სულთმოფენობიდან XXIII კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

22 ოქტომბერი (4 ნოემბერი), 2018
სულთმოფენობიდან 23-ე კვირიაკე
წირვაზე – ეფეს. 2:4-10; ლკ. 16:19-31.




წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 2:4-10
მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი)
ამდენად, „ბუნებით შერისხვის შვილნი“ (მუხ. 3) ვიყავით და უსაზღვრო სიკეთის მფლობელმა ღმერთმა ჩვენი უფლის უკვდავი ცხოვრების თანაზიარი გაგვხადა. სწორედ ამას გულისხმობს მოციქული, როდესაც ამბობს: ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა. რაკი ის მკვდრეთით აღდგა, ამიტომ ამის იმედი ჩვენც გვაქვს, რადგან მასშია ჩვენი წარმატება. შემდეგ მოციქული უფრო ნათლად წარმოაჩენს ბოძებულის სიდიადეს. მადლით ხართ გამოხსნილნი. ჩვენი ცხოვრებით კი არ დაგვიმსახურებია უფლისგან მოხმობა, არამედ მისი კაცთმოყვარეობაა ჩვენი ხსნის მიზეზი.
მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში.
უფალი მკვდრეთით აღდგა, ამიტომ ჩვენც აღვდეგით სასოებით; ის მამასთან ერთად ზის, ამიტომ ჩვენც ვმონაწილეობთ ამ პატივში, რადგან ჩვენი თავი თანამოსაყდრეა, ჩვენი დასაბამი თანამეფობს, მან ჩვენი ბუნება შეიმოსა.
რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
იმ სიკეთეთა სიდიადე, რომლებსაც ვსასოებთ, ამჟამად სრულიად უცნობია ურწმუნოთათვის. თუმცა, მორწმუნენიც „ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, – „რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით“ (2 კორ. 5:7), – მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ“ (1 კორ. 13:12); მაშინ მორწმუნენიც და ურწმუნონიც დაინახავენ ჩვენგან მიღებულ და ყველა ქმნილებისათვის თაყვანსაცემ ბუნებას და თანამეუფე წმინდანებს: „თუ მასთან ერთად მოვკვდით, – ამბობს მოციქული, – მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ“ (2 ტიმ. 2:11-12).

და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.
მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით. ღვთის მადლმა მოგვანიჭა ეს სიკეთენი, ჩვენ კი მხოლოდ რწმენა შევწირეთ, თუმცა ამაშიც ღვთის მადლი შეგვეწია. სწორედ ეს აღნიშნა მოციქულმა: მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. თავისთავად კი არ მოვქცეულვართ რწმენაზე, არამედ მაშინ, როდესაც გვიხმო, ჩვენ შევუდექით. უფალს არ მოუთხოვია ახალშედგომილთაგან ცხოვრების სიწმინდე: მან მხოლოდ ჩვენი რწმენა შეიწირა და ცოდვების მიტევება გვიბოძა.
რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ.
მოციქული აქ ამბობს: შექმნილნი და ამით აღორძინებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა გვიხმო თავისი გამოუთქმელი წყალობით, ჩვენ კი დავემორჩილეთ, ვირწმუნეთ და ცხონების ღირსნი გავხდით. ნათლისღებამდე ის ჩვენგან არ ითხოვდა მოქმედ სათნოებებს, ნათლისღების შემდეგ კი მათზე ზრუნვას გვიბრძანებს, რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები: შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, რათა სიკეთით ვიაროთ. მოციქული კვლავ ახსენებს ეფესელებს წინანდელს, რათა ღვთის კეთილმოქმედების სიდიადე აჩვენოს.
ნეტარი თეოდორიტე კვირელი

სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 16:19-31
იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.
იყო ერთი მდიდარი კაცი. აქამდე უფალი გლახაკების სიყვარულს ასწავლიდა, ახლა იგავის მეშვეობით შიშს უნერგავს გულქვა და ძუნწ ადამიანებს; ის მოგვითხრობს როგორც მომავლის, ისე წარსულის ამბებს. ჯერ ხომ არ მიუღიათ მისაგებელი გარდაცვლილთ, რადგან არ შემდგარა უკანასკნელი სამსჯავრო, ამიტომ უფალი აქ ნათლად წარმოგვიდგენს, ერთი მხრივ, თუ რა მოელით სიკვდილის შემდეგ თანაგრძნობას მოკლებულთ, მეორე მხრივ, როგორი ნუგეში ელოდებათ მძიმე ცხოვრების დამთმენ გლახაკებს. სხვა რამესაც ვსწავლობთ ამ იგავიდან. მდიდარს ძოწეული და ბისონი ეცვა, ის ყველაზე ძვირფასი და ბრწყინვალე სამოსელით იმკობდა სხეულს. და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. ჭამა-სმაზე ფულს არ იშურებდა.
იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.
იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე. უფალს საძაგელი მდიდრის სახელი არ უხსენებია, რადგან ცუდი ადამიანების შესახებ ნათქვამია: „არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა“ (ფს. 15:4), გლახაკს კი, რაკი იგი შეიყვარა, უფალი სახელით მოიხსენიებს. ებრაელთა გადმოცემებზე დაყრდნობით, ზოგიერთები იმ მდიდრის სახელსაც ასახელებენ. მას ნინევია ერქვა. ამბობენ, რომ ქრისტემ ეს იგავი ცოცხალ მაგალითზე შეთხზა და აჩვენა როგორც მათი წარსული, ისე მომავალი მისაგებელი. ამით უფალი შიშს ჰგვრის ამ მდიდრის მსგავსებს და ანუგეშებს ლაზარესნაირებს. ამ გზით იმათთვისაც მოაქვს სარგებელი და ამათთვისაც.

ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.
ლაზარე ხორციელად იმდენად დაუძლურდა, რომ ძაღლებსაც ვეღარ იშორებდა თავიდან. ჰოი, რამდენი სისასტიკე და უგრძნობლობაა! ასეთ გაჭირვებულს, თანაც მის ჭიშკართან დაგდებულს, უყურადღებოდ ტოვებს ესოდენ მდიდარი კაცი! თუმცა, მეორე მხრივ, რამდენი ვაჟკაცობა და მოთმინება ჩანს ამ გლახაკში! ერთი დრტვინვა და ძვირი სიტყვა არ ისმის მის ბაგეთაგან.
მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. სტუმართმოყვარე აბრაამის წიაღში მწირი ლაზარეს ხილვა მწირთამოძულე მდიდრისთვის დიდი სამხილებელი იყო. ყურადღება მიაქციე, თუკი ცოდვილთა სულების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება იკვეთება , რადგან ნათქვამია: „უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?“ (ლკ. 12:20), მართალთა სულებს, მათგან განსხვავებით, დიდი პატივით მიაცილებენ ანგელოზები.
მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. გლახაკის შესახებ უფალს არ უთქვამს, რომ დამარხეს, რადგან ღარიბ-ღატაკთა საფლავები ხშირად უპატრონოდაა მიტოვებული. მდიდრის შესახებ კი ნათქვამია, რომ დამარხეს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, მდიდრებს ძვირფასი საფლავები აქვთ.
ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.
მახარებელი „ჯოჯოხეთს“ სასჯელის ადგილს უწოდებს. ამ იგავიდან ვსწავლობთ, რომ მომავალ საუკუნეში ცოდვილები დაინახავენ მართლებს და იცნობენ კიდეც; ასევე, მართლებიც – ცოდვილებს. როდესაც ცოდვილები მართალთა ტკბობას იხილავენ, ამით კიდევ უფრო დაიტანჯებიან, მართლები კი მათ დანახვაზე გაიხარებენ, რომ მსგავს სატანჯველში არ აღმოჩნდნენ. ისინი ერთმანეთს იცნობენ, რათა იცოდნენ, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მათი ახლობელ-ნათესავები, რომელთა შესახებაც საკუთარ სიკვდილამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ. მაგრამ მართლები მაშინ არ შესთხოვენ ღმერთს ცოდვილებისათვის, რადგან ეცოდინებათ, რომ ისინი ეშმაკმა და მისმა ანგელოზებმა განსაჯეს. და როგორც ეშმაკებისთვისაა ლოცვა ამაო, ასევეა მათთვის, – ამბობს გრიგოლ დიოლოღოსი. აი, მაშინ დატოვებს მათ ავადმყოფობა, წუხილი და გმინვა, და აღუშფოთებელი სიხარულით აღივსებიან.

შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.
შეხედე, ტანჯვამ როგორ განაბრძნო მდიდარი. ვისაც ვერ ამჩნევდა, როდესაც მის სიახლოვეს იწვა, ახლა შორიდანაც მშვენივრად ხედავს. მას არ უთხოვია ლაზარესთვის, რადგან ეჭვობდა, რომ იგი მასზე ნაწყენი იქნებოდა; სთხოვს აბრაამს, ჰგონია, რომ აბრაამს არ ეცოდინება მისი ქმედებანი. ადრე, როდესაც ლაზარე უბედურ დღეში იყო, მისთვის დამატებითი მწუხარება იყო სიუხვეში მყოფი მდიდრის ხილვა. ზუსტად ასევე, მდიდრისთვისაც, რომელიც გაუსაძლის სატანჯველში აღმოჩნდა, დამატებითი ტანჯვა იყო ლაზარეს ნეტარების ხილვა.
მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი – მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.
… გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი – მხოლოდ ბოროტი. აბრაამი არ საყვედურობს მდიდარს ლაზარეს მიმართ გამოვლენილი არაადამიანური საქციელის გამო და მშვიდად მიმართავს, რამეთუ წმინდა წერილში წერია: „განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ“ (ზირ. 4:3), და მას შვილს უწოდებს, როგორც მისი პატრიარქი და მისი დიდი მხცოვანი წინაპარი. ის კი არ ეუბნება: „შენ სიკეთე მიიღე“, არამედ – „შენი სიკეთე მიიღე“ შენსავე სიცოცხლეში, ლაზარემ კი მხოლოდ ბოროტი. სიტყვა „შენი“ ნიშნავს, რომ მან ის სიკეთე რაღაცით დაიმსახურა. აქედან სავსებით ცხადია, რომ მდიდარი, თუმც ცოდვილი იყო, რაღაც სათნოებები მას მაინც ჰქონდა, რის სანაცვლოდაც სიცოცხლეშივე მიიღო კუთვნილი სიკეთე. ასევე ლაზარეც, თუმც მართალი იყო, მაგრამ ჰქონდა რაღაც ბიწი, რის გამოც სიცოცხლეშივე ისჯებოდა. არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ძალიან ბოროტი, რომ სათნოებას სრულიად მოკლებული იყოს; და არავინ, რაც უნდა მაღალი სულიერება ჰქონდეს, ბოლომდე უბიწო ვერ იქნება. ამიტომ სიკვდილის შემდგომ ერთი შეურევნელი ბიწიერებით წარსდგა იმქვეყნად, მეორე – სიცოცხლეში მოხვეჭილი სათნოებებით.
ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენკენ გადმოვა და ვერც თქვენგან – ჩვენკენ.
ის „უფსკრულს“ უწოდებს ღვთის გადაულახავ ბრძანებას, მსგავსად იმ უფსკრულისა, რომელიც ხელს უშლის ერთმანეთთან მათ შერევას.
ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.
ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

გევედრები, მამაო... საკუთარი თავისთვის თხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, მდიდარი უკვე თავისი ძმებისთვის შესთხოვს აბრაამს. ამით იგი წარმოაჩენს, რომ თვითონაც არად აგდებს წმინდა წერილში გადმოცემულ მუქარას მომავალი საუკუნის სასჯელებთან დაკავშირებით, ამიტომ მხოლოდ გემოთმოყვარეობაზე აკეთებს აქცენტს. ის „სატანჯველს“ უწოდებს ღვთის გადაულახავ ბრძანებას, რომელიც იმ უფსკრულის მსგავსია, მათ ერთმანეთთან შერევას რომ შეუძლებელს ხდის.
უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.
უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ. იგულისხმება მოსესა და წინასწარმეტყველთა წიგნები. შენ ხომ ისე ვერ იზრუნებ შენს ძმებზე, როგორც მათი შემქმნელი ღმერთი, რომელმაც მათ უთვალავი მასწავლებელი მიუჩინა, ამიტომ მათ უსმინონ, რამეთუ კეთილმოქმედ ცხოვრებას სთავაზობენ.
ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.
ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ. ისინი მას არ უსმენენ. მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ. ისინი არ უჯერებენ წიგნებს, რადგან მათ ცოცხლები წერდნენ, მომავალი საუკუნის ცხოვრება ჯერ რომ არ ენახათ. ხოლო თუ ვინმე გაცოცხლდება და მივა მათთან, მაშინ ისინი მას დაუჯერებენ, როგორც იმქვეყნიური ცხოვრების მხილველს.
და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.
იუდეველებმა, რაკი მოსესა და წინასწარმეტყველებს არ უსმენდნენ, ამიტომ არც მკვდრეთით აღმდგართ დაუჯერეს. პირიქით, მართასა და მარიამის ძმის, ლაზარეს, მოკვლაც კი დააპირეს (ინ. 12:10), რომელიც უფალმა მკვდრეთით აღადგინა და რომელსაც შეეძლო, იმქვეყნიური ამბები ეუწყებინა.
სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი