სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (18.11.2018)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ბოროტი ძალები ებრძვიან ეკლესიას. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ადამიანის მიერ შექმნილი დაწესებულება რომ იყოს, ვერ გაუძლებდა ამ ბრძოლას. ეკლესია არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომაც ამბობს მაცხოვარი, რომ ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდეს მას.“
თქვენ მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლსა და რუსეთის ეკლესიებს შორის, მაგრამ იმედი გვაქვს, პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა.
მოხარულნი ვართ, რომ წირვაში მონაწილეობას ღებულებდა მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი კირილი. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და ვთხოვთ, მსოფლიო პატრიარქს გადასცეს ჩვენი მოკითხვა და კეთილი სურვილები. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მშვიდობა სუფევდეს მსოფლიოში. მას კი დიდი სიხარულით გადავცემთ წმინდა გიორგის ხატს.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიაში, მშვიდობა იყოს ქვეყანაში და მსოფლიოში. ღმერთმა ინებოს, რომ ის არჩევნები, რომელიც ახლო მომავალში უნდა გაიმართოს საქართველოში (პრეზიდენტის არჩევნები), მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა.
დღეს ჩვენთან ბრძანდებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციას დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე. მათ შეუსრულდა 100 წლისთავი და ვულოცავთ ამ თარიღს. მათ მრავალი ადამიანი გადაურჩენიათ და ღმერთი იყოს მათი და თქვენი მფარველი.
დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ძოწენიძეებს, ლომაძეებს, ღვალაძეებს, ჭალიძეებს, ნაკანებს, კოსტავებს, წიწილაშვილებს, ნანავებს, ნოღაიდელებს და შავშიშვილებს.
და მიტრით ვაჯილდოებთ დეკანოზ მიქაელ ღვალაძეს. აქსიოს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
ჩვენთან არს ღმერთი.