სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

ა.წ. 6 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე (სეიმის მარშალი), ბატონი მარეკ კუხჩინსკი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარიუშ მაშკიევიჩი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, ქ-ნი მარია კოცი და სხვა ოფიციალური პირები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისაუბრა მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.
,,მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს თქვენთან შეხვედრის პატივი. ვთვლით, რომ საქართველო პოლონეთის გამორჩეული მეგობარია. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.“_ ბრძანა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა.
მისმა უწმინდესობამ დელეგაციის წევრებს მოკლედ გააცნო საქართველოს ეკლესიის ისტორია და ისაუბრა წმინდა გრიგოლ ფერაძის შესახებაც.
ბატონმა მარეკ კუხჩინსკიმ დასძინა: ,,ჩვენი ქვეყნები ქრისტიანულ რელიგიაზეა დაფუძნებული. პოლონეთში, ისევე როგორც საქართველოში, ქრისტიანობას უდიდესი როლი აქვს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. დღეს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს დექრისტიანიზაცია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა და შენარჩუნება.“
კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
აღნიშნული მიღება საქართველოსა და პოლონეთის დამეგობრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ეგიდით შედგა.