემოთავაზებულმა
ცხოვრების წესმა ადამიანი რობოტად, მანქანად აქცია, რა პროგრამასაც ჩადებ მასში –
იმას აკეთებს, რასაც ეტყვიან – იმას ასრულებს. საბჭოთა რეჟიმის დროს ამაზე მთელი
იდეოლოგია იყო აწყობილი, ადამიანს არ უნდა ეფიქრა, რასაც ეტყოდნენ და დაავალებდნენ,
ის უნდა შეესრულებინა. დღეს უკვე სულ სხვა დროა. ამჯერად თავად ადამიანმა უნდა
იფიქროს თუ რა გააკეთოს, რას ემსახუროს, როგორ მოიპოვოს ლუკმა-პური – მიწა
დაამუშაოს, ქარხანაში წავიდეს, თუ რაიმე სხვა საქმე გააკეთოს. ძალიან ხშირი
შემთხვევაა, როცა ადამიანი რაღაც საქმეს იწყებს და არ უმართლებს. ეს იმას არ
ნიშნავს, რომ ხელები უნდა დაიკრიფოს და აღარაფერი გააკეთოს. იგი აუცილებლად სხვა
გზას უნდა დაადგეს, სხვა საქმეზე გამოსცადოს თავისი თავი. თუ არც მეორე
გაამართლებს, მესამე, მეოთხე, მეათე, სულ ახალ-ახალი იდეები უნდა წარმოიშვას
გონებაში, რადგან ადამიანი მხოლოდ შრომაშია ბედნიერი.

თქვენ იცით, ღვთის მადლით, შენდება სამების ტაძარი, რომელიც გაამთლიანებს მთელ
საქართველოს. ამავე დროს, იქ იქნება დიდი საპატრიარქო მონასტერი. რომლის პირველი
წინამძღვარი, ამ დღეებში უკვე დაინიშნება. აქ მრავალი ახალგაზრდა ბრძანდებით, მინდა
თქვენ მოგმართოთ: უკვე იწყება სამების ტაძრის სვეტების, შიგნითა და გარეთა
ინტერიერის ქვით შემოსვა. ჩვენ გვჭირდება ქვის მთლელები. ქართველი კაცი მუდამ იყო
ქვაზე მუშაობის კარგი ოსტატი. გვინდა ეს ტრადიცია აღორძინდეს და ჩვენმა
სტუდენტებმა, ახალგაზრდობამ მონაწილეობა მიიღოს ქვის თლაში, ჩუქურთმების
გამოკვეთაში. უკვე გამოთლილ ქვას უკან სახელსა და გვარს დააწერთ, რაც სამუდამოდ
დარჩება ტაძარის კედელზე – ღვთის წინაშე თქვენს მოსახსენიებლად. და ეს იქნება
სასწაული. მჯერა, რომ მრავალი ათასობით ახალგაზრდა მოვა და თავის წილს გაიღებს ამ
დიდებული და საღვთო საქმის განსახორციელებლად.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამშობლო უსათუოდ გამოვა ამ მძიმე მდგომარეობიდან.
მჯერა, რომ ჩვენი ხალხი გამთლიანდება და როგორც უძღები შვილი დაბრუნდა მამის
წიაღში, ასევე ყველა აქედან წასული თავის სამშობლოს დაბრუნდება. იქნება ერთი
სამწყსო და ერთი უფალი – მწყემსი ჩვენი. ამინ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ბედნიერი პეტრე-პავლობა გაგითენოთ
ღმერთმა თქვენ და საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

დასასრულს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია
II დალოცა წმიდა ილია მართლის გიმნაზიის მასწავლებლები და მოსწავლეები.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2001 წ.